2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და კამათი დეპუტატებს შორის კომისიების ერთობლივ სხდომაზე

დეკემბერი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების ერთობლივ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.

საკრებულოს თავჯდომარე, დავით რაზმაძე ოპოზიციის მიერ 2018 წლის სოციალური პაკეტების ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ განცხადებას გამოეხმაურა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბექა ქორჩილავა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. 

ოპოზიციის განცხადებით მიმდინარე წელს სოციალური პაკეტების დაფინანსება შემცირდა.

“სოციალური პაკეტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, რატომღაც შეამცირეს და თანხა მოაკლეს. ეს იმ ფონზე, როცა ყოველდღიურად ძვირდება მედიკამენტები და სურსათი, ონკოლოგიურად დაავადებულ ადამიანებს უმცირებენ დაფინანსებას და ეს არის წარმოუდგენელი და ამას დადებითად ნამდვილად ვერ შევაფასებთ“, - ამბობს ბექა ქორჩილავა. 

ქორჩილავას განცხადებამ საკრებულოს თავმჯდომარის გაღიზიანება გამოიწვია. დავით რაზმაძის თქმით, ოპოზიცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. 

“ჩვენმა ოპონენტებმა ძალიან ცუდად გამოიყენეს სოციალური პაკეტის ბიუჯეტში ცვლილებები. სინამდვილეში მოხდა შიდა ცვლილება 2018 წლის ბიუჯეტში, ანუ ერთი მუხლიდან გადავიდა სხვა მუხლში, როდესაც სახელმწიფოს მიერ ქრონიკული დაავადებებზე მედიკამენტების რაოდენობის გაიზარდა, ანუ იყო 28 უფასო მედიკამენტი და გახდა 60, ამიტომ ჩვენი შესაბამისი პროგრამა, რომელიც გქონდა, აღარ იყო საჭირო. ამიტომ ეს თანხა, რომ არ დარჩენილიყო და არ დაკარგულიყო, მოხდა სხვა მუხლში გადატანა“, - განაცხადა დავით რაზმაძემ

ოპოზიციის საპასუხოდ სოციალური პაკეტების ბიუჯეტში ცვლილებების მიზეზები გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ჩიხრაძემაც განმარტა. მისი თქმით, მიმდინარე წლის ბიუჯეტისგან განსხვავებით, 2019 წელს სოციალური პაკეტების დაფინანსება გაზრდილია. 

“ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში შევიდა ცვლილებები. ეს პროგრამები ჩვენც გვქონდა, ჩვენც შევიტანეთ ცვლილება და ამან გამიწვია ის, რომ შედარებით ნაკლებმა ადამიანმა ისარგებლა ამ დახმარებით, რადგან ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტი შემოგვეშველა. ამიტომ დარჩა ეს თანხები და საჭირო გახდა სხვა მუხლში გადაგვეტანა. უფრო ადრე ამ ცვლილებების შეტანა ჩვენ არ შეგვეძლო, რადგან საარჩევნო პერიოდი დაემთხვა“, - განმარტა დავით ჩიხრაძემ. 

სოციალურ პაკეტებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2019 წელს 1 840 000 ლარია გათვალისწინებული, რაც მიმდინარე წლის დაფინანსებას დაახლოებით 25 ათასი ლარით აღემატება.

2019 წლის ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს დასამტკიცებლად საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გაიტანენ, რომელიც 25 დეკემბერსაა ჩანიშნული.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი