საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები - შეფასებები და მოლოდინები

ოქტომბერი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში საბოლოო მონაცემებით, გორის ოლქში “ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 34, 64 % მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კი - 42, 5 %. 

რადიო “მოზაიკა“ დაინტერესდა, რა მოლოდინები აქვთ “ქართული ოცნების“ ადგილობრივ წარმომადგენლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში, თუმცა, არჩევნების შედეგების შეფასებისგან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილმა თავი შეიკავა. 

გორის ვიცე-მერმა, გელა კაპანაძემ არჩევნების შედეგების შეფასებაზე უარი თქვა და ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავჯდომარესთან, მიშა გოგინაშვილთან გადაგვამისამართა. 

“ჯერ ვერ შევაფასებ ვერაფერს, უმჯობესია მაგაზე მიშა გოგინაშვილს დაუკავშირდეთ“, -გვითხრა გელა კაპანაძემ. 

ვიცე-მერის მსგავსად არჩევნების შეფასებაზე უარი თქვა მიშა გოგინაშვილმაც

“ჯერ ვერ გავაკეთებ კომენტარს, ჯერ რაღაც საკითხებია გასარკვევი, გავარკვევთ და შემდეგ გავაკეთებ შეფასებას“, -განაცხადა მიშა გოგინაშვილმა. 

თანაპარტიელებისგან განსხვავებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ აზრი დააფიქსირა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ. დავით რაზმაძის თქმით, სახელისუფლებო გუნდი არჩევნებში ასეთ შედეგს არ ელოდა. 

“იყო შეცდომები სახელისუფლებო გუნდში. აუცილებელია ამის გათვალისწინება. ეს არ არის პიროვნული შეცდომები, ეს შეცდომები ზეგავლენას მოახდენს ქვეყნის სასიკეთო წინსვლაზე. ამიტომ, აუცილებელია სერიოზული ანალიზი და ამის მიხედვით უნდა მოხდეს გადაფასება იმისა, რაც მოხდა და რა შედეგიც მივიღეთ“, -ამბობს დავით რაზმაძე. 

გაერთიანებული ოპოზიციის რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელი, ბადრი ბასიშვილი ამბობს, რომ არჩევნების დროს მმართველი გუნდი ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდა, მისი განცხადებით ცალკეულ უბნებზე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, სწორედ ამან განაპირობა. 

“უამრავი ზეწოლა განხორციელდა ამომრჩეველზე. ის ხმები, რაც აიღო სალომე ზურაბიშვილმა, მეტი წილი იყო ძალდატანებით, მოქრთამვით, სახელისუფლებო რესურსით. ადამიანებს ემუქრებოდნენ, რომ მოუხსნიდნენ სოციალურ დახმარებას, დევნილებს ემუქრებოდნენ, რომ შეუჩერდებოდათ სტატუსი. ემუქრებოდნენ პოლიციელების ოჯახებს, სამხედრო მოსამსახურეებს და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, ქართლის მოსახლეობამ ღირსეული არჩევანი გააკეთა და მხარი არ დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს“, -განაცხადა ბადრი ბასიშვილმა. 

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებს “შენების მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოსო ვახტანგაშვილი. მისი თქმით, ისეთ პოლიტიკურ ძალას, როგორიც “ნაციონალური მოძრაობაა“, მოსახლეობის 40%-ის მხარდაჭერა, ქვეყანაში რევოლუციური ფონის შექმნის საფუძველს მისცემს. 

“იყო ძალიან დიდი ფინანსური რესურსების ხარჯვა. იყო სხვადასხვა აქტივობები მხოლოდ ამ ორი კანდიდატისთვის, (ზურაბიშვილი და ვაშაძე) ყველა დანარჩენი გარიყეს - მათ შორის “ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატიც. რეალურად იქმნება უკვე რევოლუციური სიტუაცია და ხელისუფლებას, რომელიც არის პრაქტიკულად კედელთან მიყენებული, თავისი უაზრო ქმედებებიდან გამომდინარე, მისთვის ერთადერთი ამოცანაა, რევოლუცია ააცილოს ქვეყანას“, -განაცხადა ვახტანგაშვილმა

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდა. მოსახლეობამ არჩევანი 25 კანდიდატს შორის გააკეთა. ხმათა საერთო რაოდენობის მიხედვით, პირველი ტურში გამარჯვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო. მეორე ტურში კი მოსახლეობას არჩევანის გაკეთება სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის მოუწევს

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი