არჩევნების მონიტორინგის შედეგები - რა დარღვევები გამოავლინეს გორში არასამთავრობო ორგანიზაციებმა

ნოემბერი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ გორის დემოკრატიის სკოლაში არჩევნების პირველი ტურის მონიტორინგის შედეგები წარადგინეს.

არჩევნების პირველი ტურის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ საიას გორის ოფისის ხელმძღვანელმა, ქეთი ბებიაშვილმა აღნიშნა, რომ დარღვევები, რომლებიც მისმა ორგანიზაციამ გორში გამოავლინა, საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა. საიამ გორში სულ 4 საჩივარი დაწერა, რომლებიც, ძირითადად, ტექნიკურ დარღვევებს ასახავს. თუმცა, ბებიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ისეთ შემთხვევებზე,  რომლებიც,  მისივე თქმით, კანონმდებლობით არ რეგულირდება, მაგრამ ამომრჩევლის ნების გაკონტროლების მცდელობად შეიძლება შეფასდეს.

"მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს არჩევნებზე ამომრჩევლის ნების კონტროლი, რომელიც ცალსახად იკვეთებოდა უბნის გარეთ, რაც წარმოადგენს ძალიან დიდ პრობლემას, ვინაიდან არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. რაც შეეხება დარღვევებს, იყო ტექნიკური ხასიათის - დრო არ იყო მითითებული, კომისიის წევრს არ ჰქონდა ხელი მოწერილი და ა.შ. დარღვევები, რომლებიც გორში გამოვავლინეთ, არ ახდენდა ზეგავლენას არჩევნების შედეგებზე“, - ამბობს ბებიაშვილი.

მას შემდეგ, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ საჯარო მოხელეების მიერ სოციალურ ქსელში აგიტაცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიიჩნია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ საჯარო მოხელეების სოციალურ ქსელში აქტიურობის შესწავლა დაიწყო. ორგანიზაციამ გორის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის წინააღმდეგ საჩივარიც დაწერა, თუმცა საარჩევნო კომისიამ დარღვევა ვერ აღმოაჩინა.

"ჩვენ ზაზა ნასყიდაშვილზე შევიტანეთ საჩივარი. სამუშაო დროს იყო გამოყენებული სოციალური ქსელი აგიტაციისთვის. სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ორი პოსტი იყო გაზიარებული. ჩვენ შევიტანეთ საჩივარი და განმარტება იყო ასეთი გაკეთებული, რომ ოჯახის წევრმა გამოიყენა მისი ფეისბუქის გვერდი და არა პირადად მან და ეს გაითვალისწინა კომისიამ“, - გვითხრა ნინო ბიბილეიშვილმა.

კახა ლობჟანიძე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელია. მას მიაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევების ჩამონათვალი არასრულია. ლობჟანიძემ დამკვირვებლებს ურჩია, ყურადღება გაამახვილონ იმ, დარღვევებზე, ძირითადად, საარჩევნო უბნების გარეთ ხდება.

"ეს არ არის სრული ნუსხა დარღვევების. ყველანაირ მეთოდს მიმართავენ, რომ შედეგი მიიღონ. არის ზეწოლის, მოსყიდვის, ყალბი პირადობების გამოყენების ფაქტები. რაც იურიდიულად არის დადასტურებული, თქვენ ის ჩამოთვალეთ და არის დარღვევები, რომლებიც ხდება უბნების გარეთ და ამაზეა ყურადღება გასამახვილებელი“, - ამბობს კახა ლობჟანიძე.

მმართველი პარტიიდან დღევანდელ შეხვედრას გორის საკრებულოს წევრი, ლია ჩლაჩიძე ესწრებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ მონიტორინგის შედეგებს ეთანხმება, თუმცა მიაჩნია, რომ მკვლევარებმა ნაკლებად შეისწავლეს გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო კამპანია.

"ძირითადი აქცენტი გამახვილებული იქნა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაზე და ნაკლებად იყო ნახსენები თუნდაც მისი კონკურენტი, ვაშაძე. ვისურვებდი, რომ ორივე მხარე ყოფილიყო თანაბრად შეფასებული“, - განაცხადა ლია ჩლაჩიძემ

არჩევნების პირველი ტურის მონიტორინგის შედეგები გორის დემოკრატიის სკოლაში განიხილეს. ადგილობრივი ორგანიზაციის კოორდინატორი ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

"მთავარი მიზანია, რომ ამომრჩევლებამდე მივიტანოთ ის საკითხები, რომლებიც გამოიკვეთა აღნიშნული ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგად - რა ხარვეზები არსებობდა, რა არის გამოსასწორებელი. ძალიან კარგი რეკომენდაციები წარმოადგინეს, და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრას დაესწრნენ  საარჩევნო სუბიექტების, სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლები. ჩვენი მიზანია, რომ გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები, რათა შეიქმნას უკეთესი დემოკრატიული გარემო, სადაც ამომრჩეველი შეძლებს თავისუფლად დააფიქსიროს საკუთარი ნება“, - განაცხადა ზაზა ჭიპაშვილმა.

შეხვედრაზე მონიტორებმა აღნიშნეს, რომ საარჩევნო კამპანია ძირითადად ურთიერთბრალდებებზე იყო აგებული. მათივე თქმით, ხარვეზები იყო საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას, ასევე, საარჩევნო პროცესში ჩართულნი იყვნენ საჯარო მოხელეებიც. არასამთავრობო ორგანიზაციებმა რეკომენდაციებიც შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც საჭიროა:

  • გაუმჯობესდეს კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა.
  • დაიხვეწოს საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის პირობები.
  • მოხდეს სოციალური ქსელების მეშვეობით აგიტაციის წარმოების წესის რეგულირება.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი