გაუხსნელი ქურდობების მაღალი მაჩვენებელი გორში - რატომ ვერ იძიებს პოლიცია დანაშაულს

დეკემბერი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ბოლო პერიოდში გორში გაქურდეს საცხოვრებელი სახლები, მაღაზია, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, ლომბარდი და სარდაფები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, გორში ქურდობის 268 შემთხვევა დაფიქსირდა.

გოჩა ბერუაშვილს სასურსათო მაღაზია კომბინატის დასახლებაში აქვს. ამბობს, რომ ორი წლის განმავლობაში მაღაზია ორჯერ გაუქურდეს

"უკვე მეორედ გამიქურდეს მაღაზია. სიგარეტები წაიღეს. თავისთავად, მაღაზიის კარიც დააზიანეს. ვინ გაქურდა, მგონი ჯერაც არ დაუდგენია პოლიციას. ახლა, იძულებული ვარ ღამით მე თვითონ შევამოწმო ხოლმე", - ამბობს გოჩა ბერუაშვილი. 

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ქურდობის 268 შემთხვევიდან გორის პოლიციამ მხოლოდ 46 საქმე გახსნა. სიას ადვოკატი რეზო რევაზიშვილი ამბობს, რომ არცთუ იშვიათ შემთხვევებში, ქურდობებში ეჭვმიტანილები არასრულწლოვნები არიან. იმის გამო რომ კანონის თანახმად მათი პასუხისმგებლობაში მიცემა ვერ ხერხდება, შესაბამისად არც დგება გამამტყუნებელი განაჩენი და საქმეც გაუხსნელად ითვლება.

"მხოლოდ ერთ წელიწადში, გორში მინიმუმ 80 ქურდობა ჩაიდინეს  არასრულწლოვნებმა. მათი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დგება, ვერ დგინდება გამამტყუნებელი განაჩენი. ამიტომაც საქმე ითვლება გაუხსნელად და ეს, რა თქმა უნდა, აისახება სტატისტიკაზეც.", - ამბობს საია -ს ადვოკატი.

გაუხსნელი საქმეების მაღალი მაჩვენებლის მეორე მიზეზად საიას წარმომადგენელს პოლიციის თანამშრომლების არაპროფესიონალიზმი მიაჩნია. ამბობს, რომ კრიმინალურ პოლიციაში რეფორმებია ჩასატარებელი, რადგან პოლიციის თანამშრომლების 90% - მა ის გამოცდები ვერ ჩააბარა, რაც მათი კვალიფიურობის კითხვებს მოიცავდა. 

"მათ თუ იპოვეს მოწმე, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ასე ხსნიან დანაშაულს. ან ცდილობენ იპოვონ ვიდეოჩანაწერი. თუ ვერცერთი ვერ მოახერხეს, დანაშაული რჩება გაუხსნელი. სასწრაფო რეფორმებია ჩასატარებელი კრიმინალურ პოლიციაში, რადგან, ბოლოს და ბოლოს, პოლიციელების 90% პროცენტი ჩაიჭრა გამოცდებზე. არამხოლოდ რიგითები, არამედ თანამდებობის პირებიც", - გვითხრა ადვოკატმა.

ლექსო მერებაშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრში მუშაობს. ამბობს, რომ პოლიცია კონკრეტულ დანაშაულებთან დაკავშირებით ხშირად გულგრილობას იჩენს. მერებაშვილი კონკრეტულ საქმესაც იხსენებს - ბანკომატის ქურდობისას ვიდეოთვალმა დანაშაულის ჩამდენი პირი დააფიქსირა, პოლიციამ კი დღემდე მისი იდენტიფიცირება ვერ შეძლო.

"გაუხსნელი დანაშაულის ასეთი მაღალი მაჩვენებელი არაკვალიფიციურობის და გულგრილობის ბრალია. გულგრილობის იმიტომ, რომ ცდილობენ დახურონ ისე, თითქოს ვერ პოულობენ დანაშაულის ნიშნებს ან შეეხოს ხანდაზმულობის ვადა. მაგალითად, ბანკომატის გაქურდვისას, ვიდეოთვალმა დააფიქსირა დანაშაულის ჩამდენი ფულით ხელში, მაგრამ პოლიციამ იდენტიფიცირება ვერ შეძლო. ჩვენ რომ არ ჩავრეულიყავით, საერთოდ არც აპირებდნენ ამ ვიდეოჩანაწერის ამოღებას. სავარაუდოდ, გულმოდგინებას ასეთი საქმეების მიმართ იმიტომ არ იჩენენ, რომ ბევრი უფრო მეტად მძიმე დანაშაულიც აქვთ გასახსნელი და ამისთვის აღარ სცალიათ", - ამბობს მერებაშვილი.

ქურდობების გარდა, გაუხსნელი საქმეების მაღალი მაჩვენებელი გორის პოლიციას ძარცვების საქმეებში აქვს. გორში მომხდარი ძარცვის 11 შემთხვევიდან გორის პოლიციამ მხოლოდ 6 - ის გახსნა შეძლო. აგვისტოს თვეში დაფიქსირებული ძარცვის 5 შემთხვევიდან კი პოლიციის თანამშრომლებმა ვერცერთი გახსნეს.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი