ყველაზე პოპულარული წიგნები გორში

ნოემბერი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

საქართველოში ერთ მილიონ ადამიანზე 15.615 წიგნი იბეჭდება. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის კვლევის 2012 წლის შედეგების მიხედვით, ქვეყნის  მოსახლეობის 59 პროცენტი ამბობს, რომ 1-10-მდე წიგნს კითხულობს ერთ წელიწადში.

რა ჟანრის და რომელი ავტორების წიგნებს ყიდულობენ გორში, ამის გასარკვევად რადიო "მოზაიკამ“ წიგნების ადგილობრივ მაღაზიებს მიმართა.

"უკვე შეინიშნება ტენდენცია, რომ წიგნს, როგორც სასაჩუქრე ნივთს, ისე ყიდულობენ“, - გვეუბნება ნინო. 

ნინო "ბიბლუსის" ადგილობრივ მაღაზიაში მუშაობს. მისი თქმით, გორელები ძირითადად საბავშვო წიგნებს ყიდულობენ და შერჩევასაც კონსულტანტებს ანდობენ.

"ყველაზე მეტად საბავშვო წიგნები იყიდება. როგორც წესი, საჩუქრებად ყიდულობენ. რაც "ბიბლუსის" მაღაზია გაიხსნა, ასეა. იყიდება საბავშვო მოთხრობები, ან მოზრდილთა ლიტერატურა, რასაც ჰქვია“, - ამბობს ნინო.

ნინო გვეუბნება, რომ ადგილობრივებში ასევე დიდი მოწონებით სარგებლობს რომანები. მისივე თქმით, ამ მხრივ ყველაზე მეტად პოპულარული თურქი მწერლის, ელიფ შაფაქის წიგნებია. შემდეგ უკვე მოდის ერიჰ მარია რემარკის და ჰერმან ჰესეს ნაწარმოებები.

"შაფაქის წიგნები იყიდება ძალიან კარგად. მაგალითად, "სიყვარულის 40 წესი", "ღირსება". რემარკს ყიდულობენ ასევე ძალიან ხშრად. რემარკის ბევრი წიგნი პირველად ითარგმნა ქართულად და დაინტერესდა ხალხი. ასეთია მაგალითად, "აჩრდილები სამოთხეში“, - გვითხრა ნინომ.

წიგნების კიდევ ერთი მაღაზია გორში ვაჩნაძის ქუჩაზეა. მაღაზია "ლიბრაში“ ამბობენ, რომ მათთან, ყველაზე ხშირად, სტივენ კინგის წიგნებს ყიდულობენ.

"სტივენ კინგია პოპულარული ყველაზე მეტად. "ნათება", "ნისლი", ესენი იყიდება ხშირად. ასევე, ძალიან მოსწონთ რემარკი. ბრედბერის წიგნებიც იყიდება", - გვითხრეს წიგნების მაღაზიაში "ლიბრა".

თუმცა, ისევე როგორც "ბიბლუსში", მათთანაც ყველაზე დიდი რაოდენობით, საბავშვო წიგნები იყიდება.

"რა თქმა უნდა, საბავშვო წიგნები იყიდება ყველაზე ხშირად. მგონი, ასეა ყველგან“.

წიგნების ორივე მაღაზიაში აღნიშნავენ, რომ გორელები უცხოელი მწერლების წიგნებით უფრო მეტად ინტერესდებიან, ვიდრე ქართველების.

"ამ მხრივ შედარებაც არ შეიძლება. კი, კარგად იყიდება ბოლო დროის ე.წ. "ბესტსელერების ავტორების“ წიგნები, მაგრამ განსხვავება მაინც თვალშისაცემია“.

"ქართველი მწერლებიდან აინტერესებთ აკა მორჩილაძის, დათო ტურაშვილის წიგნები. ბერძენიშვილის წიგნებსაც ყიდულობენ“.

კვლევების მიხედვით, წიგნის შეძენისას მყიდველები ყურადღებას აქცევენ ზოგადად ხელმისაწვდომ ფასს მაღაზიებში, ფასდაკლებებს და წიგნის ხარისხს და პოლიგრაფიას.

31 წლის გიორგი წიგნების მაღაზიების ხშირი სტუმარია. ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 100 - ზე მეტი წიგნი შეიძინა.

"წელს,1200 ლარზე მეტი დავხარჯე წიგნების შესაძენად. ყველაზე მეტად ის მიშლის ნერვებს, რომ გამომცემლები, ერთ ნაწარმოებს ყოფენ რამდენიმე ნაწილად და ისე ყიდიან. რომანი „ათი წლის შემდეგ“ 6 ნაწილად იყო დაყოფილი და სათითაოდ იყიდებოდა. ანუ ერთ რომანში, საერთო ჯამში, 65 ლარი გადავიხადე“, - ამბობს გიორგი.

28 წლის ირაკლი კი ფიქრობს, რომ ზოგადად, წიგნების  ფასები მისაღებია. 

"სპეციფიკური ლიტერატურაა ნაკლები. თითქმის არ თარგმნიან. ფასი, მგონია რომ მისაღებია. უბრალოდ, ძალიან უხარისხო ნაბეჭდია. ხშირ შემთხვევაში, ყდაც კი არ მოეწონება ადამიანს“, - გვითხრა ირაკლიმ.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის კვლევის მიხედვით, ქართველების 68.2% პროცენტი უპირატესობას მხატვრულ ლიტერატურას ანიჭებს, ხოლო პოლიტიკის და ისტორიის შესახებ წიგნებს 22.4% კითხულობს, შემეცნებით ლიტერატურას კი 20.8%. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 80 % თავად ირჩევენ წასაკითხ წიგნს. 12% კი მეგობრის რჩევას ენდობა.

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი