10 დღიანი ტყვეობა დასრულებულია - რა პირობით გაათავისუფლეს ოთინაშვილი

ოქტომბერი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

10 დღიანი პატიმრობის შემდეგ მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს.ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ მაია ოთინაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევაში დამნაშავედ ცნო და ერთწლიანი პირობითი "სასჯელი“ მიუსაჯა, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით.

ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულმა მაია ოთინაშვილმა დაადასტურა, რომ 29 სექტემბერს, ოკუპანტებმა ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს. ოთინაშვილი ამბობს, რომ ხუთი დღე მან წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა, შემდეგ კი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. 

"ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ე.წ. საზღვარი მათ თავად გადმოკვეთეს. 5 დღე იზოლატორში ვიყავი და მერე გადამიყვანეს ციხეში. ორჯერ გაიმართა ჩემი სასამართლო. სამ ოქტომბერს და დღეს. ჩემი კადრები, რომლებიც გავრცელდა ოსი ჟურნალისტების მიერ, იქაური სამართალდამცველების თხოვნით მოხდა გადაღება. ამის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მითხრეს, რომ უნდა გამოჩენილიყო, რომ მე კარად ვიყავი და კადრების გავრცელების შემდეგ ვენახე სხვებს. სასამართლოზე დღეს განმიმარტეს, რომ თუ ექვსი თვის განმავლობაში ისევ დავარღვევ, ამ ერთ წელს დაემატება კიდევ ერთი წელი პატიმრობა", - განაცხადა ოთინაშვილმა.

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ მაია ოთინაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევაში დამნაშავედ ცნო და ერთწლიანი პირობითი "სასჯელი“ მიუსაჯა, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით. დე ფაქტო უშიშროების სამსახურში განაცხადეს, რომ თუ ოთინაშვილი მათ მიერ დადგენილ საკანონმდებლო ნორმებს დაარღვევს, პირობითი სასჯელის გარდა მას დამატებით ერთ წელს მიუსჯიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ოთინაშვილის გათავისუფლების პირობებზე საუბარი არ ისურვეს. აღნიშნეს, რომ პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, სპორტსმენებიც იყვნენ ჩართულნი.

"მაია ოთინაშვილის გათავისუფლება მოხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ასევე სხვა უწყებების აქტიურობის შედეგად. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში ჩართულები იყვენენ სპორტსმენებიც. რაც შეეხება ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას გათავისუფლების პირობებთან დაკავშირებით, მე ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ" - განაცხადა სუს- ის წარმომადგენელმა, თამთა გოგუაძემ.

მაია ოთინაშვილს და მის ოჯახს დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილიც შეხვდა. მინისტრი ამბობს, რომ მთავარი ამოცანა - ოთინაშვილის გათავისუფლება, შესრულებულია, თუმცა გრძელდება მუშაობა მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად. 

"ფაქტთან დაკავშირებით შეფასება მხოლოდ ერთგვარი შეიძლება იყოს - მორიგ, აბსოლუტურად უკანონო ფაქტს ჰქონდა ადგილი. მაია ოთინაშვილი ამ ადგილიდან რამდენიმე მეტრში, თავის საკარმიდამო ნაკვეთში დააკავეს. პირველი დღეების განმავლობაში კომუნიკაციის საშუალებაც კი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა მექანიზმი მყისიერად ჩაერთო.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა აპარატმა და აბსოლუტურად ყველა შესაბამისმა სტრუქტურამ, კომპეტენციიდან გამომდინარე, ხელთ არსებული ყველა მექანიზმის მობილიზება მოახდინა - ფორმალურისარაფორმალურის და მთელი ამ ერთობლიობით დღეს ეს შედეგი დადგა. ნებისმიერი მსგავსი უკანონობისას და უსამართლობისას, მთავარი, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, ისაა, რომ ადამიანი უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს. თუმცა, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ასეთი ფაქტები, რომლებიც აბსოლუტურად ამოვარდნილია სამართლებრივი ჩარჩოდან და ჰუმანურობის პრინციპებიდან, საერთოდ არ ხდებოდეს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ის, რომ ოთინაშვილის საქმეზე მიღებულ ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილებას არავინ აღიარებს, სადაო არ არის იურისტებისთვის. თუმცა, საიას გორის ოფისში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილებები მუდმივი ფსიქოლოგიური ძალადობაა საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

"ეს არის ცალსახა საკითხი, რადგან არის არაღიარებული სასამართლოს გადაწყვეტილება. ნორმალური ქვეყნის პირობებში რომ ყოფილიყო ასეთი გადაწყვეტილება, ერთი წელი პირობითი და 6 თვე გამოსაცდელი ვადა - ეს იმას ნიშნავს, რომ თუ 6 თვის განმავლობაში კარგად მოიქცევა პირი, არ დაარღვევს კანონს, არ ჩაიდენს განმეორებით დანაშაულს და ა.შ. მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა არ მიესჯება. ამ შემთხვევაში, თუ მაია ოთინაშვილმა მათი ე.წ. კანონი დაარღვია, როგორ დააკავებენ ესაა მეორე საკითხი, გადმოვლენ და აქედან წაიყვანენ თუ კიდევ შემოიპარებიან და ისევ მოიტაცებენ ადამიანს - ესაა საკითხავი. როდესაც სახელმწიფო არ არის და კანონიერმა სახელმწიფომ არ მიიღო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები იქნება მუდმივად პრობლემური. ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება. ადამიანები არიან მუდმივი ძალადობის და ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ, რაც ოკუპანტების მიერ ხორციელდება საქართველოს მოქალაქეების მიმართ", - აცხადებს ქეთი ბებიაშვილი.

სოფელ ახალი ხურვალეთის მკვიდრი მაია ოთინაშვილი საკუთარი მიწის ნაკვეთიდან 29 სექტემბერს გაიტაცეს შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა. ამ სოფლიდან ოთინაშილი მეხუთე ქალია, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი