უკრაინიდან დევნილობაში - თამარა ოთინაშვილის ისტორია

ოქტომბერი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დევნილობიდან 10 წლის შემდეგაც, მშობლიურ სოფლებში დაბრუნება ათასობით ადამიანისთვის მთავარ სურვილად რჩება.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დევნილი მოსახლეობა ცხოვრებას სხვადასხვა დასახლებებში განაგრძობს. მათ შორის ერთ-ერთი სკრის დევნილთა დასახლებაა, სადაც ამჟამად 86 ოჯახი ცხოვრობს. 10 წლის წინ, ორ-ოთახიანი კოტეჯი ქემერტიდან დევნილ ოთინაშვილების ოჯახსაც ამ ჩასახლებაში ერგო.  

“უკრაინელი ვარ, მაგრამ 22 წლის მერე, ჩემს მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი. 40 წელი ქემერტში გავატარე და აგერ, მეათე წელია აქ ვცხოვრობ", - ასე იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას თამარა, რომელმაც 50 წლის წინ ოჯახი გივი ოთინაშვილთან ერთად შექმნა. 

72 წლის თამარ ოთინაშვილი ამჯამად შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს და დროის უმეტესს ნაწილს მათზე ზრუნვაში ატარებს. 

"ჩემი დიდი იმედები არიან ეს ბავშვები. გული მწყდება, რომ ჩემი შვილი ვერ უყურებს, როგორ იზრდებიან", - ამბობს თამარი, რომელსაც ვაჟი 1993 წელს, აფხაზეთის ომში დაეღუპა, - “სამხედრო პირი იყო ჩემი შვილი, სულ ვეჩხუბებოდით, ვთხოვდით წამოდი, თავი დაანებე, მაგრამ ამბობდა, მე წამოვალ, სხვა წამოვა და ქყვენისთვის ვინღა იბრძოლებსო. საქართველო მარტო სადღეგრძელო კი არ არის, მას დაცვა სჭრიდებაო. 1993 წელს დაიღუპა“.


თამარას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, სოფლის დატოვება მოუწია. ამბობს, რომ თან ვერაფერი წამოიღო.


“8 აგვისტოს გამოვედით მანქანით ქემერტიდან, ყველაფერი იქ დავტოვეთ. ვფიქრობდით, ხვალ ისევ უკან მოვბრუნდებით, დამთავრდება ყველაფერიო, მაგრამ დღეს ისევ აქ ვართ, ვაგრძელებთ ცხოვრებას. 72 წლის ქალი, ვარ მე დაბრუნების იმედი აღარ მაქვს, მაგრამ ახალგაზრდებს აქვთ და იმედი მაქვს, რომ დაბრუნდებიან.“


თამარა იხსენებს, რომ ომამდე ოს მოსახლეობასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კი ისინი კონფლიქტის სხვადასხვა მხარეებად აქცია.

“კარგი ურთიერთობა გვქონდა, ერთეულების გამო, არ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ის ცუდია ან კარგია. სამწუხაროა, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება ჩვენ არ შეგვიძლია. აქამდე ხომ კარგად ვიყავით ერთმანეთთან?!“-ამბობს თამარა ოთინაშვილი და წუხს, რომ ახალგაზრდების ნაწილს მშობლიური სოფლების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ. მისი თქმით, დაბრუნების შემთხევაში მათთვის ის გარემო უცხო იქნება, - “ზოგი ძალიან პატარა იყო, რომ წამოვიდენენ, აქ გაიაზარდნენ, დავაჟკაცდნენ, მათ საკმარისად არ აქვთ ის ემოცია და მონატრება, რაც მათ მშობლებს შეიძლება ჰქონდეთ, თუმცა ინტერესს მაინც გამოხატავენ, ყველაფერს დრო გადაწყვეტს“.

ამჟამად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ქემერტისა და იქაური ახლობლების შესახებ თამარი საკუთარ შვილიშვილებს დროდადრო უყვება. ის ამას საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ამით თავისი წვლილი შეაქვს ქართველი და ოსი ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივის შექმნაში. 

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი