საჯარო მოხელეები და სავალდებულო სამხედრო სამსახური

ნოემბერი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მომუშავე 139 მამაკაციდან სავალდებულო  სამხედრო სამსახური 77 მათგანს არ გაუვლია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო გაწვევისგან მერიის მხოლოდ 4 თანამშრომელია გათავისუფლებული.

გორში მცხოვრები მურმან კაპანაძე სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2013 წელს გაიწვიეს. ჯარში გაწვევის გადავადებისთვის მას 2000 ლარის გადახდა მოსთხოვეს.  კაპანაძემ თანხა ვერ იშოვა, ამიტომ ერთი წელი თავდაცვის სამინისტროს ერთ - ერთ ქვედანაყოფში გაატარა. ამბობს, რომ მისგან განსხვავებით, სამხედრო გაწვევა  მის ბევრ ნაცნობს არ შეხებია.

"ბევრი ჯარისკაცი ჩვენთან ისეთი იყო, რომ ეტყობა, მაგრად გაუჭირდათ ხალხის შოვნა და როგორღაც შეავსეს. მე, პირადად ვნახე ამის მაგალითები. კანონი თუ კანონია, ყველას უნდა შეეხოს თანაბრად.  რატომ უნდა ვიმსახურო მე და დავუშვათ, ვიღაც ჩინოვნიკმა ან მისმა შვილმა - არა", - ამბობს კაპანაძე.

კარალეთის სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური თორნიკე ბროლაძემ. სანამ ჯარში გაიწვევდნენ, თორნიკე ერთ - ერთ სააქციო საზოგადოებაში მენეჯერის მოვალეობას ასრულებდა. ამბობს, რომ გაწვევისგან თავის დასახსნელად კომისარიატში, როგორც ერთ - ერთი შეუცვლელი თანამშრომლის, სამსახურისგან სარეკომენდაციო წერილიც წარადგინა, თუმცა უშედეგოდ.

"მაშინ მე უკვე მენეჯერი ვიყავი და საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა მეკავა. როცა სამხედრო სამსახურში გამომიძახეს, ყველანაირად ვეცადე, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე. კი, არ ვთვლი ამ პერიოდს უქმად დახარჯულ დროდ, მაგრამ რეალურად, ჯარში მსახურობის ერთმა წელმა საკმაოდ დამწია უკან", - გვითხრა თორნიკემ.

AVG-1516981040

თორნიკე ბროლაძისგან განსხვავებით, გაუმართლა საჯარო სამსახურების რამდენიმე ათეულ თანამშრომელს. მაგალითად გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მომუშავე 139 მამაკაციდან, სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გაუვლია 77 თანამშრომელს. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 53 საჯარო მოსამსახურეს არ უმსახურია სამხედრო სამსახურში და აღრიცხვაზე არ იმყოფება 20 თანამშრომელი. დოკუმენტის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯარში არ გაიწვიეს მერიის მხოლოდ 4 თანამშრომელი.

გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა, სავალდებულო სამხედრო სამსახური საბჭოთა  არმიაში გაიარა. მას მიაჩნია, რომ სამხედრო გაწვევა ყველა ჯანმრთელ მამაკაცს უნდა შეეხოს.  მერმა არ იცის, მისმა 77 - მა თანამშრომელმა რატომ არ გაიარა სამხედრო სამსახური, თუმცა გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ გამწვევ კომისიას საჯარო მოხელეები სხვა მოქალაქეებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩაეყენებინა.

"მე ვთვლი, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყველა მამაკაცმა უნდა იმსახუროს, ვისაც, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა უწყობს ხელს. თუ რატომ არ გაიარეს მათ სამხედრო სამსახური, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. თავად მე, გავლილი მაქვს. კატეგორიულად გამოვრიცხავ იმ ფაქტს, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში იყვნენ ჩაყენებულნი მერიის თანამშრომლები", - ამბობს გორის მერი.

ვალერი რევაზიშვილი გორის სამხედრო გაწვევის და აღრიცხვის სამსახურის უფროსია. 42 წვევამდელი სავალდებულო სამხედრო სამსახურში მან ხვალ უნდა გაგზავნოს.  წვევამდელთა რიგებში საჯარო მოხელეები არ იქნებიან. გაწვევის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ჯარში გაწვევის უწყებას ყველა იმ პირს უგზავნის, რომელიც, ასაკის მიხედვით, ვალდებულია სამხედრო სამსახურში იმსახუროს.

"პრივილეგირებულ მდგომარეობაში არავინ არაა. არც საჯარო მოხელე და არც - სხვა. ყველას ვუგზავნით გაწვევას. შემდეგ, კომისიაზე, რა ხდება, ეგ უკვე აღარ ვიცი. გამოგვიძახებია მერიის თანამშრომლები, მაგრამ ზოგს ცნობა ჰქონია და ზოგს ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, რომ ჯარშიც წასულან. რომლებიც არ არიან ჯარში ნამყოფი, შესაძლოა, გახდნენ 27 წლის და ჩაირიცხნენ რეზერვში. ზოგი შეიძლება ჩვენთან არაა აღრიცხვაზე", - ამბობს რევაზიშვილი.

cms-image-000030351

სამხედრო - ანალიტიკური ჟურნალის, „არსენალის“ მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის აზრით, კანონში „საჯარო სამსახურის შესახებ“, უნდა იყოს მითითებული, რომ მაღალ თანამდებობებზე დანიშვნისას, კონკრეტულ პირს უნდა ჰქონდეს გავლილი სავალდებულო სამხედრო სამსახური.

"ჩინოვნიკებს, რომლებიც ინიშნებიან მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე,  სასურველია, რომ ჰქონდეთ გავლილი სამხედრო სამსახური. მათ თუ უნდათ ასეთი უწყებებში მუშაობა, კეთილი ინებონ და გაიმეტონ ერთი წელი, 6 თვე ქვეყნის თავდაცვის სამსახურისთვის", - ამბობს ალადაშვილი. 

ირაკლი ალადაშვილს ასევე მიაჩნია, რომ სავალდებულო გაწვევა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში უნდა ხდებოდეს იმ მოტივით, რომ აღნიშნული უწყების ქვედანაყოფებში წვევამდელები გადიან იმავე პროგრამას, რასაც საკონტრაქტო არმიის ჯარისკაცები. მაგალითად სასჯელაღსრულების სამინისტროს, მისივე თქმით, მსგავსი პროგრამა არ გააჩნია.

"თავდაცვის სამინისტრომ ბოლო ერთი წელია დაიწყო BCT პროგრამით ახალწვეულების მომზადება. ესაა პროგრამა, რასაც გადიან იგივე ადამიანები, ვინც ოთხწლიან კონტრაქტს დებენ.  ახლა უკვე ვეღარავინ იტყვის, რომ აი, მე, იარაღი არ მჭერია ხელში, სროლა არ ვიცი და ა.შ. სასჯელაღსრულებაში, ასე არაა. იქ კონტრაქტით უნდა აიყვანონ ადამიანები ობიექტების დასაცავად და არა წვევამდელები მიიყვანონ", - აცხადებს ალადაშვილი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უწყებები, შეიარაღებულ ძალებში დაახლოებით 6000 ადამიანს იწვევენ. გაწვევა წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტარდება.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი