დედა-შვილი, რომელიც სიზმარში ნასწავლი წამლებით ხალხს მკურნალობს

დეკემბერი 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რუსუდან მითაგვარია 5 წელია, რაც მცენარეული საშუალებებით ხალხს მკურნალობს. ამბობს, რომ წამლების დამზადების მეთოდი სიზმარში ისწავლა

39 წლის რუსუდან მითაგვარია ფლავისმანში მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი მთავარი ინტერესი სოფლის მეურნეობის განვითარებას ეხება და სურს, რომ ამ პროცესში მისი შვილებიც ჩართოს. სწორედ ერთობლივი მუშაობის შედეგად დამზადებული პროდუქტი დღეს მან გორში ჩამოიტანა და ახალგაზრდებთან პრეზენტაცია მოაწყო. გამოფენას ევროპული განათლების აკადემია "ბიდისიმ" უმასპინძლა. შეკრებილ საზოგადოებას რუსუდანმა მისი საქმიანობის საიდუმლოც გაუმხილა და აღნიშნა, რომ გარდა ნატურალური პროდუქტებისა, ის მცენარეებით წამლებსაც ამზადებს, რაც მისივე თქმით, სიზმარში ისწავლა. 

"ინტერესი, რაც მცენარეებსა და ნატურალურ პროდუქტს უკავშირდება, ბავშვობიდან მომყვება. მამაჩემის მამიდა 105 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ამზადებდა სწორედ ბალახეულ წამლებს და მახსოვს, ბევრი აკითხავდა დასახმარებლად. ჩემ დას დაბადებისას ჰქონდა ჭიპის პრობლემა და მახსოვს სწორედ ამ ქალმა გადაარჩინა. დედაჩემმა სად აღარ იარა, მაგრამ ვერაფერს შველოდა. სწორედ ამ დროიდან ჩამიჯდა გონებაში რომ ბალახზე დამზადებული პროდუქტები სასარგებლო იყო. ჩემი ქმარი კი მეხუმრება, სიბერე დაგეწყო და ამის ბრალიაო, მაგრამ თუ ვინმე ოდნავ მაინც ჩახედულია, ან საქმეში დამეთანხმება, რომ ზოგიერთ მცენარეს მართლაც სასწაულის მოხდენა შეუძლია ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის.

ზრდასრულ ასაკში კი ვნახე სიზმარი, სადაც ვხედავდი როგორ ამზადებდნენ წამლებს იმ მცენარეებით, რომლებიც ბევრია ჩვენს გარშემო. შემდეგ ეს ცხადში დავამზადე ზუსტად ისე, როგორც სიზმარში ვნახე და პირველი მე დავლიე. ვიგრძენი, რომ ენერგია მომემატა, შემდეგ უკვე ხშირად ვაკეთებდი ამას და ვხვდებოდი, რომ დაღლას ვერ ვგრძნობდი საქმეში, შემდეგ სხვებმაც დამიჯერეს და ახლაც ბევრი მაკითხავს ნათესავები ახლობლები. ისინიც მიხვდნენ, რომ იმუნიტეტს აძლიერებს და ხშირად მიირთმევენ", - ამბობს რუსუდან მითაგვარია. 

48891712 2543244665700791 2055655791217606656 odsada

გორში გამართულ მცირე პრეზენტაციაზე მან დღეს შვილებთან ერთად დამზადებული თაფლი, ღვინო და ლიქიორი წარმოადგინა, რომლებიც ადგილზე მისულმა ახალგაზრდებმა დააგემოვნეს. რუსუდანი ამბობს, რომ ნატურალური თაფლი, რასაც ადამიანის ორგანიზმისთვის არაერთი სასიკეთო ცვლილების მოხდენა შეუძლია მისი ძირითადი სავიზიტო ბარათია. ყავს ფუტკრები, რომელსაც 5 წელია საგულდაგულოდ უვლის და უფრთხილდება. 

"გადავწყვიტე, ეს ჩვენი ბუნებრივი პროდუქტები, რასაც სახლში ვაწარმოებ, წარმომედგინა და მეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ ნატურალური პროდუქტი ბევრად სასარგებლო და გემრიელია. დღეს წარმოვადგინე სახლში დამზადებული ლიქიორები, ღვინოები -თაფლზე, ჟოლოზე, შავ მოცხარზე დაყენებული და ჩვეულებრივი ქართული ყურძნისგან დამზადებული. მინდა, რომ ბავშვები თვითონ უშუალოდ იყვნენ ჩართულები ამ საქმეში. ჩემთან ერთად შრომობენ და ქმნიან ნატურალურ პროდუქტს. იმედია მეურნეობა წაიწევს წინ და უფრო მეტი ნატურალური პროდუქტის წარმოდგენის შესაძლებლობა გვექნება. სახლში გვყავს ფუტკარი, 5 წლის წინ ერთი ოჯახი მოფრინდა და გავამრავლეთ. ვეფერები როგორც ბავშვებს და ისე ვესაუბრები, ძალიან მიყვარს და ვუმღერი კიდეც ხშირად. ძალიან დიდებული მწერია და მართლა სჭირდება მოფერება და გაფრთხილება. მე და ბავშვები (5 წლის და 8 წლის) ვაკეთებთ ამ ყველაფერს", - ამბობს რუსუდან მითაგვარია.

რუსუდან მითაგვარია ნატურალური პროდუქტებისა და მცენარეული სამკურნალო საშუალებების დასამზადებლად ინტერნეტს ნაკლებად იყენებს. ამბობს, რომ ძირითადად მამისგან დატოვებული წიგნებით ხელმძღვანელობს. 

"მამაჩემს აგრარული უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრდებული და მცენარეებისა და მათი გავლენების შესახებ ბევრი ინფორმაციაა გადმოცემული. ასევე მაქვს ძველი წიგნები - "კარაბადინი“ და "საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები“. ხალხური მედიცინით მაქვს გაგებული კიდევ ბევრი რამ და ამ ყველაფრის შედეგად ვამზადებ ბალახეულ წამლებს, რომლებსაც უანგაროდ გავცემ ახლობლებში, ნათესავებში და ყველა მსურველთან, ვისაც მათი გამოყენების სურვილი აქვს თუნდაც პროფილაქტიკური საშუალების გამო.

გასულ წელს ტურისტებს მოასწავლეს ჩემთან მოსულიყვნენ ნატურალური პროდუქტების დასაგემოვნებლად. ავსტრალიიდან და მოსკოვიდან იყვნენ. ოჯახში მოვიდნენ და გაოცებულები წავიდნენ იმ ყველაფრით, რაც დააგემოვნეს. როგორც ჩანს, არ ელოდებოდნენ სახლის პირობებში ამ ყველაფრს. მაშინ, როდესაც ჰაერი ასე დაბინძურებულია და ეკოლოგიური პრობლემები დგას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატურალურ პროდუქტით გავზარდოთ მომავალი თაობა და ამის კეთებაში თავადვე ჩავრთოთ ისინი ადრეული ასაკიდან", - ამბობს რუსუდანი.

48414486 2543244692367455 3331542046300176384 osadaa

რუსუდანს რაიმე სახის გამოფენაში ან სხვა სახის ღონისძიებაში მონაწილეობა ამ დრომდე არსად მიუღია. გეგმავს, რომ მერიის ორგანიზებულ საახალწლო ბაზრობაში წარსდგეს საკუთარი პროდუქციით, თუმცა რამდენად მოასწრებს საჭირო მარაგის შეგროვებას უახლოეს დღეებში, ჯერ არ იცის. ამ ეტაპზე მიიჩნევს, რომ დაახლოებით ორი წელი და სათანადო ხელშეწყობაა საჭირო იმისთვის, რომ მისი საქმიანობა უფრო განავითაროს, პროდუქცია უფრო მეტად მრავალფეროვანი გახადოს და ფართო აუდიტორიას გააცნოს.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი