როგორ მოვიქცეთ ბავშვებთან? - ფსიქოლოგის რჩევები მოსწავლის მკვლელობით გამოწვეული ტრავმის დასაძლევად

ნოემბერი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ უმრავლეს შემთხვევაში, ბავშვებს ეშინიათ მშობლებს შეატყობინონ მათ ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნო ფაქტების შესახებ. შესაბამისად, მათ არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ საფრთხეებს. ფიქრობენ, რომ მშობლებმა და ბავშვებმა ერთად უნდა განიხილონ ყველა, თუნდაც ტრაგიკული მოვლენა.

"ჩვენ, ასაკის შესაბამისად, ბავშვებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა მოხდა რეალურად. ამ ფაქტის დამალვა ან შელამაზება, უარყოფით შედეგებს მოიტანს მომავალში", - ამბობს ფსიქოლოგი ნინო ბალოიანი.

ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ ისეთი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ, როგორიცაა გორში 9 წლის გოგონას მკვლელობა, მშობლებმა შვილებთან აუცილებლად უნდა ისაუბრონ. ამბობს, რომ მათ შორის ნდობის ჩამოყალიბებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ბავშვების სწორად ინფორმირებულობა, რათა პატარებს სამყაროსადმი უნდობლობა არ გაუჩნდეთ.

"ამ ფაქტით ბავშვებმა გაიგეს, რომ თურმე, სამყარო არ არის უსაფრთხო. მაგრამ ჩვენ ბავშვებს ისიც უნდა ვასწავლოთ, არსებობენ სანდო ადამიანები, რომლებიც მათ ხელს გაუწვდიან და ანალოგიურად თვითონაც შეუძლიათ სხვებს დაეხმარონ. უნდობლობა თუ გავუჩინეთ ბავშვებს, გამოდის რომ ვუნგრევთ მათ მშვენიერ ფანტაზიებს, ლამაზ სამყაროს. ჩვენ ეს სამყარო კი არ უნდა დავუნგრიოთ, არამედ იქ უნდა შევიტანოთ საფრთხეების საკითხი", - ამბობს ბალოიანი.

ნინო ამბობს, რომ უმრავლეს შემთხვევაში, ბავშვებს ეშინიათ მშობლებს შეატყობინონ მათ ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნო ფაქტების შესახებ. შესაბამისად, მათ არ იციან როგორ გაუმკლავდნენ საფრთხეებს.

"ბავშვს არ უნდა ეშინოდეს მშობელთან იმის თქმა, რომ მას ვიღაც ცუდად შეეხო, ცუდად მოექცა. ბავშვი მშობელს უნდა ენდობოდეს და არ უნდა ეშინოდეს, რომ ამის თქმის გამო დასჯიან. მის გვერდით თავს დაცულად უნდა გრძნობდეს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რა არის ძალადობა და რომ საჭიროა მასთან გამკლავება. გამკლავება კი იმას ნიშნავს რომ ეს უნდა თქვას ბავშვმა და რომ თქვას ამისათვის მშობელს უნდა ენდობოდეს", - გვითხრა ფსიქოლოგმა.

niininiininin fsiqologiii

ბალოაინი ფიქრობს, რომ მოკლული გოგონას კლასელებთან და ახლობლებთან ფსიქოლოგების მუშაობა აუცილებელია.

"ამ ტრაგედიის მერე ძალიან მნიშვნელოვანია კლასელებთან, იმ წრეზე სადაც დადიოდა, მის მეგობრებთან, რომ იმუშაოს ფსიქოლოგმა. ხომ წარმოგიდგენიათ ბავშვებისთვის როგორ ტრავმაა მეგობრის, თანატოლის დაკარგვა. მათ ყველას შეეშინდებოდა და იფიქრებდა, რომ სამყარო ჩამოენგრათ, ცამ და ცხოვრებამ სილამაზე დაკარგა. მათ აუცილებლად ესაჭიროებათ მიხედვა", - ამბობს ფსიქოლოგი და აქვე ამატებს, ადამიანების უმრავლესობა, პრაქტიკულად, არ ცდილობს პრობლემების შემთხვევაში დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართოს.

"სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ფსიქოლოგის მომსახურების კულტურა თითქოს გაჩნდა, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის. ხალხი ჯერ კიდევ თვლის, რომ ფსიქოლოგთან გადახდილი თანხა ჰაერში გაფანტულია, რადგან ბავშვს რომ მოიყვანენ, ორ შეხვედრაში, სწრაფად სჭირდებათ შედეგი. საზოგადოებაში დღეს ასეთი განწყობაა, 100-დან 97% წავა ნევროპათოლოგთან შფოთვების, ძილის დარღვევების გამო და არ წავა ფსიქოლოგთან. დალევენ წამლებს, რომელიც ძილს მოჰგვრის, მაგრამ ეს მთავარ პრობლემას ვერ მოაგვარებს".

ფსიქოლოგს ასევე მიაჩნია, რომ განათლების სისტემაში არის გარკვეული ხარვეზები, არ არსებობს პედაგოგებსა და აღსაზრდელების მშობლებს შორის ეფექტური კომუნიკაცია. ამბობს, რომ ბავშვის ცხოვრებაზე პასუხისმგებელია როგორც მშობელი, ისე პედაგოგი.

"პედაგოგი მხოლოდ იმიტომ არ ხარ, რომ რომელიმე კონკრეტული საგანი ასწავლო. უნდა დარეკო და გააკონტროლო, მოიკითხო. დავუშვათ, ბავშვი ჩართულია პროსტიტუციაში, ან ნარკომანიაში, წავიდა სკოლაში, ცეკვაზე ან სხვა წრეზე, მაგრამ იქ არ მიდის და სინამდვილეში ე.წ. პლანს ეწევა, არ უნდა დარეკოს სკოლამ? მასწავლებელმა? ამ ტრაგიკულმა ფაქტმა გვაჩვენა, რომ საჭიროა უფრო კარგად ვაკონტროლოთ საკუთარი შვილი სად მიდის და სად რჩება“, - ამბობს ფსიქოლოგი.

 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი