სოციალური მაცივარი და გარდერობი - სხვებზე ზრუნვის შესაძლებლობა

ნოემბერი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში მცხოვრებ ადამიანებს სხვებზე ზრუნვა სოციალურ მაცივარში - საკვები პროდუქტების, სოციალურ გარდერობში კი ტანსაცმლის დატოვებით შეუძლიათ. მოქალაქეები, რომლებმაც ქალაქში ეს პრაქტიკა დაინერგეს, ფიქრობენ, რომ ზამთრის მოახლოება კიდევ უფრო ზრდის სოციალურად დაუცველ ადამიანებზე ზრუნვის საჭიროებას. 

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდგარი მაცივარი დღეს ცარიელი იყო. გორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროას" ინიციატივით დადგმულ მაცივარში მოქალაქეები საკვებ პროდუქტებს თავიდან უფრო ხშირად ტოვებდნენ, დროთა განმავლობაში კი მის შევსებაზე მზრუნველ ადამიანთა რიცხვი შემცირდა. 

“ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ ჩვენც არ გვქონია აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობდა მაცივრის შევსებაში საზოგადოების ჩართვას", - გვითხრა კატო ქოთოლაშვილმა. ის "დროას" ერთ-ერთი წევრია. 

კატოს აზრით, მოქალაქეებს მიავიწყდათ, რომ ქალაქში არსებობს მაცივარი, რომელიც მათ სხვებისთვის საკვების გაზიარების საშუალებას აძლევთ. 

"მგონია, რომ საზოგადოებისთვის სოციალური მაცივრის არსებობის შეხსენება აუცილებელია. მოქალაქეებს ალბათ უფრო ხშირად უნდა შევახსენოთ, რომ ქალაქში მაცივარი ისევ დგას. შესაბამისად, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ, შეძლებისდაგვარად, მიიტანონ და დატოვონ ნებისმიერი სახის პროდუქტი.  მგონია, რომ საზოგადოებისთვის სოციალური მაცივრის არსებობის შეხსენება აუცილებელია“, - ამბობს კატო.

მაცივართან შედარებით, მოქალაქეები უფრო ხშირად ავსებენ ქალაქის ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში მდგარ სოციალურ გარდერობს - ტოვებენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და დროდადრო, სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთებსაც. 

“მერიამ წაიღო ჩვენი დადგმული გარდერობი, გვითხრეს რომ განაახლებდენენ, თუმცა საბოლოოდ სულ ახალი კარადა დაგვიდგეს, შედარებით უკეთესია. საკმაოდ ხშირად მოაქვთ და ტოვებენ მოქალაქეები ტანსაცმელს“, -ამბობს ციცი მურზაშვილი. 

ციცი გორის უნივერსიტეტის სტუდენტი და იმ საინიციტივო ჯგუფის წევრია, რომელსაც ქალაქში სოციალური გარდერობის დადგმის იდეა ეკუთვნის. ციცის თქმით, ის და მისი მეგობრები ახლა გეგმავენ, როგორ დაეხმარონ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლოდ.

"ყოველ წელს ვცდილობთ, რომ წინასაახალწლოდ დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ჯერ ამ საკითხზე არ გვილაპარაკია და კონკრეტული არაფერი დაგვიგეგმავს. თუმცა ქალაქში დგას სოციალური გარდერობი და ყველა ადამიანს შეუძლია იქ ტანსაცმლის დატოვება სხვა ადამიანებისთვის."

საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 131 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახია, 800 000-მდე ადამიანი კი შიმშილის ზღვარზეა.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი