მოსწავლეების, პედაგოგების და მშობლების შეხვედრა ფსიქოლოგთან

ნოემბერი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნინო ჩიბჩიური

ძალადობა ბავშვზე, ბულინგი და მათი თავიდან აცილების გზები - ეს იყო შეხვედრის ძირითადი თემები, რომელთა განხილვა დღეს გორის წმ. გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმში მოეწყო. მშობლები, პედაგოგები მოსწავლეები ორი საათის განმავლობაში ფსიქოლოგის რჩევებს ისმენდნენ და მისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებსაც იღებდნენ.

სკოლის სასწავლო ნაწილი, ლანა ფერაძე ფიქრობს, რომ სამივე რგოლის ერთად დასწრება მსგავს ღონისძიებაზე უფრო მეტად ეფექტის მომტანი იქნება.

"ტრენინგის ფორმატი ძალიან საინტერესოა, რადგან შერეული ჯგუფია, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ერთად ისმენენ ფსიქოლოგისგან მათთვის აქტუალურ თემებზე ინფორმაციას. აუცილებელია, სამივე რგოლი ჩართული იყოს ასეთ აქტივობებში, რადგან ერთობლივი ძალებით იქნას აღმოფხვრილი ის პრობლემები, რაც, სამწუხაროდ, დღეს ისევ არსებობს", - აღნიშნა ლანა ფერაძემ.

ფსიქოლოგმა ელენე სამუშიამ საკუთარი 10 წლიანი მუშაობის პერიოდი მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, მოზარდებისთვის დამახასიათებელი პრობლემები რადიკალურად განსხვავებულია წინა პერიოდის მოსწავლეთა აქტუალურ საკითხებთან შედარებით. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში წინა პლანზე სულ სხვა საკითხები წამოიჭრა, რომელთა გადალახვა მოსწავლეს, ოჯახისა და პედაგოგების ხელშეწყობის გარეშე, გაუჭირდება.

"ჩვენი საუბრის თემა ეხებოდა ბულინგისა და ძალადობის დაძლევის ფორმებს. მაგრამ, შეხვედრის მონაწილეებმა წამოჭრეს სხვადასხვა აქტუალური და მათთვის საინტერესო საკითხები, რაზეც სწორედ ფსიქოლოგის აზრის მოსმენა და რჩევები სჭირდებოდათ. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის პარალელურად ოჯახშიც ხდებოდეს ბავშვისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება და მათთვის საინტერესო საკითხების განხილვა, რაც, სამწუხაროდ, ეს დღეს ნაკლებად ხდება", - გვითხრა ელენე სამუშიამ.

პედაგოგის, ნინო ბორჯიძის თქმით, დღეს მოზარდებში პრობლემები ძირითადად ოჯახის სოციალურ ეკონომიკური პირობებითაა განპირობებული. მისივე ინფორმაციით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მოსწავლეების ნაწილი დღეს მშობლების გარეშე იზრდება.

"დღეს მოზარდები თითქმის მარტო იზრდებიან. მათი მშობლები, უხეშად რომ ვთქვათ, საშოვარზე არიან საზღვარგარეთ წასულები და ბავშვებს შეიძლება არ აკლდეთ ტანსაცმელი, საჭმელი, კომპიუტერი, პლანშეტი, მაგრამ აკლიათ სითბო და სიყვარული, რომელსაც ჩვენთან ეძებენ", - ამბობს პედაგოგი ნინო ბორჯიძე.

ტრენინგი ქალთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მოეწყო, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტში კარალეთის ქალთა სოლიდარობის ფონდი ახორციელებს. ორგანიზაციის წარმომადგენელი, მარიამ თედლიაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი შეხვედრა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად მოსწავლეებსა და მშობლებში გაჩენილ უარყოფით განცდებსაც ეხმაურება. 

შეხვედრას 9 წლის გოგონას მკვლელობის საკითხის განხილვის გარეშე არ ჩაუვლია. მარიამ ავოიანი ამბობს, რომ მოსწავლეებში აღნიშნულმა ტრაგედიამ გარკვეული შიში გააჩინა. 

მომხდარმა შემთხვევამ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენისკენ უბიძგა მშობლებსაც. ზოია ბიძინაშვილი ფიქრობს, რომ მოზარდმა ადრეული ასაკიდანვე უნდა გააცნობიეროს საკუთარი უფლებები და ძალადობის თავიდან აცილებისთვის არსებული მექანიზმები.

შეხვედრის დასასრულს მშობლები აღნიშნავდნენ, რომ ფსიქოლოგი მოსწავლეებთან რეგულარულად უნდა მუშაობდეს. მათი აზრით, მოსწავლეებს განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში სჭირდებათ სპეციალისტთან საუბრები და კომპეტენტური პირებისგან საჭირო რჩევების მიღება.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი