mukilurji640X90

პროექტი ქალების გააქტიურებისთვის - სამი ორგანიზაცია სამუშაო ჯგუფებს ქმნის

ნოემბერი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

გორში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც სხვადასხვა თემში არსებულ პრობლემებს გამოკვეთენ და შემდეგ მათ ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგენენ ამ პრობლემების ერთობლივად მოსაგვარებლად. სამუშაო ჯგუფები იმ პროექტის ფარგლებში კომპლექტდება, რომელიც ეფუძნება გაეროს რეზოლუციას 13/25 და გულისხმობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა და გოგონათა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ლალი ბეჟანიშვილი ცხინვალიდან არის დევნილი. ამბობს, რომ მის თემში, თითქმის ყველა საკითხზე, გადაწყვეტილების მიმღები პირები მამაკაცები არიან. მიაჩნია, რომ ქალებმა და მამაკაცებმა, გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად, მონაწილეობა თანაბრად უნდა მიიღონ.

"ქალთა რაოდენობის გაზრდაზე კი არ არის საუბარი, უბრალოდ, თანამონაწილეობა უნდა იყოს სამართლიანად, რათა გადაწყვეტილება იყოს სწორი მიმართულებით მიღებული. ვფიქრობ, რომ ქალები ბევრად უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე მამაკაცები და გადაწყვეტილებას, ძირითადად, მამაკაცები იღებენ", - ამბობს ლალი ბეჟანიშვილი.

პროექტი, სახელწოდებით "რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს რეზოლუცია 13/25 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა (მათ შორის ყველაზე მარგინალიზებულისაც) მონაწილეობის გაძლიერება“ - საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის შიდა ქართლში ქალთა გააქტიურებას და მათი ჩართულობის გაზრდას ითვალისწინებს.

რეზოლუცია ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზეა, რომელიც მოლაპარაკებისა და სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულების პროცესში მონაწილე ყველა მხარეს მოუწოდებს, გენდერული პრობლემატიკა გაითვალისწინონ. ეს კი გულისხმობს ქალთა განსაკუთრებულ მოთხოვნილებას რეპატრიაციის, განსახლების, რეაბილიტაციის, რეინტეგრაციისა და კონფლიქტების შემდგომ აღმშენებლობით პროცესში.

იულია ხარაიშვილი ქალთა ასოციაციის "თანხმობა" ხელმძღვანელია. ამბობს, რომ საჭიროა შეიქმნას ადგილობრივი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება გაითვალისწინონ თითოეული სოფლის თუ დევნილთა ჩასახლების ის პრობლემები, რომლებსაც იქ მცხოვრები ქალები გამოკვეთენ და შემდეგ მოგვარების გზებზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებენ.

"ჩვენი მიზანია, რომ ყველა სოფლის და დევნილთა ჩასახლების ამოცანები შევიდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმაში იმისთვის, რომ ქალებს მიეცეთ უფრო მეტი საშუალება მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და პირდაპირ უკარნახონ თავისი თემის საჭიროებები. ეს არის ერთ - ერთი ნაბიჯი ცენტრალური სამოქმედო გეგმის განხორციელების, იმიტომ, რომ ლოკალიზაცია იყო გათვალისწინებული მესამე სამოქმედო გეგმაში", - ამბობს იულია ხარაშვილი.

ეროვნული სამოქმედო გეგმა მოიცავს ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობას უსაფრთხოების და მშვიდობის მშენებლობის საკითხებში, გადაწყვეტილების მიმღებ დონეებზე ქალთა მონაწილეობის გაზრდას და ოფიციალურ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ქალთა ჩართულობას. გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი ამბობს, რომ მერია ამ მიმართულებით მომუშავე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

"მიხარია, რომ გორში, არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან კარგად თანამშრომლობენ ამ მხრივ მერიასთან. რა თქმა უნდა, ქალების მონაწილეობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მათი, ვინც ცხოვრობენ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფორმაციის მიწოდება, კვლევის ჩატარება, სერვისების მიწოდება და შემდეგ ამ სერვისების შედეგები და ა.შ. მინდა აღვნიშნო, რომ ომგამოვლილი ქალები არიან ძალიან სტრესულ მდგომარეობაში და ჩვენ ვაპირებთ ამ მიმართულებითაც მუშაობას. არის ბევრი ნიჭიერი ქალბატონი და მათ სჭირდებათ თავიანთი ნიჭის რეალიზაციაში ხელშეწყობა", - ამბობს ეკა სუხიშვილი.

მაია ოთინაშვილი სოფელ ხურვალეთში ცხოვრობს. ცხინვალის ციხეში მან 11 დღე გაატარა. ოთინაშვილი რუსმა სამხედროებმა 29 სექტემბერს დააკავეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდნენ. ამბობს, რომ პროექტი, რომლის განხორციელებასაც გორში მოქმედი ქალთა საჭიროებებზე მომუშავე სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გეგმავს, ქალთა გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

"ვფიქრობ, რომ პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია და მასში აუცილებლად ჩავერთვები. იმ პერიოდში, ბევრი რამ გადავიტანე და სულ ცოტა, განტვირთვა მაინც იქნება ჩემთვის. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ქალების მონაწილეობა თუნდაც თავისი სოფლის პრობლემების გამოვლენას და შემდეგ მოგვარებაში, აუცილებელია", - ამბობს გვითხრა მაია ოთინაშვილმა.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაძლიერებაზე სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, გორის გარდა, საქართველოს კიდევ 9 მუნიციპალიტეტში იმუშავებს. პროექტს "ქალთა საინფორმაციო ცენტრი", იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა“ და ფონდი "სოხუმი" ერთობლივად ახორციელებს.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი