საახალწლო სამზადისი ქალაქში საარჩევნო პლაკატების თანხლებით

დეკემბერი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნინო ჩიბჩიური

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიდან კვირაზე მეტი გავიდა, ქალაქში კი კანდიდატთა სააგიტაციო მასალა ისევ გვხვდება.

ქალაქის ქუჩებში, ძირითადად, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის და მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატები ჩანს. მის გვერდით ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირთა სააგიტაციო მასალაც გვხვდება, რომლებიც ამომრჩეველს პრინციპული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ასევე ვხედავთ იმ პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატებსაც, რომლებიც არჩვენების მეორე ტურში ვერ გადავიდნენ.

მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბს მეორე ტურისთვის პარლამენტარი, თენგიზ ხუბულური ხელმძღვანელობდა. რადიო "მოზაიკასთან" საუბრისას მან ვერ გაიხსენა, თუ რა ვადაში ევალებათ პოლიტიკურ პარტიებსა თუ სუბიექტებს, ქალაქი სააგიტაციო მასალისგან გაათავისუფლონ.

"მომავალი კვირიდან ჩვენი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დაიწყებენ ამ საკითხზე მუშაობას. მე ზუსტად არ მახსოვს რა ვადაში გვავალდებულებს ამას კანონი, თუმცა, გპირდებით, რომ ჩვენი მხრიდან რაც გასაკეთებელია, მივხედავთ მომავალი კვირის ბოლომდე", - აღნიშნა თენგიზ ხუბულურმა.

რა ვადაში ევალებათ აღნიშნული ქმედების განხორციელება, საკრებულოს ოპოზიციონერი წევრისთვისაც უცნობია. ბექა ქორჩილავა აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო მასალა ქალაქში ახალ წლამდე აღარ იქნება.

"ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ შესაბამის აქციას უახლოეს დღეებში მოვაწყობთ.როგორც ქალაქში, ისე სოფლებში დავიწყებთ ჩვენი სააგიტაციო მასალის ჩამოხსნას. ეს კანონი ზუსტად აღარ მახსოვს რა ვადებს ითვალისწინებს, შესაბამისად, ვერც იმას გეტყვით დაზუსტებით შედის თუ არა ეს საქმე კეთილმოწყობის სააგენტოს კომპეტენციაში. ამ წელში ჩვენ აუცილებლად ჩამოვხსნით გრიგოლ ვაშაძის პლაკატებს გორის მუნიციპალიტეტში", - ამბობს ბექა ქორჩილავა.

ვის ევალება და როდის ქალაქის იერსახეზე ზრუნვა და სააგიტაციო მასალისგან ქუჩების გასუფთავება, პასუხის გაცემა უჭირთ კეთილმოწყობის სააგენტოში. მისმა ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა რადიო "მოზაიკას" ჯერ საკუთარი მოსაზრება გაუზიარა, მოგვიანებით კი საკითხის დაზუსტებისთვის რამდენიმე წუთიანი დრო ითხოვა.

"ქალაქის იერსახის დამახიჯებასთან დაკავშირებით დაჯარიმება ჩვენი მხრიდან არ ხდება, მაგრამ თუ ჩვენ მერიიდან დაგვავალებენ პლაკატებისგან ქალაქის გასუფთავებას, რა თქმა უნდა, მივხედავთ. აქ მე დიდი ხანი არ არის რაც ვმუშაობ და შესაბამისად, არ ვიცი აქამდე როგორ კეთდებოდა. დავაზუსტებ და მოგახსენებთ".

რამდენიმე წუთში კი მან განმარტა, რომ ეს კეთილმოწყობის სააგენტოს პრეროგატივა არ არის და ამ პასუხისმგებლობას მხოლოდ მერიის თხოვნის შედეგად აიღებენ.

"როგორც მითხრეს, ვინც გააკრა, მათ უნდა გაასუფთაონ კარგ შემთხვევაში. თუ მაინც არ ჩამოხსნეს პლაკატები, მერე ალბათ ჩვენ მოგვცემენ მითითებებს და მივხედავთ, ვნახოთ", - აცხადებს ბაჩანა გვიანიშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ლექსო მერებაშვილის განმარტებით, ეს საკითხი საარჩევნო კოდექსით რეგულირდება, რომლის მიხედვით სააგიტაციო მასალისგან ქალაქი არჩევნების საბოლოო შედგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში უნდა გასუფთავდეს.

'სააგიტაციო მასალისგან ქალაქის გასუფთავებისთვის განსაზღვრული დრო დამოკიდებულია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების თარიღზე. სწორედ ამ პერიოდიდან 15 დღის ვადაში პარტიებმა, მათი კანდიდატის და მასთან დაკავშირებული სააგიტაციო სააგიტაციო მასალის ჩამოხსნაზე უნდა იზრუნონ", - აცხადებს ლექსო მერებაშვილი.

არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცესკოს ოფიციალურად ჯერ არ გამოუქვეყნებია. გორის 32 საოლქო-საარჩევნო კომისიამ კი საბოლოო შედეგები დღეს დაამტკიცა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ოფიციალური შედეგები მთელი ქვეყნის მასშტაბით ინაუგურაციამდე ანუ 16 დეკემბრამდე გამოქვეყნდება. სააგიტაციო მასალისგან გასუფთავებისთვის განსაზღვრული ორკვირიანი ვადაც სწორედ ამ პერიოდიდან აითვლება.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი