ლალი ბაიაძე ბაღში დაბრუნებას არ აპირებს, სააგენტოში კი მას კვლავ დირექტორად თვლიან

ოქტომბერი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ლალი ბაიაძე ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ბაგა-ბაღის "ინტელექტი" დირექტორმა ოფიციალური განცხადება დღეს დაწერა. იქამდე კი, ოთხი დღით ადრე, ბაღში გამოსამშვიდობებელი საღამო მოაწყო. 

ბაგა-ბაღი „ინტელექტი“ მისმა დირექტორმა დატოვა. ლალი ბაიაძე ამბობს, რომ დღეიდან ის ბაღში საკუთარ საქმიანობას წყვეტს და არც ერთ შემთხვევაში, უკან დაბრუნებას არ აპირებს.


„მე დღეს მივმართე ოფიციალური განცხადებით ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს. არ ვიცი, როდის დააკმაყოფილებს ჩემს განცხადებას, მაგრამ მე ჩემი გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს. წამოვედი ბაღიდან და უკან დაბრუნებას აღარ ვაპირებ“, - უთხრა რადიო „მოზაიკას“ ლალი ბაიაძემ.


ბაგა-ბაღის „ინტელექტი“ დირექტორმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს დაწერა. ლალი ბაიაძემ ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის სახელზე დაწერილი მიმართვა სოციალური ქსელით გაავრცელა.


,,#1 სკოლამდე აღზრდის საჯარო დაწესებულებაში განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გამხადა მოგმართოთ განცხადებით ჩემი არსებული თანამდებობის დატოვების შესახებ", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც 16 ოქტომბრით თარიღდება.

ლალი ბაიაძე მიმართვაში იმ ბრალდებასაც გამოეხმაურა, რომელიც მისი და მისი თანამშრომლების ურთიერთობას ეხებოდა.


„2002 წლიდან ვმუშაობდი აღნიშნულ ბაგა-ბაღში დირექტორად. ამ წლების განმავლობაში ბაგა-ბაღი ძლიერი გუნდით მუშაობდა. არასოდეს მომხდარა კონფლიქტი. ბრალდება, რომ ბაგა-ბაღის თანამშრომლები ჩემ გამო ტოვებენ სამსახურს, ჩემთვის ძალიან მიუღებელია. უსამართლო და შეურაცხმყოფელია. რის გამოც, მოვითხოვ სამსახურიდან გამანთავისუფლოთ", - წერია განცხადებაში.

lali baiadze gancxadebaaaa


ლალი ბაიაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება პირველად 12 ოქტომბერს გაავრცელა. 4 დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ის წერდა, რომ თანამდებობას რამდენიმე მიზეზით ტოვებდა:

ამავე თემაზე: მე არ მინდა საბავშვო ბაღს სააგენტო მართავდეს - ლალი ბაიაძე თანამდებობას ტოვებს


,,მე არ მინდა: 1. ბაგა-ბაღებს სააგენტო მართავდეს; 2. ბაგა-ბაღი უნდა იყოს დამოუკიდებელი ა(ა)იპი; და 3. ვერ წარმომიდგენია ბაგა-ბაღს შენობაში შტატით არ ყავდეს მეთოდისტი. (სხვა შტატებზე ყურადღება თქვენ გაამახვილეთ). ყველაზე მთავარი, ჩემი დირექტორობის პერიოდში სამჯერ განახლებულ ბაგა-ბაღს არ მინდა ისეთი ხელმძღვანელი ყავდეს რომელსაც დაუმსახურებელ შენიშვნებს აძლევენ! და თითს უქნევენ!", - წერდა ლალი ბაიაძე სოციალურ ქსელში.

axaliii

ამავე განცხადებაში, „ინტელექტის“ დირექტორი აღნიშნავდა, რომ თანამდებობას დღის ბოლომდე დატოვებდა. განცხადების გავრცელებასთან ერთად, მან ბაღში გამოსამშვიდობებელი შეხვედრაც გამართა - ის ჯერ მშობლებს, შემდეგ კი აღმზრდელებს დაემშვიდობა. ლალი ბაიაძის პოზიციის საპასუხოდ, დღის ბოლოს რადიო „მოზაიკას“ ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს, რომ ლალი ბაიაძეს ბიულეტენზე გასვლა სურდა. 


„სოციალურ ქსელში დაწერილი მისი განცხადება არ წამიკითხავს. მე ვნახე მისი მიმართვა, რომელიც დღეს მოიტანა სააგენტოში და ბიულეტენზე გასვლა ითხოვა. წინასწარვე ვიცოდი, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და რამდენიმე თვით მუშობის შეწყვეტა სურდა. მე მისი დღევანდელი მომართვა დავაკმაყოფილე. ის ახლა იმყოფება ბიულეტენზე და რამდენიმე თვეში, კვლავ ველოდებით სამსახურში", - გვითხრა 12 ოქტომბერს სააგენტოს დირექტორმა ლია კოვზიაშვილმა.

 

ამავე თემაზე: ბაღების მართვის სააგენტო: ლალი ბაიაძემ თანამდებობა კი არ დატოვა, ბიულეტენზე გავიდა

მას რადიო „მოზაიკა“ დღესაც დაუკავშირდა. ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ ჯერ არ იცის, დააკმაყოფილებს თუ არა ლალი ბაიძის მოთხოვნას თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.


"ლალი ბაიაძე ამჟამად იმყოფება ბიულეტენზე. დღეს მოიტანა ახალი განცხადება და თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. მე მისი განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის მაქვს 10-დღიანი ვადა. წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოთხ დღეში ქალბატონმა ლალიმ კიდევ ახალი განცხადება შემოიტანოს“, - გვითხრა ლია კოვზიაშვილმა.


მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა სუხიშვილი. მან რადიო „მოზაიკას“ უთხრა, რომ ლალი ბაიაძეს და მის ბაღს არაფერი ისეთი პრობლემა არ აქვს, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია.

„ყველა ბაღში შეიძლება არსებობდეს რაღაც პრობლემები. მთავარია, არსებობდეს სურვილი მათ მოსაგვარებლად. ამ მიზნით, ჩვენ შევხვდით კიდევ ლალი ბაიაძეს. მერი, ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი და მე ვესწრებოდით ამ შეხვედრას. ახლა ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა პრობლემებზე იყო საუბარი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ არაფერი ისეთი არ ყოფილა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია. შესაბამისად, ის რომ ლალი ბაიაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა, არაფერს ნიშნავს. განცხადების დაკმაყოფილებამდე ის ბაღის დირექტორად რჩება“, - გვითხრა ეკა სუხიშვილმა.


ოფიციალურად, ლალი ბაიაძე ამჟამად ბიულეტენზე იმყოფება. შესაბამისად, მას სამსახურში სიარულის ვალდებულება არ აქვს. დღევანდელ განცახდებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე კი, ის ბაგა-ბაღის დირექტორად რჩება. 



 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი