დატოვებს თუ არა გორის მერი თანამდებობას? - საფუძვლები და შემდგომი პროცედურები

ოქტომბერი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

უახლოს მომავალში, საკრებულომ შესაძლოა გორის მერისთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელოს. 

სასამართლო დაეთანხმა მოსაზრებას, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერი რამდენიმე თვის განმავლობაში კანონს არღვევდა. კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ შედგენილი სარჩელი რაიონულმა სასამართლომ დღეს დააკმაყოფილა. მოსამართლე დავით პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო - სამანდატო კომისიას დაევალა, დაადგინოს მერის ქმედებაში კანონის დარღვევის ფაქტი, რაც მისთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს. 

“ამ გადაწყვეტილების შემდეგ სამანდატო საპროცედურო კომისია იქნება ვალდებული, მიმართოს საკრებულოს იმის თაობაზე, რომ მერმა დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნები და დაიკავა შეუთავსებელი თანამდებობა. ამის შემდეგ, უკვე რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საკრებულო, ჩვენ იმის შესაბამისად ვიმოქმედებთ. თუ ჩავთვლით, რომ საკრებულომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, გავასაჩივრებთ სასამართლოში. თუ არადა, კანონის ფარგლებში საკრებულო ვალდებულია, შეუწყვიტოს მერს უფლებამოსილება“, - გვითხრა ლექსო მერებაშვილი. ის სასამართლოში მერის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის ავტორია. 

ამავე თემაზე: მერებაშვილი: თუ საკრებულო უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს, სასამართლოში გავასაჩივრებთ



რომელი კანონი დაარღვია გორის მუნიციპალიტეტის მერმა?

კონსტანტინე თავზარაშვილი 2018 წლის ივნისამდე შპს „მარინის“ დირექტორად ფიქსირდებოდა, რითაც არღვევდა კანონს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ.


საჯარო რეესტრის ვებ - გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, პარალელურად შპს „მარინის“ დირექტორიც იყო. თავზარაშვილი, შპს „მარინში“ 40% - იან წილს ფლობდა. ამავე კომპანიაში ფიქსირდება მისი მეუღლე, გორის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უფროსი სპეციალისტი, ქეთევან ტატიაშვილი, რომელისაც შპს ,,მარინის“ 25% ეკუთვნოდა.

ამავე თემაზე: გორის მერი თანამდებობასთან შეუთავსებელ პოზიციაზე ფიქსირდება

კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ორგანიზაციაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა, რომლის ხელმძღვანელ ორგანოშიც მისი ოჯახის წევრი საქმიანობს. ასევე განმარტებულია, რომ საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში.

კანონდარღვევის შესახებ რადიო „მოზაიკამ“ ინფორმაცია 2018 წლის 3 მარტს გაავრცელა. სწორედ ეს ინფორმაცია გახდა მერისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მოთხოვნის საფუძველი.

 

როგორ ვითარდებოდა მოვლენები სასამართლოში სარჩელის შეტანამდე?

"მაგ კომპანიის გაუქმებას წინ არაფერი უდგას. დაიწერება განცხადება და მოხდება ლიკვიდაცია. მე არანაირი შეხება არ მაქვს მაგ შპს-სთან. დირექტორად შეიძლება ვფიქსირდები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე რეალურად რამე საქმიანობას ვეწევი ამ შპს-ში“, - ეს კომენტარი კოტე თავზარაშვილმა 15 მარტს გააკეთა, თუმცა საჯარო რეესტრს ცვლილებების შეტანის თხოვნით ივნისამდე არ მიმართა.


ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ოპოზიციამ მერის მიერ კანონის დარღვევაზე რეაგირება გორის საკრებულოს საპროცედურო-სამანდატო კომისიას მოსთხოვა.


"კოტე თავზარაშვილი, რომელიც დღეს მუნიციპალიტეტის პირველი პირის თანამდებობას იკავებს, ითავსებს შპს “მარინის“ დირექტორის თანამდებობასაც. ბატონმა კოტემ განაცხადა, რომ თურმე არ ახსოვდა, რომ სხვა თანამდებობასაც იკავებდა, რაც სამწუხარო ფაქტია. ასევე, განაცხადა ამ ადამიანმა, რომ ორგანიზაციის ლიკვიდაცია მოახდინა, თუმცა, ფაქტია, მე-8 თვეა ის კანონს უხეშად არღვევს“, - ამბობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ბექა ქორჩილავა.

ამავე თემაზე: ენმ: 8 თვეა, გორის მერი კანონს უხეშად არღვევს

23 ივლისს, გორის მერის იმპიჩმენტის საკითხზე სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის კომისიის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებულმა საკითხმა, კომისიის წევრების ხმათა სათანადო რაოდენობა ვერ მოიპოვა.

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, საკითხი არასწორად იყო დაყენებული და კომისიის წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. საკრებულოს წევრებმა მიიჩნიეს, რომ კონსტანტინე თავზარაშვილს რეესტრში აღნიშნული მონაცემების გაუქმება, უბრალოდ დაავიწყდა.

კომისიის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს იურისტებმა. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის, ლექსო მერებაშვილის განცხადებით, კომისიამ კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო.

ამავე თემაზე: გორის მერის იმპიჩმენტის საკითხს საკრებულო არ განიხილავს


2 დღის შემდეგ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეთიკის, საპროცედურო და სამანდატო კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი კი ლექსო მერებაშვილმა შეადგინა. ის ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტია.

პირველი სასამართლო პროცესი 12 ოქტომბერს გაიმართა. პროცესზე გორის მერიის იურისტი, ზაზა მათოშვილი აცხადებდა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნა სამართლებრივად არასწორი იყო, რადგან ამ საკითხით არა საკრებულოს კომისიისთვის, არამედ საჯარო სამსახურის ბიუროსთვის უნდა მიემართათ.


“რომ დაედგინა საჯარო სამსახურის ბიუროს, რომ მერმა ჩაიდინა გადაცდომა, ან სრულფასოვანი ან არასრულფასოვანი, მაშინ ამ განკარგულების შემდეგ მოხდებოდა დადგენა, მერმა დაარღვია თუ არა კანონი. ამის შემდეგ შეეძლებოდათ ინიცირება გაეკეთებინათ და მიემართათ კომისიისთვის, რომ ეს საკითხი გაეტანათ საკრებულოზე, სხვაგვარად, ეს კომისია ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა“, - განაცხადა ზაზა მათოშვილმა.

მერის ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. როგორც რადიო „მოზაიკამ“ მასთან ბოლო საუბრისას გაარკვია, ის ჯერჯერობით სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაინტერესებულა.

 

 

რას აპირებენ სარჩელის ავტორები?

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გორის მუნიციპალიტეტის საპროცედურო-სამანდატო კომისიისგან სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების აღსრულებას ელოდება. მისი იურისტი ლექსო მერებაშვილი კი ამბობს, რომ "შეიძლება ითქვას, გორის მერის თანამდებობიდან გადაყენება დროის საკითხიღაა. დღეს დააკმაყოფილა სასამართლომ ჩვენი სარჩელი და დაადგინა მერის მიერ შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ფაქტი".

იმ შემთხვევაში, თუ კომისია სასამართლოს გადაწყვეტილებას გაიზიარებს, დღის წესრიგში მერისთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხი დადგება.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი