ამხანაგობის სახელით აგროვებული თანხების მიზნობრიობაზე მოქალაქეთა ნაწილს კითხვები აქვს

ოქტომბერი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ საუბნო ამხანაგობების მიერ შეგროვებული თანხა, ხშირ შემთხვევაში, გაურკვევლად ქრება. მოქალაქეები ამბობენ, რომ სხვადასხვა კორპუსებში, არც ის სამუშაოები ჩატარებულა, რისთვისაც ასეულობით ოჯახმა გარკვეული თანხა გაიღო.

"კორპუსებში რემონტისთვის თანხას აგროვებენ, გაკეთებული კი ჯერჯერობით არაფერი ჩანს" - ასეთ განცხადებებს აკეთებენ გორის რამდენიმე დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც რადიო „მოზაიკას“ არსებულ სიტუაციაში გარკვევის მიზნით დაუკავშირდნენ. მათი თქმით, გასულ წელს ამხანაგობის თავმჯდომარეების მიერ კორპუსის შიდა და გარე ფასადის შესარემონტებლად თანხა აგროვდა, თუმცა მისი გახარჯვის მიმართულებაზე ინფორმაცია არ მიუღიათ. 

"ზოგს არც ჰქონდა საშუალება, მაგრამ რადგან საერთო საქმეს სჭირდებოდა, მოვიკელით და დავდეთ თანხა. ზოგ კორპუსში 30 ლარი აგროვდა, ზოგგან - 35. გააჩნია, სად რისი გაკეთება სურდათ. ამხანაგობების თავმჯდომარეები ვინც არიან, ისინი გვეუბნებიან, რომ მერიიდან თანხის ჩარიცხვას ველოდებითო. მივედით მერიაში, ვიკითხეთ ჩვენი კორპუსიდან რამე განაცხადი ან პროექტი თუ არის წარდგენილი თანადაფინანსების მიღების მიზნით, მაგრამ გვითხრეს რომ კონკრეტულად ჩვენი ბინებიდან არაფერია მათთან შესული. ჩვენი მეზობლები იტყუებიან თუ მერიის თანამშრომლები, ვერ გავიგეთ“, - აცხადებენ მოქალაქეები. 

ინფორმაციის გადასამოწმებლად მერიის თანამშრომლებს დავუკავშირდით, სადაც განმარტეს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, მერიას არანაირი კონტროლის მექანიზმი არ გააჩნია.

სადგურის დასახლებაში მერის წარმომადგენლის, მაია მთვარაძის თქმით, ამხანაგობების მიერ აგროვილ თანხაზე პასუხისმგებლობა მერიას ვერ ექნება.

"ამხანაგობა თუ შეიქმნა, თანხას აგროვებს ამხანაგობის თავჯდომარე. მერია პასუხისმგებელი ვერ იქნება. ვერც კონტროლს გაუწევს, რადგან ამაზე თავად კორპუსის მცხოვრებლებმა უნდა იზრუნონ. შესაბამისი დოკუმენტაციის შემოტანის შემდეგ, მერია თანადაფინანსებით აკეთებს იმას, რაც იმ კონკრეტული კორპუსის მცხოვრებელებს სურთ“, - ამბობს მერის წარმომადგენელი სადგურის დასახლებაში, მაია მთვარაძე.

მერიის ინფორმაციით, წელს, აღნიშნული პროგრამისთვის, 270 000 ლარი გამოიყო, რომელიც თითქმის მთლიანად ათვისებულია. 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი