სათემო ცენტრი, რომლითაც დევნილები ვერ სარგებლობენ

ნოემბერი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

კარალეთის დევნილთა დასახლებაში არსებული სათემო ცენტრი თითქმის ორი წელია კერძო პიროვნებას იჯარით აქვს გადაცემული. მოიჯარე ფართს კომერციული დანიშნულებით იყენებს და ცეკვის სტუდია აქვს გახსნილი.

დევნლები ამბობენ, რომ სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას სათემო ცენტრში ვერ ახერხებენ, რადგან ცეკვის გაკვეთილების ჩატარების შემდეგ, შენობას სტუდიის ხელმძღვანელი კეტავს. კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ნაზი ბერუაშვილი ამბობს, რომ დევნილებს სათემო ცენტრის გამოყენების საშუალება არ ეძლევათ.

“იჯარით აქვს აღებული ერთ-ერთ პიროვნებას, რომელიც ცეკვას ასწავლის. დევნილებს საშუალება არ ეძლევათ, საჭიროებისამებრ გამოიყენონ ეს შენობა. შესვლის უფლებას არც ერთ დევნილს არ აძლევს, თუ შეგვიშვა, მაშინ ფული უნდა გადავიხადოთ. თავის დროზე ეს ცენტრი დევნილებისთვის ააშენა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მაგრამ რეალურად ჩვენ ვერ ვსარგებლობთ“, - ამბობს ნაზი ბერუაშვილი.

ერთ-ერთი დევნილის თქმით, კარალეთის სათემო ცენტრში თითქმის ორი წელია არც ერთი პროექტი არ განხორიცელებულა.

“ფაქტია, რომ უკვე დიდი ხანია, კარალეთის სათემო ცენტში არანაირი პროექტი აღარ ხორციელდება, იმიტომ, რომ შენობა დაკავებულია. მაგალითად, ერთ-ერთმა არასამთავრობომ უკვე დაიწყო სხვადასხვა ჩასახლებებში პროექტი  - ხურვალეთში, ბერბუკში, შავშვებში, მაგრამ კარალეთის დევნილთა დასახლებაში ეს ვერ მოხერხდა“, - ამბობს დევნილი.

დევნილები ამბობენ, რომ ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობითაც მიმართეს. ისინი მერს ამ საკითხით პირადად დაინტერესებას სთხოვენ. კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, სათემო ცენტრის მოიჯარეს დევნილებისთვის შენობის გამოყენების აკრძალვის უფლება არ აქვს.

“რა თქმა უნდა, ამ პიროვნებას იჯარით როცა აქვს აღებული, ჩვენ ვერ შეუწყვეტავთ, მაგრამ ამ შენობით სარგებლობის უფლება ყველა დევნილს აქვს. ჩემთვის არ იყო ცნობილი, თუ ასეთი პრობლემა ჰქონდათ. ახლა დაუმთავრდა ხელშეკრულების ვადა და როცა ახალ ხელშეკრულებას დავუდებთ, მაგ პირობასაც ჩავუდებთ აუცილებლად, რომ საჭიროების შემთხვევაში დევნილებმა ისარგებლონ სათემო ცენტრით“, - გვითხრა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

დევნილთა დასახლებებში სათემო ცენტრები 2008 წლის ომის შემდეგ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით ამოქმედდა. უმეტეს მათგანში, არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებენ, გამონაკლისი მხოლოდ კარალეთის დევნილთა დასახლებაში არსებული სათემო ცენტრია.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი