პირველ ტურში დამარცხებული კანდიდატების პლაკატები - როდის ჩამოხსნიან სააგიტაციო მასალას 

ნოემბერი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

გორის ქუჩებში შენობებზე, ღობეებსა თუ კედლებზე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი სააგიტაციო მასალა ისევ გამოკრულია. პირველი ტურის შემდეგ დამარცხებული კანდიდატების სააგიტაციო მასალას მთელ ქალაქში შეხვდებით.

არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატების გარდა, ქალაქში, ძირითადად, “თავისუფალი დემოკრატების“ - დავით უსუფაშვილისა და “ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის სააგიტაციო მასალაა გაკრული. 

“ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ლევან ბაგრი ამბობს, რომ პლაკატების ჩამოხსნის დავალება ჯერ არ მიუღიათ. 

“სავარაუდოდ, მეორე ტურის შემდეგ მოხდება ჩვენი პლაკატების ჩამოხსნა, თუკი კანონმდებლობით ახლა მოგვიწევს ამ ყველაფრის გაკეთება, რა თქმა უნდა ასეც მოვიქცევით და ჩვენ აქტივთან ერთად ჩამოვხსნით“, -ამბობს ლევან ბაგრი

გიორგი დვალიშვილი “თავისუფალი დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით უსუფაშვილის საარჩევნო შტაბში მუშაობს. ამბობს, რომ პლაკატების ჩამოსახსნელად მითითებას ცენტრალური ოფისიდან ელოდება. 

“ნამდვილად არ ვიცი, ჯერ მითითება არ მოუციათ ჩემთვის. თბილისიდან თუ დამირეკავენ და დამავალებენ, რომ უნდა ჩამოვხსნა, რა თქმა უნდა ჩამოვხსნი. ჯერ არ უთქვამთ, ჩამოხსენიო“, - ამბობს გიორგი დვალიშვილი.

ადამიანთა უფლებათა ცენტრის იურისტის, ლექსო მერებაშვილის თქმით, კანდიდატებს, სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის ვალდებულება არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 15 დღის განმავლობაში აქვთ.

“ვინაიდან ჯერ არჩევნები დასრულებული არ არის და მეორე ტური წინ არის, შეიძლება ითქვას, რომ მათ ამ პლაკატების ჩამოხსნის ვალდებულება ჯერ არ აქვთ. რა თქმა უნდა, დამარცხებული კანდიდატები არჩევნებში აღარ მონაწილეობენ, მაგრამ ვიდრე მეორე ტური არ დასრულდება, უფლება აქვთ, მათი პლაკატები ისევ იყოს გაკრული“, -გვითხრა ლექსო მერებაშვილმა 

თუ სააგიტაციო მასალებს არ ჩამოხსნიან, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მათ წარმდგენ პარტიებს კანონით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრებათ. თუმცა იურისტები ამბობენ, რომ გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, რეგულაციებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობები იყენებენ. ჯარიმის რაოდენობა კი, ხშირ შემთხვევაში, 50 ლარს არ აღემატება. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. მეორე ტურში მოსახლეობამ არჩევანი ორ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის უნდა გააკეთოს. 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი