კირბალი - გამყოფ ხაზთან მდებარე ყველაზე სახიფათო სოფელი

ნოემბერი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

კონფლიქტის ზონის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ კირბალში ზამთრისთვის ემზადებიან. ადგილობრივები შეშის დამზადებას სოფლთან მდებარე იმ ტყეში ცდილობენ, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ რუს სამხედროებს საგუშაგოები აქვთ მოწყობილი. მხოლოდ ამ სოფლიდან რუსმა სამხედროებმა 60 -ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კონფლიქტის ზონის მოსაზღვრედ მდებარე სოფელი კირბალი მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. კირბალი ცნობილი იმითაა, რომ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსი სამხედროები ყველაზე ხშირად ამ სოფლის მკვიდრებს აკავებენ.  კირბალში მცხოვრები ალექსანდრე შიუკაშვილი რუსმა სამხედროებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის ე.წ. საზღვრის სიახლოვეს შეშას ამზადებდა. ცხინვალის ციხეში მან ორი კვირა დაჰყო.

"შეშის მოსაჭრელად ვიყავი წასული. ე.წ. საზღვარი არ გადამიკვეთავს. ხომ ვიცით, რომელი მხარე მიიჩნევა მათ კონტროლირებლად და რომელი არა. ისეთ ადგილზე დამაკავეს, სადაც არც ის მწვანე ბანერი იყო. ორი კვირა ვიყავი ცხინვალის ციხეში. მერე, ჯარიმის გადახდის შემდეგ გამათავისუფლეს", - გვითხრა ალექსანდრე შიუკაშვილი.

​კირბალში დაახლოებით 500 ადამიანი ცხოვრობს. სოფელი ღრომის ხეობას ესაზღვრება, რომელიც ამჟამად რუსების მიერ არის ოკუპირებული. ​კირბალი გარშემორტყმულია ტყის მასივებით, სადაც ამჟამად ოსურ და რუსულ შეიარაღებულ ნაწილებს საგუშაგოები აქვთ მოწყობილი, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა ვეღარც ტყეში გადის და ვეღარც სალოცავში.

"იქით სიარული სახიფათოა. ნებისმიერ წუთს შეიძლება დაგიჭირონ. თანაც ახლა, ჯარიმაც გაუზრდიათ. საქონელიც თუ გაგვყავს იქით, ვცდილობთ მაქსიმალურად ფრთხილად ვიყოთ. კირბალში ქართული პოლიციის არც საგუშაგოა და არც მანქანები მოძრაობენ ხშირად. ეკლესიაში წასვლაც კი შეიძლება დატყვევებით დასრულდეს, არათუ ტყეში შეშის მოსაჭრელად გასვლა", - ამბობს ბეჟან ჩხიკვაძე.

მხოლოდ სოფელ კირბალიდან რუსმა სამხედროებმა 60ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათი უმრავლესობა მალევე გაათავისუფლეს. ე.წ. საზღვრის სიახლოვეს მცხოვრებლების უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობებს და დაკავებულების გათავისუფლების საკითხს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ ყველა შეხვედრაზე განიხილავენ. თუმცა, 14 სექტემბერს ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ, ინციდენტების პრევენციაზე მომუშავე ჯგუფი აღარ შეკრებილა.

კირბალლლლ

უსაფრთხოდ გადაადგილების გარდა, სოფელს სხვა გასაჭირიც აქვს. სასმელი წყალი ადგილობრივებს ჭაბურღილების საშუალებით მიეწოდება. როგორც თავად ამბობენ, ჭაბურღილები მწყობრიდან ხშირად გამოდის.

"ჭაბურღილებით გვაწვდიან წყალს. არის შემთხვევები, როდესაც მწყობრიდან გამოდის ჭაბურღილი. ხდება ისეც, რომ ხან დენის დავალიანებაა, ხან სხვა რამე და ესეც პრობლემებს გვიქმნის", - გვეუბნება ნოდარ აბალაკი.

ივანე თაყაძე სოფელ კირბალში 4 ჰექტარ ხეხილის ბაღს ფლობს. ამბობს, რომ სარწყავი წყლით მას, სრულფასოვნად, 2008 წლის ომის შემდეგ არ უსარგებლია. ამის გამო მოსავალი თითქმის ვერ მოიყვანა.

"რაც არ უნდა კარგად მოუარო ბაღს, მორწყვა ხომ სჭირდება. წვიმის იმედად ხომ არ იქნება კაცი. სარწყავი წყალი არ გვქონდა იმ რაოდენობით, რომ ყველას გვესარგებლა იმ რაოდენობით, რაც გვჭირდებოდა. წყლის გადასახადიც საკმაოდ მაღალია. მოსავალი ამიტომ ვერ მოგვივიდა იმ რაოდენობის, რისი იმედიც გვქონდა", - გვეუბნება თაყაძე.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში კი აცხადებენ, რომ სოფელს სასმელ წყალს ორი ჭაბურღილის მეშვეობით აწვდიან. იგეგმება მესამე ჭაბურღილის მოწყობაც.  შეშით უზრუნველყოფის ნაცვლად კი ხელისუფლებამ სოფელში ბუნებრივი აირი შეიყვანა.

"ორი ჭაბურღილით მიეწოდება წყალი სოფელს. ამ წუთისთვის, არანაირი შეფერხება არაა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამართულად იმუშაოს ტექნიკამ. მესამე ჭაბურღილიც უნდა დაემატოს სოფელს და ვფიქრობ, რომ პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება", - გვითხრა გელა კაპანაძემ, გორის მერის მოადგილემ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ასევე აცხადებენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებისათვის სპეციალური პროგრამები და პროექტები ამოქმედდება. მომავალი წლისათვის განსახორციელებელი პროექტების დაფინანსება კი ახალ ბიუჯეტში აისახება.

 

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი