რამდენი სოფელია გაზის გარეშე დარჩენილი - ხელისუფლებისა და ოპოზიციის განსხვავებული მონაცემები

იანვარი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ქვახვრელის, უფლისციხის, ხიდისთავისა და ატენის გაზიფიცირებაზე ხელისუფლება ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და რეალურად ამ სოფლის მაცხოვრებლები გაზით ვერ სარგებლობენ", - ეს განცხადება საკრებულოს წევრმა ენმ - დან ვასილისა ჯაბახიძემ გააკეთა. 

"ქართული ოცნების დეპუტატმა გორის საკრებულოში, თამარ მურალოვამ თქვა "წლის ტყუილი". მე პირადად ჩავედი ამ სოფლებში და მოქალაქეები გაზით ვერ სარგებლობენ. მხოლოდ დეკორაციისთვისაა ზოგიერთ სოფელში გაზის მილები ჩაყრილი და ბუნებრივი აირის გაშვება არ ხდება. არც მრიცხველები არსებობს და მხოლოდ ცენტრალური მილებით მოსახლეობა ვერ ისარგებლებს. მმართველმა გუნდმა რომ არჩევნების პირველი ტური წააგო ამ სოფლებში, მხოლოდ მას შემდეგ მოაჩვენეს ხალხს თავი, რომ ხმა მოგვეცით და გაზს გამოგიყვანთო. ქალბატონმა თამარ მურალოვამ მოსახლეობას თვალში ნაცარი შეაყარა და მოიტყუა, როდესაც ამ სოფლების გაზიფიცირებაზე ინფორმაცია გაავრცელა. ატენია გამონაკლისი, სადაც მხოლოდ ორი ოჯახი სარგებლობს ბუნებრივი აირით", - აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.

მმართველი პარტიის წევრი, თამარ მურალოვა განმარტავს, რომ გორის მუნიციპალიტეტის 105 სოფლიდან ბუნებრივი აირი თითქმის ყველა სოფელს მიეწოდება ერთეული გამონაკლისების გარდა, სადაც დეპუტატ თენგიზ ხუბულურის აქტიური მუშაობის შედეგად, უკვე გადაწყვეტილია დარჩენილი სოფლების გაზიფიცირებაც მიმდინარე წელს.

"ქალბატონ ვასილისასთან ერთად ერთ - ერთ გადაცემაში საუბარი იყო ზერტზე, კირბალზე, ატენსა და ქვახვრელზე. ჩემს მიერ დასახელებულ პირველ სამ სოფელში გაზი არის ქვახვრელსა და უფლისციხეში. დამთავრებულია სამუშაოები და ჩართვას ელოდებიან. დღე დღეზეა საქმე მისული და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ბუნებრივი აირით ისარგებლოს. ხიდისთავში კი ბატონო, სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა. ასევე დასრულებულია სკრაში, მოსახლეობის ნახევარზე მეტს ოჯახებში უკვე აქვს შეყვანილი გაზი. თითქმის ყველგანაა ბუნებრივი აირი, კოშკებშია დარჩენილი, პატარა და დიდი გორიჯვარი და არაშენდაშია დარჩენილი, სავარაუდოდ წელს დასრულდება ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით", - განმარტავს თამარ მურალოვა.

მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის 105 სოფლიდან 19-ს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, ხოლო სოფლებში ხიდისთავსა და თერგვისში, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დაწყებულია. 2014 წლის შემდეგ სულ 85 სოფლის გაზიფიცირება მოხდა, თუმცა ამ პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობას მხოლოდ შუამავლის ფუნქცია აკისრია. დასახლებების გაზიფიცირება ან/და სამუშაოების დაგეგმვა განხორციელება უშუალოდ ენერგეტიკის სამინისტროს პრეროგატივაა.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი