დავალიანების გამო შესაძლოა დევნილებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტონ

ოქტომბერი 31 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

კარალეთის დევნილთა დასახლებაში  ბუნებრივი აირის გათიშვა იმ ოჯახებიდან დაიწყეს, რომლებსაც წლების მანძილზე დავალიანება დაუგროვდათ. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ დავალიანების გადახდას ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენჯერმე დაპირდნენ, თუმცა დანაპირები არ შეუსრულებიათ.

“სოკარ გაზის“ თანამშრომლებმა დევნილებისთვის ბუნებრივი აირის ჩაჭრა დღეს დაიწყეს, თუმცა მოსახლეობასა და კომპანიას შორის შეთანხმების მიხედვით, დევნილებს დავალიანების გადახდა ეტაპობრივად მოუწევთ. 

“შევთანხმდით, რომ გადაგვინაწილებენ ამ დავალიანებას და ისე გადავიხდით. რა ვქნათ, ხომ არ გავიყინებით ამ ზამთარში. ჩვენც კარგად გვესმის, რომ უნდა გადავიხადოთ და ჩვენი დასაფარია ეს თანხა, მაგრამ, შემოსავალი რომ არ გვაქვს, იმიტომ გვიჭირს გადახდა“, -ამბობს ერთ-ერთი დევნილი. 

საკითხის გასარკვევად რადიო “მოზაიკა“ კარალეთის თემის წარმომადგენელს, იოსებ ჩალაურს დაუკავშირდა, მისი განცხადებით, ამ საკითხზე საკმარის ინფორმაციას არ ფლობს. 

“არ ვიცი არაფერი. რაც არ ვიცი, ხომ ვერ მოგატყუებთ. არ ვფლობ ინფორმაციას, რამდენ ოჯახს აქვს დავალიანება. დარეკილი მაქვს ერედვისა თემის წარმომადგენლებთან და ისინი გაარკვევენ“, - გვითხრა ჩალაურმა. 

ოპოზიცია ამბობს, რომ დევნილთა დასახლებაში  ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი, სახელისუფლებო კანდიდატის არჩევნებში წაგებაა. “ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელი, ბადრი ბასიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ამ ფორმით დევნილების დასჯას ცდილობს. 

"არჩევნების წინ, ხელისუფლების წარმომადგენლები დადიოდნენ და დევნილ მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რომ მათ ბუნებრივი აირის გადასახადი არ ექნებოდათ. როდესაც დადგა შედეგი და აქ ხელისუფლების კანდიდატმა წააგო, უკვე მეორე, მესამე დღეს, სოკარი გაზის თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დადიან  და ოჯახებს ეუბნებიან, რომ ჩაგიჭრით ბუნებრივ აირს, თუ არ გადაიხდით“, - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა. 

კარალეთის დევნილთა დასახლებაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, დიდი და პატარა ლიახვის, ასევე, მდინარე ფრონეს ხეობიდან დევნილი 480 ოჯახი ცხოვრობს.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი