15 ოქტომბერი და სოფლად მცხოვრები ქალების (ხელ)საქმე

ოქტომბერი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების დღეა. ამ თარიღის აღსანიშნავად 30-მდე ქალი კარალეთის სათემო ცენტრში შეიკრიბა. მათ ერთმანეთს საკუთარი ნამუშევრები უჩვენეს.

„როცა სოფელში ცხოვრობ, ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. გინდა, თუ არ გინდა, ამას უნდა შეეგუო ან რაიმე თავშესაქცევი მოძებნო. ალბათ, ამიტომაც არის, რომ სოფლად მცხოვრებმა ქალებმა კარგად იციან ქსოვა, ქარგვა, კერვა“, - გვითხრა მაიამ. 

მას 34 წელი ახლახანს შეუსრულდა. ცხოვრების დიდი ნაწილი სოფელში აქვს გატარებული. გუშინდელ გამოფენაზე ის საკუთარ თანასოფლელებთან ერთად მივიდა. 

"სოფელში გასართობი ძალიან ცოტაა. იშვიათად თუ იმართება რაიმე ღონისძიება. კარგია, რომ 15 ოქტომბერმა ისე, ჩვეულებრივად არ ჩაიარა და ამ დღეს ქალებს ერთმანეთთან საუბრის, ერთმანეთის შექმნილი ნივთების ნახვის საშუალება მოგვეცა“. 

 

გამოფენაში მონაწილეობა სხვადასხვა დასახლებაში მცხოვრებმა 30-მდე ქალმა მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი 21 წლის ლიკა კასრაძეა. ის კარალეთში ერგნეთიდან ჩავიდა. 

“გამოფენაზე ჩამოვიტანე ნაქარგები, თოჯინა და ნაყინი. სამსახურის გამო, დიდ დროს ვერ ვუთმობ ნივთებზე მუშაობას, ამიტომ ძირითადად უფრო საღამოობით ვაკეთებ, როცა სამსახურიდან სახლში ვბრუნდები“, - გვითხრა ლიკამ. 

44254554 2075799419126517 1705062897949868032 nxzcwwr

გამოფენილი ნამუშევრები მერის წარმომადგენელმაც დაათვალიერა. იოსებ ჩალაურმა ქალის როლზე საუბრისას, თავისი მეუღლის ისტორია გაიხსენა.

“მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი მეუღლე, თბილისში ნაცხოვრები ქალი, კვირაში ორჯერ რომ სალონში დადიოდა, კარგი სამსახური ჰქონდა, მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა, ამხელა მეურნეობას გაუძღვებოდა სოფელში. მთელმა სოფელმა იცის, რომ 5 წელიწადში დიდი მეურნეობა შექმნა, გოჭი, ქათამი, ყველაფერი გვყავდა. ზოგი ამას 40 წლის მანძილზე ვერ ახერხებს, რაც ჩემმა ცოლმა შეძლო“, - აღნიშნა იოსებ ჩალაურმა. 

სოფლად მცხოვრები ქალების ყოველდღიურობაზე მარიამ თედლიაშვილმაც ისაუბრა. ის კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის ხელმძღვანელია. მარიამი ფიქრობს, რომ სოფლად მცხოვრები ქალების შრომა ხშირად შეუმჩნეველია. 

“გამოფენა მიეძღვნა სოფლად მცხოვრები ქალების დღეს, წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები. ეს დღე წარმოაჩენს სოფლად მცხოვრები ქალების შრომას და მათი შრომის დაუფასებლობას უსვამს ხაზს“, - განმარტა თედლიაშვილმა

სოფლად მცხოვრები ქალების დღის აღსანიშნავად გამოფენის მოწყობა, კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრმა “ქალთა ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით შეძლო. პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია ნოემბერში 2019 წლის კალენდარსაც გამოუშვებს, რომელზეც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 12 აქტიური ქალის მოკლე ისტორია და ფოტოები იქნება დატანილი.

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი