დღეები, როცა გორელი მაღალჩინოსნები მოქალაქეებს იღებენ

ნოემბერი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მოქალაქეები რეგულარულად მიმართავენ ხელისუფლების წარმომადეგნლებს. გორის მუნიციპალიტეტის მერი, გუბერნატორი და დეპუტატი მოქალაქეებს პირადადაც ხვდებიან.

გორის მუნიციპალიტეტის მერსა და შიდა ქართლის გუბერნატორს მოქალაქეთა მიღებისთვის კვირაში ერთი დღე აქვთ. მათთან შეხვედრის მსურვლებს მიღებაზე ჩაწერა წინასწარ შეუძლიათ. 

მოქალაქეთა მიღების საათები გორის მუნიციპალიტეტის მერს, კვირაში ერთხელ, აქვს. გარდა ამისა, მერიის ვებგვერდზე მოქალაქეებს მერთან მიღებაზე ჩაწერა ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ. კონსტანტინე თავზარაშვილი მოსახლეობას ოთხშაბათს, დღის 2 საათიდან იღებს. მისი თქმით, მას ძირითადად სოციალური პრობლემებით მიმართავენ.

“ძირითადად, სოციალური პრობლემებით მოდიან, ბინების პრობლემა აქვს ბევრს. საცხოვრებელი ფართით გვთხოვენ დაკმაყოფილებას. ყველა მოქალაქეს, ვინც კი მოდის, პირადად ვესაუბრები. ძალიან ბევრია, ვისაც საცხოვრებელი არა აქვს. მოგეხსენებათ, ჩვენ გამოგვითავისუფლდა ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა და კომისიამ იმუშავა, ყველას, ვისაც ეკუთვნის, მიაკუთვნეს საცხოვრებლები და ნელ-ნელა შეგვყავს ეს ხალხი“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მსგავსად მოქალაქეების მოსასმენად ერთი დღე აქვს გამოყოფილი შიდა ქართლის გუბერნატორსაც. გიორგი ხოჯევანიშვილი მოქალაქეებს ხუთშაბათობით ხვდება.

“ეს დღე მხოლოდ მათ ეთმობა, დილის 09:00-დან. შიდა ქართლის გუბერნატორმა დანიშვნის დღიდან დღემდე 100-მდე მოქალაქეს უკვე მოუსმინა და კონკრეტულ თემებზე, კომპეტენციის ფარგლებში, უკვე დაწყებულია მუშაობა, რათა მოქალაქეების საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდეს. გარდა ამისა, თავად გუბერნატორიც, კვირაში რამდენჯერმე მიდის სხვადასხვა სოფელში და ადგილზე ეცნობა იქ არსებულ საჭიროებებს”, - გვითხრეს გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

გორის მუნიციპალიტეტის დეპუტატს მოქალაქეებთან შესახვედრად კონკრეტული დღე არ აქვს. თენგიზ ხუბულურის თქმით, ბიუროში დაინტერესებულ მოქალაქეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია მისვლა. დეპუტატის ბიუროში 5 თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც მოქალაქეებს ზეპირ სიტყვიერ კონსულტაციას უწევენ და მათი განცხადების საფუძველზე, შესაბამის სამსახურებს წერილობით მიმართავენ.

“ბიურო ყოველდღე მუშაობს. მოქალაქეები ძირითადად ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხებით მოდიან. დილიდან, სამუშაო საათების დასრულებამდე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს ბიუროში. ამ დროისთვის დაახლოებით 2000-მდე წერილი მაქვს გაგზავნილი“, - ამბობს თენგიზ ხუბულური.

მიმდინარე წლის ივნისში რადიო "მოზაიკას" მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ბიურომ 400-ზე მეტ მოქალაქეს გაუწია დახმარება. ამას გარდა, დეპუტატების ინიციატივით, მათი ბიუროები, მოქალაქეების უფასო სამედიცინო გამოკვლევებს პერიოდულად უზრუნველყოფენ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი