რა ვითარებაა საოკუპაციო ხაზთან? - უფლებადამცველები სოფელ ხურვალეთში

დეკემბერი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

"მოლდოვასთან შედარებით, გაცილებით რთული სიტუაციაა", - ასეთი შეფასება გააკეთა მოლდოველმა უფლებადამცველმა მას შემდეგ, რაც გამყოფი ხაზის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა და იქ მცხოვრებ დათა ვანიშვილს შეხვდა.

იმ ქვეყნის წარმომადგენლისთვის, რომელსაც თავის მხრივ კონფლიქტური რეგიონი აქვს, მიუღებელია ის ვითარება, რომელიც მან სოფელ ხურვალეთში ნახა. მოლდოველი უფლებადამცველი ამბობს, რომ რეალობა განსხვავდება იმ სიტუაციისაგან, რასაც დიპლომატები თუ უფლებადამცველები მასმედიიდან იღებენ.

"შედარება და პარალელის გავლება გამიჭირდება მოლდოვასთან, რადგან აქ უფრო რთულ სიტუაციას ვხედავ. ეს ადამიანის უფლებების დარღვევა, რაც აქ არის, ნამდვილად არაჰუმანურია და ადამიანებს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს. ერთია რასაც ანგარიშებში ვისმენთ და ვკითხულობთ და მეორე, არსებული სიტუაციის რეალურად ნახვა", - ამბობს მოლდოველი უფლებადამცველი. 

ვანიშვილის სახლი 2008 წლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა და მას თავისუფლად გადაადგილება შეზღუდული აქვს. ელჩები, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლები,მინისტრები თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელები სოფელ ხურვალეთში ხშირად ჩადიან და მავთულხლართის მიღმა მყოფ ვანიშვილს ესაუბრებიან. დათა ვანიშვილი ამბობს, რომ ყოველი სტუმრობის შემდეგ მას რუსი და ოსი ძალოვნები სახლში აკითხავენ და მათთან კომუნიკაციის გამო დაკავებით ემუქრებიან. 

"ახლაც, თქვენ რომ წახვალთ, მოვლენ და დაიწყებენ გამოკითხვას. მიკრძალავენ საუბარს. აქ პატიმრობაში ვარ ფაქტობრივად. ერთხელ ვიყავი კიდეც დაკავებული", - ამბობს დათა ვანიშვილი. 

საერთაშორისო კონფერენციის – „კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“ წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ხურვალეთში სახალხო დამცველიც იმყოფებოდა. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ დათა ვანიშვილის შემთხვევა არის ადამიანთა უფლებების დარღვევის თვალსაჩინო მაგალითი.

"საქართველოში აშკარად თვალსაჩინოა, თუ როგორ ხდება ბორდერიზაცია და ოკუპაცია და თუ როგორ ხდება აი ამ ხელოვნური ბარიერების შექმნით ელემენტარული გადაადგილების შეზღუდვა. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თვალით ნახონ ეს ყველაფერი. აქ არიან საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები და როდესაც საკუთარი თვალით ნახავ, მე ვფიქრობ უფრო მძიმედ ჩანს ეს ყველაფერი", - ამბობს ნინო ლომჯარია.

დღესვე, სახალხო დამცველი და საერთაშორისო კონფერენციის – "კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“ წარმომადგენლები ასევე სოფელ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი