გორში, საბავშვო ბაღების დირექტორები სასწავლო პროცესის შეჩერებას ითხოვენ

იანვარი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის ბაგა-ბაღის დირექტორები ზამთრის არდადეგების გაგრძელებას ითხოვენ. მათი თქმით გავრცელებული ინფექციების ფონზე სააღმზრდელო დაწესებულებებში დღეს აღსაზრდელების მცირე რაოდენობა მივიდა. 

მე-12 ბაგა-ბაღის დირექტორი ქეთი დავითაშვილი რადიო “მოზაიკასთან“ ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, რამდენიმე აღსაზრდელი სახლში თავად გააბრუნა. 

“280 ბავშვიდან 40 ბავშვი მოვიდა. ეს ბავშვებიც მშობლებმა მოიყვანეს იმიტომ, რომ გაცდენა არ დაუფიქსირდეთ, ან მუშაობენ და სამსახურის გამო ბავშვს ვერსად ტოვებენ. ახლა უკვე ეს რაოდენობაც მცრიდება, გაყავთ ბავშვები. 3 აღსაზრდელი უკან გავუშვი, მშობლები მეუბნებიან, რომ მარტო სურდო აქვთ, მაგრამ რით ვართ დაზღვეულები, რომ ვირუსი არ არის? ხვალ რომ ვირუსი მოედოს ყველას და ფატალური შედეგი დადგეს, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი? მართლა ძალიან ვნერვიულობ, იმიტომ, რომ ერთ-ერთმა მშობელმა დამირეკა, რომ მის შვილს 40 გრადუსი სიცხე აქვს, კლინიკაში კი არ დატოვეს, რადგან ადგილი არ ჰქონდათ. კარგი იქნებოდა, რომ არდადეგები გაეგრძელებინათ“, - ამბობს ქეთი დავითაშვილი. 

ქეთი დავითაშვილის მოსაზრებას მე-16 ბაგა-ბაღის დირექტორიც იზიარებს. მარიკა გიგიაური ამბობს, რომ სააღმზრდელო დაწესებულებებში არდადეგების გაგრძელება სასურველია. 

“140 ბავშვიდან 30 ბავშვი მოვიდა. მეც ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა არდადეგები გაეგრძელებინათ, სანამ ცოტა არ ჩაცხრება ეს ვირუსები და ინფექციები. ამ დროის განმავლობაში, ბაღებში ჩატარდება დეზინფექცია და სწავლა განახლდეს მოგვიანებით. როგორც ჩემთვის ცნობილია, უკვე პიკს მიაღწია გრიპის ვირუსით დაავადებული ადამიანების რიცხვა კლინიკებში და ბავშვებს აღარ იღებენ“, - ამბობს მარიკა გიგაური. 

მე-6 ბაგა-ბაღის დირექტორი თინა წერეთელი ამბობს, რომ მის ბაღშიც გავრცელებული ვირუსული ინფექციების გამო აღსაზრდელების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. 

“ზოგმა მოიყვანა, ზოგმა არა. ძირითად, ისეთი ბავშვები არიან, ვისი მშობლებიც მუშაობენ და ფიზიკურად დატოვება არსად არ შეუძლიათ. ძალიან ბევრ მშობელს შეეშინდა და აღარ მოიყვანა. მე თვითონაც გაურკვევლობაში ვარ, როგორ უნდა მოვიქცე. ფაქტია, საშიშროება არის, რადგან უკვე ასე გავრცელდა და ამდენი ადამიანი მკურნალობს სამედიცინო დაწესებულებებში“, - გვითხრა თინა წერეთელი. 

ბაღების დირექტორებს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა უპასუხა. ლია კოვზიაშვილის თქმით, სააგენტო სახელმწიფოს მოვალეობას ვერ შეასრულებს და კარანტინს ვერ გამოაცხადებს.

"ჩემი მხრიდან პასუხი ასეთია, - თუ სახელმწიფო გამოაცხადებს, რომ ეს არის ეპიდემია, თვითონ სახელმწიფო გამოგვიცხადებს, რომ შევწყვიტოთ სასწავლო პროცესი. ამ შემთხვევაში, ეპიდემია გამოცხადებული არ არის და შესაბამისად, მე ვერ დავადგენ ეს ეპიდემიაა, ვირუსია, გამწვავებაა თუ რაშია საქმე. ამიტომ გამოვაცხადეთ თავისუფალი დასწრება. თუ კი, მშობლებს ჯანმრთელი ბავშვები ჰყავთ და სურვილი აქვთ, რომ ატარონ ბაღში, ბაღი იმუშავებს. ვისაც არ ექნება სურვილი და შიში ექნება მდგომარეობის გამწვავების, ეყოლება სახლში და გაცდენები მის ბავშვს არ ჩაეთვლება", -  განაცხადა ლია კოვზიაშვილმა. 

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი დღეს განახლდა, თუმცა გახშირებული გრიპის ვირუსების გამო, რამდენიმე სააღმზრდელო დაწესებულებაში აღსაზრდელების უმეტესობა არ მივიდა.

საქართველოს მასშტაბით საბავშვო ბაღების დიდმა ნაწილმა თავისუფალი დასწრება გამოაცხადა.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი