რა ჯდება წელს საახალწლო სუფრა - ფასები გორის ბაზრიდან

დეკემბერი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რა ჯდება საახალწლო სუფრა? ეს კითხვა ყოველ წელს დეკემბრის დადგომისთანავე ჩნდება. როგორც წესი, დეკემბრის თვის დადგომასთან ერთად, ბაზარში ფასები მატულობს და მოსახლეობას გაორმაგებულ ფასებში უწევს საკვები პროდუქტების შეძენა. რადიო "მოზაიკამ" დაიანგარიშა, რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრის გაწყობა.

ახალი წლის მოახლოება გორის ბაზრებსაც შეეტყო. გამყიდველები ამბობენ, რომ კლიენტები ტრადიციულად 29- 30-31დეკემბრისთვის იძენენ იმ პროდუქტებს, რაც საახალწლო სუფრის გასაწყობად სჭირდებათ. 

"თითქმის ყოველ წელს, ამ დროს, ასეთი მდგომარეობაა. კლიენტს ყოველთვის ურჩევნია დეკემბრის ბოლო დღეებში შეიძინოს პროდუქტი, არადა, ამ დროს უკვე მომატებულია ფასები", - ამბობენ გამყიდველები გორის ბაზარში.

უამინდობის მიუხედავად, გორის ბაზარში მყიდველის მომატებით დღევანდელ დღესაც გამოარჩევენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ წელს ახალი წლის სუფრა გასულ წელთან შედარებით ძვირი დაუჯდებათ. 

"წელს ყველაფერს ცეცხლის ფასები ადევს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაძვირდა პური, შაქარზეც მომატებულია ფასები".

"ახალ წელს ვცდილობთ "ბარაქიანად“ შევხვდეთ. მზადებას 30 დეკემბრიდან ვიწყებ ხოლმე, გასულ წელს, მაგალითად, მინიმუმ 400 ლარი დავხარჯეთ საახალწლო პროდუქტების შეძენაში. ტრადიციად გვაქვს, რომ გვქონდეს გოჭი, საცივი, გოზინაყი, ტოლმა, სალათები და ხილი“, - ამბობს მარინა დავითაშვილი.

"1 კგ კაკალი 8 ლარი ღირს, ღორის ხორცი - 10 ლარი, ტკბილეულის (შოკოლადი და სხვა) ფასი 5 ლარიდან იწყება. მანდარინის კი - 50 თეთრიდან. არ ვიცი, რის ყიდვას შევძლებ და რისას - ვერა. დაახლოებით 200 ლარი ხომ მაინც უნდა გედოს ჯიბეში, რომ სტუმარი რომ მოგივა, რამე დაახვედრო“, - ამბობს ირმა კაკალაშვილი.

როგორც ყოველთვის, წელსაც ყველაზე ძვირი გოჭია, რომლის ფასი 100-ლარიდან იწყება. რაც შეეხება ღორის და საქონლის ხორცს, ის წელს შარშანდელივით 1 კგ 12-13 ლარი დაგიჯდებათ. ერთი ქათმის ყიდვა კი საშუალოდ, 10-15 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

ზოგიერთ პროდუქციაზე ფასი უცვლელია და შარშანდელს ემთხვევა. წელს ოჯახს ტრადიციული ქართული საახალწლო სუფრა საშუალოდ 350 ლარი დაუჯდება.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი