"ომის დაწყებაზე კომენტარები შემთხვევით არ კეთდება" -დევნილთა შეფასებები გორის მერის განცხადებაზე

ოქტომბერი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნინო ჩიბჩიური

“ჩვენთან არავინ არ იყო გაფრთხილებული. აქედან რომ ესვრი, ხომ შეიძლებოდა იმათმაც გამოგიშვან იქიდან საპასუხოდ, აქ რა მოხდებოდა წარმოგიდგენიათ ხომ“? - გორის მერის ეს განცხადება ტ/კ "თრიალეთმა" გაავრცელა. სიუჟეტში კონსტანტინე თავზარაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრაა ასახული. მათი საუბრის ერთი ნაწილი კი აგვისტოს ომის თემას ეხება. 

გორის მერის განცხადებას, საომარი მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით, დღეს ის დევნილები გამოეხმაურნენ, რომლებმაც თავზარაშვილის აღნიშნული განცხადება მოისმინეს. 

"მე ერედვიდან დევნილი ვარ. კარგად მახსოვს რა ხდებოდა ხეობაში იმ დროს. ჩვენ გვკითხონ და ვუპასუხებთ, ვინ რა დროს, რა დაიწყო. გორის მერი იმეორებს სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს. ეს შემთხვევითი არ გეგონოთ, ეს არის რუსეთის თამაში და ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს, კიდევ მარიონეტები. ასეთი სიტყვების გაჟღერებით კარგად იციან, რომ შეიძლება საერთოდ დაგვეკარგოს ჩვენ მიწა-წყალზე დაბრუნების იმედი. რა თქმა უნდა, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ასახვას ჰპოვებს ოფიციალური პირებისგან გაკეთებული ასეთი განცხადებები და საბოლოოდ ჩაგვაქნევინებენ ხელს ყველაფერზე“, - ამბობს გია ქრისტესიაშვილი. 

“ყველამ კარგად ვიცით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე რამოდენიმე თვით ადრე, როგორ ისროდნენ ჩვენსკენ რუსების სამშვიდობო ჯარიდან. მე რამდენიმე ომში მივიღე მონაწილეობა და ძალიან კარგად ვიცი დეტალები. აგვისტომდე ჩვენ გვიხოცავდნენ ახალგაზრდა სპეცნაზელ ბიჭებს და ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობასაც“, - უთხრა რადიო „მოზაიკას“ პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილმა, კოტე რომელაშვილმა. 

რადიო „მოზაიკა“ გორის მერთან გამართული გუშინდელი შეხვედრის მონაწილე დევნილებსაც დაუკავშირდა, თუმცა თავზარაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დღეს მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. 

აღნიშნული განცხადების გამო კონსტანტინე თავზარაშვილი ოპოზიციამაც გააკრიტიკა. „ევროპული საქართველო“ საკრებულოში მერის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებასაც აპირებს. 

გორის მერმა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება დღეს გააკეთა. კოტე თავზარაშვილი აცხადებს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო , თუმცა საომარი მოქმედებები მისივე თქმით, ქართული მხარის პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა. 

საკითხს გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. რომელთა შეფასებით, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების მიერ გავრცელებული განცხადებები, ომის დაწყებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო დონეზე, რუსეთმა შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი