გორელი დეპუტატების და ბიზნესმენების დახურული შეხვედრა რესტორანში

ნოემბერი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ბიზნესმენები და დეპუტატები დღეს ერთმანეთს რესტორან „იმპერიალში“ ხვდებიან. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ სტუმრებთან ერთად, მასპინძელიც ადასტურებს, თუმცა კითხვას - რა მიზნით იკრიბებიან ისინი? - ყველა მათგანი განსხვავებულად პასუხობს.

მათთან საუბრისას, შეხვედრის ორგანიზატორად ნაწილი - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიხეილ გოგინაშვილს, ნაწილი კი რესტორან „იმპერიალის“ მფლობელ მერაბ ქუჩუკაშვილს ასახელებს.

ინფორმაციისთვის, მერაბ ქუჩუკაშვილმა მმართველი პარტიის მიერ მხარდჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 15 000 ლარი შესწირა.

„არჩევნებზე უნდა დავილაპარაკოთ. პრობლემებზე. მაგ რესტორანში არის ამისთვის საჭირო სივრცე და იქ უნდა შევხვდეთ. ახლა ველოდები, რომ ზუსტი დრო მომწერონ. მე როგორც ვიცი, მიშა გოგინაშვილი აგვარებს მაგ საქმეს“, - გვითხრა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ.

შეხვედრის ორგანიზატორობას უარყოფს მიხეილ გოგინაშვილი. როგორც მან რადიო „მოზაიკას“ განუმარტა, ეს არის თვითორგანიზებული შეხვედრა, რომლის სტუმრები ხელისუფლებაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან.

„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მე არ ვარ ჩართული მაგ საქმეში. როგორც ვიცი, ადამიანები საკუთარი ინიციატივით იკრიბებიან, რათა ბოროტების დაბრუნება არ დაუშვან“, - გვითხრა მიხეილ გოგინაშვილმა.

არჩევნებზე საუბარს შეხვედრის ერთ-ერთ მიზეზად არ განიხილავს კიდევ ერთი სტუმარი, გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტატი დეპუტატი თენგიზ ხუბული.

„ჩვენ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და ზოგადად პრობლემებზე ვისაუბროთ. ასეთი შეხვედრა დღესაც იქნება და არჩვენების მერეც. ახლა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, არჩევნები არაფერ შუაშია. დახურულია ეს შეხვედრა, ჟურნალისტები ვერ დაესწრებით“, - გვითხრა ხუბულურმა.

შეხვედრას არაფორმალურ ვახშმად მოიხსენიებს რესტორან „იმპერიალის“ დირექტორი მერაბ ქუჩუკაშვილი. ის ამბობს, რომ დღეს უბრალოდ საკუთარ რესტორანში მეგობრებთან ერთად ქეიფს გეგმავს.

„არაფერი შეხვედრა არ არის. რა დეპუტატები, რის დეპუტატები? უბრალოდ უნდა დავსხდეთ და ვიქეიფოთ“, - გვითხრა ქუჩუკაშვილმა.

დღეს, 17:00 საათზე დაგეგმილი შეხვედრის შესახებ საქმის კურსშია რესტონის მომსახურე პერსონალი. ერთ-ერთი მათგანის თქმით, სტუმრებმა სივრცე „იმპერიალის“ დირექტორთან, სატელეფონო საუბრით დაჯავშნეს და ამისთვის ფული არ გადაუხდიათ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი