სოფლად მცხოვრები ქალების ერთი ჩვეულებრივი დღე

ოქტომბერი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების დღეა. სოფლად მცხოვრები ქალების უმეტესობას, ფიზიკურად შრომა ყოველდღიურად უწევს, რაც ხშირად დაუფასებელი და შეუმჩნეველია. 

83 წლის ირინე ხმიადაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში ცხოვრობს. მისი ყოველდღიურობა - სახლის საქმეა.

“დილით ავდგები, საჭმელს მოვამზადებ, სახლს დავალაგებ. შემდეგ ეზოში გავდივარ, ნაკვეთი მაქვს, ვუვლი, მოსავალი მომყავს. ხან ვთოხნი, ხან ვმარგლი. ბოსტნეული მაქვს, კიტრი, პამიდორი, სიმინდი, ყველაფერი მაქვს ბაღში. რომ არ მოვუარო, არაფერი გვექნება. სახლში რომ მოვდივარ, ქათმებს ვაჭმევ, არ შემიძლია უსაქმოდ, აი, რომ გავიდე და ქალებთან დავჯდე და ვიჭორაო. კარგად არა ვარ, მაგრამ მაინც ვშრომობ“, - ამბობს ირინე ხმიადაშვილი. 

კარალეთში მცხოვრები 52 წლის ქეთევან მელაძე წინა რესპონდენტის მსგავსად, ყოველდღიური საქმეების კეთებას დილით ადრე იწყებს. ამბობს, რომ სოფელში ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს, თუმცა ცდილობს ცხოვრებისეულ პრობლემებს შრომა დაუპირისპიროს. ქეთევანი ძირითადად მესაქონლეობითაა დაკავებული, მისი თქმით, ოჯახის შემოსავალი, სწორედ ამაზეა დამოკიდებული. 

“ძროხებს ვუვლი, საძოვრიდან რომ მოდიან, უნდა მოვწველო, შემდეგ საშინაო საქმეებს მივხედავ. ჩვენ ბავშვობა სულ სხვა რამეს გვპირდებოდა, თითქოს რაღაც პერსპექტივები ჩანდა, მაშინ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით, სულ სხვა რამის მოლოდინი გვქონდა, მაგრამ დღევანდელმა ცხოვრებამ სულ სხვა რაღაცები შემოგვთავაზა და ვცდილობთ, რომ გავუმკლავდეთ. ბავშვობაში ვოცნებობდი მასწავლებელი ვყოფილიყავი, ახლა ბავშვებს ხანდახან ვამეცადინებ. მიწას სიყვარულით ვუვლით, გვინდა რომ შედექი დავინახოთ, მაგრამ არ არის პირობები, რომ მერე ჩვენი მოსავალი გავყიდოთ“, - ამბობს ქეთევანი. 

64 მარიამ იორამაშვილი სოფელ ქემერტინადაა. ოჯახი 16 წლის ასაკში შექმნა, მისი მისი მთავრი საზრუნავი ოჯახი და სახლის საქმეა. ის ამჟამად, სკრის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. 

“ 16 წლის ვიყავი, ქემერტში რომ გავთხოვდი. შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები მყავს. ყოველდღიურად ძალიან ბევრი საქმეა, არ არის სოფელში ცხოვრება ადვილი. რეცხვა, დალაგება, პურის გამოცხობა, საჭმლის გაკეთება. ეს ყველაფერი ქალმა უნდა გააკეთოს, ზოგჯერ კაცს უფრო მეტი ჯაფა აწევს, თოხზე და ბარზე უწევს მუშაობა, ისიც ხომ ცოდოა?“, - ამბობს მარიამ იორამაშვილი. 

სოფლად მცხოვრები ქალების დღე პირველად 2008 წელს აღინიშნა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს დღე სოფლის მეურნოებაში და სიღარიბის დაძლევაში ქალების მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად დააწესა.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი