მუნიციპალური ტრანსპორტის საჭიროება გორის მუნიციპალიტეტში

ნოემბერი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკი საზოგადოების საჭიროებებს ვერ პასუხობს. 

ეკა რევაზაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს. ეკა გორში ძიძად მუშაობს. მისი სამუშაო დღე დილის 10 საათიდან იწყება და საღამოს 6 საათზე მთავრდება. სამსახურში მისასვლელად საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს, თუმცა, იმის გამო რომ საღამოს მისი სოფლისკენ მიმავალი ტრანსპორტი არ არის, ზედმეტი ხარჯის გაწევა უწევს.

“ეს ჩემთვის დიდი პრობლემაა, გასაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ჩემი სოფლისკენ ტრანსპორტი 5 საათის შემდეგ არ გადის. ამის გამო, ზედმეტი ხარჯის გაწევა მიწევს. ბევრჯერ 10 ლარიც გადამიხდია ტაქსისთვის, რომ სახლში მივსულიყავი. ჩემი ხელფასის ნახევარი გზაში მეხარჯება, მაგრამ სხვა გზა არაა“, -ამბობს ეკა.

საღამოს საათებში საზოგადოებრივი ტრასპორტით გადაადგილება სტუდენტებისთვისაც პრობლემაა. მარიამ ტოტიკაშვილი გორის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლობს. ამბობს, რომ გამოცდების პერიოდში, სოფელში წასასვლელად ხშირად ტაქსის დაქირავება უწევს.

“წელს ჩავაბარე მაგისტრატურაზე და გამოცდების პერიოდში, განსაკუთრებით მიჭირს ხოლმე სოფელში წასვლა, რადგან ვერ ვასწრებ საღამოს ბოლო ავტობუსს მივუსწრო. უნივერსიტეტში ვთხოვეთ კიდეც სტუდენტებმა, რომ გამოცდის დრო გადაეტანათ. ხშირად შემქმნია პრობლემა ამის გამო. მაგალითად, ზამთრის პერიოდში ბოლო ტრანსპორტი 5 საათზე გადის და ბევრჯერ ვერ მივუსწარი“, - გვითხრა მარიამმა.

გორსა და გორის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ. მათი წარმომადეგნლები ამბობენ, - საღამოს პერიოდში მგზავრების რაოდენობა მცირეა. შესაბამისად, რეისების შესასრულებლად ხარჯის გაღება არ უღირთ.

საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ვითარების გამოსწორება გორის მუნიციპალიტეტის მერიას შეუძლია. ამ მოსაზრებას მმართველი პარტიის წარმომადგენელი მამუკა ფანიაშვილიც იზიარებს. როგორც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი აცხადებს, მუნიციალური ტრანსპორტის დამატება მდგომარეობას გააუმჯობესებდა.

“დაგეგმილია, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში შეიქმნას მუნიციპალური ტრასპორტი და მოსახლეობას მიეცეს საშუალება, ისარგებლოს მუნიციპალური ტრასპორტის სერვისით, თუმცა ამისთვის კონკრეტული ვადა ან თარიღი არ განსაზღვრულა. მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა უნდა მოხდეს ბიუჯეტიდან დაზოგილი თანხით, თუკი გამოთავისუფლდება თანხა, ამ შემთხვევაში, მოხდება ტრანსპორტის შეძენა“, - ამბობს მამუკა ფანიაშვილი.

არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა - დამატება მომავალი თვეების განმავლობაში შეუძლებელია.

 

ფოტო: ნიკა სომხიშვილი

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი