ოპოზიცია გორის მერის იმპიჩმენტს სასამართლოს ძალით ითხოვს-გადაწყვეტილება 17 ოქტომბერს აგხდება ცნობილი

ოქტომბერი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერის იმპიჩმენტის საკითხზე სასამართლო პროცესი გაიმართა. გორის რაიონულმა სასამართლომ დღეს საკრებულოს წევრის, ბექა ქორჩილავას სარჩელი განიხილა. საქმე ეხება გორის მერის იმპიჩმენტის საკითხს, რომელითაც ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროცედურო და ეთიკის კომისიას მიმართა, თუმცა კომისიამ აღნიშნული მოთხოვნა არასამართლიანად მიიჩნია. 

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე, ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ კონსტანტინე თავზარაშვილი თვეების განმავლობაში შპს “მარინის“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა და კანონს არღვევდა.

ჩვენ სრულად წარვუდგინეთ სასამართლოს დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი არის კანონდამრღვევი და თვეების განმავლობაში იკავებდა შპს “მარინის“ დირექტორის თანამდებობას, ასევე იყო ამ კომპანიის მეწილე. სასამართლომ გადაწყვეტილება 17 ოქტომბერს მიიღებს და იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და სასამართლო კანონიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს“, - განაცხადა ბექა ქორჩილავამ.

საკრებულოს თავჯდომარე, დავით რაზმაძე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ მერის იმპიჩმენტის საკითხზე შესაბამისმა კომისიამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ მერს კანონი არ დაურღვევია. მისი თქმით, სასამართლო პროცესზე საკრებულომ საკუთარი პოზიცია სწორედ ამ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგინა.

“მაგ საკითხზე კომისიამ ჩაატარა მოკვლევა და გადაწყვიტა, რომ მანდ დარღვევას ვერ ხედავდა და კენჭისყრის საფუძველზე მხარი დაუჭირა კომისიამ. ვნახოთ, ახლა სასამართლო იმსჯელებს და დაადგენს, რამდენად მართებულია საჩივარი“, - განაცხადა დავით რაზმაძემ

გორის მერის ადვოკატის, ზაზა მათოშვილის თქმით, მოსარჩელეს მოთხოვნა სამართლებრივად არასწორი იყო, რადგან ამ საკითხით არა საკრებულოს კომისიისთვის, არამედ საჯარო სამსახურის ბიუროსთვის უნდა მიემართათ.

“რომ დაედგინა საჯარო სამსახურის ბიუროს, რომ მერმა ჩაიდინა გადაცდომა, ან სრულფასოვანი ან არასრულფასოვანი, მაშინ ამ განკარგულების შემდეგ მოხდებოდა დადგენა, მერმა დაარღვია თუ არა კანონი. ამის შემდეგ შეეძლებოდათ ინიცირება გაეკეთებინათ და მიემართათ კომისიისთვის, რომ ეს საკითხი გაეტანათ საკრებულოზე, სხვაგვარად, ეს კომისია ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა,“ - განაცხადა ზაზა მათოშვილმა.

მერის იმპიჩმენტის საკითხზე საკრებულოს საპროცედურო და ეთიკის კომისიამ მიმდინარე წლის ივლისში იმსჯელა, თუმცა საკითხმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა და საკრებულოზე განსახილველად არ გაუტანიათ. კომისიის გადაწყვეტილება ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლო აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას 17 ოქტომბერს მიიღებს.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი