მძიმე ბავშვობა და ახალი წელი უფროსი თაობის მეხსიერებაში

დეკემბერი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

როგორ იხსენებს უფროსი თაობა ახალ წელს და საკუთარ ბავშვობას

83 წლის ირინე ქარელის სახლში საახალწლოდ ყოველთვის ხალხმრავლობაა. 31 დეკემბრს მასთან 3 შვილი, 7 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი მიდის. ირინე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში ცხოვრობს, რომელიც კონფლიქტის ზონიდან 7 კილომეტრით არის დაშორებული. ამბობს, რომ 1 დღისთვის მთელი წლის განმავლობაში ემზადება, რადგან ოჯახი ერთად მხოლოდ საახალწლოდ იკრიბება.

"ჩემს ასაკში ახალი წელი ალბათ უფრო მეტად იმიტომ ახარებთ, რომ მთელი ოჯახი ერთად შევიყრებით. ჩემი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები რომ მოდიან, ეს ჩემთვის მართლაც სასიხარულოა. სხვაგვარად ახალი წელი ჩემთვის იგივე იქნებოდა, როგორც ერთი ჩვეულებრივი დღე", - ამბობს ირინე.

უფროსი თაობის მეხსიერებაში შემორჩენილი საახალწლო ტრადიციები მძიმე ბავშვობის ფონზე 1

საახალწლო სუფრა ირინეს სახლში ყოველთვის განსაკუთრებულია. სოფლის ნობათს შვილების და შვილიშვილების ჩატანილი პროდუქტი ემატება. თუმცა, მთავარი კერძი, საახალწლო საცივი, ყოველთვის მისი ნახელავია. მისი ამოვლებული ჩურჩხელები კი პატარებისთვისაა განკუთვნილი.

"საახალწლოდ არაფრის ყიდვა მჭირდება, რადგან ჩემი მოვლილი და მოყვანილი მაქვს ყველაფერი. საცივსაც ვამზადებ, გოზინაყსაც და ჩურჩხელებსაც. სულ იმ მოლოდინით ვფაციფუცობ სახლში, რომ ჩემები მოვლენ და მე მათთვის რამე უნდა მქონდეს მომზადებული", - გვითხრა ირინემ.

ირინე იმ დროს იხსენებს, როდესაც საახალწლო დღის დაგეგმვასა და სამზადისში მონაწილეობა იღებდა. ამბობს, რომ 31 დეკემბერს, ღამის 12 საათზე ყველა გარეთ გადიოდა, ცას შეხედავდა და ერთ სურვილს ჩაიფიქრებდა. შემდეგ კი, იწყებოდა უკვე თოფის სროლით ახალი წლის აღნიშვნა და სტუმრობა ნათესავებთან თუ მეზობლებთან.

უფროსი თაობის მეხსიერებაში შემორჩენილი საახალწლო ტრადიციები მძიმე ბავშვობის ფონზე 2

"ყოველ ახალ წელს ტრადიციად გვქონდა, როგორც მასპინძლობა, ისე სტუმრობა ნათესავებთან თუ მეზობლებთან. საცივი, გოზინაყი, შემწვარი გოჭი და კაკლის მურაბა ყველა ოჯახში იყო. ღამის 12 საათზე, როცა საახალწლო „ხლაპუშკებს“ ისროდნენ, ყველა გარეთ ვიყავით და განათებულ ცას შევცქეროდით. ამ დროიდან იწყებოდა უკვე მილოცვები და მეკვლეობაც. მეზობლები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ შენ კარგი ფეხი გაქვს ჩემთან შემოდიო", - იხსენებს ირინე.

ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ირინეს სახლში მისასვლეად მიპატიჟება არასდროს სჭირდება, მზია ხმიადაშვილია. მზია ირინეს მეზობლად ცხოვრობს. მას გადაადგილება უჭირს, მაგრამ ირინესთან სტუმრობისთვის ენერგიისა და დროის გამონახვას ყოველთვის ახერხებს. ცდილობს, საახალწლო სუფრის გაწყობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

უფროსი თაობის მეხსიერებაში შემორჩენილი საახალწლო ტრადიციები მძიმე ბავშვობის ფონზე 3

"ირას შემოვუვლი ხოლმე, ჩურჩელებისთვის კაკლის დაჭრასა და აგებაში, მწვანილის გარჩევასა და ასეთ საქმეებში ვეხმარები. თან ვიხსენებთ ხოლმე ახალი წლის მოგონებებს ჩვენი ახალგაზრდობის პერიოდში. მახსოვს 2 იანვრისთვის კვერებიც ცხვებოდა და ბედობას ვინც ამ კვერებს შეჭამდა იმ ღამეს სიზმარში საბედოს ვინაობას ელოდებოდა. შეიძლება ეს რეალობას მოკლებული იყო, მაგრამ გასათხოვარი გოგოებისთვის კვერების ცხობის პროცესი განსაკუთრებული რიტუალი იყო“, - ამბობს მზია ხმიადაშვილი.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი