გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 8 მილიონით იზრდება - პროექტის მიმოხილვა მოკლედ

ნოემბერი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი გაავრცელა, რომლის მიხედვით, ადგილობრივი ბიუჯეტი 39 მლნ 109 ლარითაა განსაზღვრული. თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით დაახლოებით 8 მილიონი ლარითაა გაზრდილი.

საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის, ზაზა ნასყიდაშვილის განმარტებით, ძირითადი პრიორიტეტები მომავალი წლისთვის მიმართული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებასა და განათლების ხელშეწყობისკენ. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მომავალ წელს, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 15 მლნ 907 ლარია გათვალისწინებული. 

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის ფორმირების პროცესი გასულ პერიოდთან შედარებით შეცვლილია, რის მიხედვითაც მუნიციპალიტეტების დაფინანსება დამატებითი ღირებულების გადასახადიდან(დღგ) ხდება. 

„ცვლილებაა ის, რომ აღარ არის გათანაბრებითი ტრანსფერი და ახლა უკვე დამატებითი გადასახადის ღირებულებით ივსება ბიუჯეტი. ადგილობრივი თვითმმართველობების მეტი დეცენტრალიზაციის მიზნით, მუნიციპალიტეტების დაფინანსება ხდება დამატებითი ღირებულების გადასახადიდან. დღგ-ს 50% მიდის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, დანარჩენი იყოფა მუნიციპალიტეტებზე. 3,8 მოუწია გორის მუნიციპალიტეტზე და ამის ხარჯზე მოხდა ბიუჯეტის 8 მლნ ლარით გაზრდა. ვფიქრობ ეს ცვლილება მუნიციპალიტეტებზე დადებითად აისახება“, - აცხადებს ზაზა ნასყიდაშვილი. 

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გაზრდილია ა(ა)იპ-ებისთვის გათვალისწინებული თანხა. თუ 2018 წელს გორის მუნიციპალიტეტში არსებული 10 ა(ა)იპ-ის დასაფინანსებლად სულ 13 მლნ 727ათას 300 ლარი იყო გათვალისწინებული, მომავალი წლისთვის ეს თანხა 3 მლნ 219 ათას 700 ლარითაა გაზრდილი და 16 მლნ 947 ათას ლარს შეადგენს. 

რაც შეეხება სახელფასო ფონდს, მერიასა და საკრებულოში ამ მიმართულებით მომავალ წელს 6 568 000 ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული, მიმდინარე წელს კი ეს თანხა -2774200 ლარით ნაკლებს შეადგენდა. (საკრებულო - 604 200 ლარი, მერია - 3 078 000 ლარი, სამხედრო სამსახური - 111 600ლარი.) 

საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ძირითადი აქცენტები სკოლამდელი აღზრდისა და კეთილმოოწყობის სააგენტოებზეა გაკეთებული. პირველ შემთხვევაში იზრდება აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეების (ძიძა) ანაზღაურება, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა რიცხვს კიდევ 3 საბავშვო ბაღი შეემატა, მეორე შემთხვევაში კი საკრებულოს ინფორმაციით, კეთილმოწყობის სააგენტოს სამშენებლო ფუნქციები და საჭირო ტექნიკა დაემატება. 

ექნებათ თუ არა საკრებულოს წევრებს შენიშვები მერიიდან მიღებულ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია. ბიჯეტის პროექტი ჯერ არც ოპოზიციას წაუკითხავს და მისი შეფასებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. ამ დროისთვის მას მხოლოდ ფრაქციებისა და კომისიების სხდომებზე უმრავლესობის დეპუტატები განიხილავენ. 

„ბიუჯეტი მერიიდან 15 ნოემბრისთვის შემოდის საკრებულოში, საკრებულო განიხილავს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებზე. 25 ნოემბრამდე კი აბრუნებს უკან შენიშვნებით. მერია ვალდებულია 10 დეკემბრამდე განახლებული ვერსია დააბრუნოს ჩვენთან და გვაცნობოს, რა შენიშვნები გაითვალისწინა და რა - არა. თუ არის შენიშვნები, ერთ კვირაში უნდა დაგვიბრუნოს, თუ - არა, შეუძლია ორი კვირის ვადაც გამოიყენოს ამისთვის. ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო მაცნეზე წლის ბოლომდე აიტვირთება“, - განმარტავს ზაზა ნასყიდაშვილი. 

2019 წლის ბიუჯეტის განხილვა 9 ნოემბერს 12:00 საათზე გაიმართება. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების ერთობლივი სხდომა სწორედ ამ დოკუმენტზე მსჯელობას დაეთმობა.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი