გორის დემოკრატიის სკოლაში ახალი სასწავლო კურსი დაიწყო

თებერვალი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

გორის დემოკრატიის სკოლაში სასწავლო კურსი მეშვიდე ნაკადისთვის გაიხსნა. დემოკრატიის სკოლაში, 5 თვის განმავლობაში, 22 მსმენელი ისწავლის.

ლაშა საბაშვილი ილიას ჭავჭავაძის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების მესამე კურსის სტუდენტია. ის იმ 22 მსმენელს შორის მოხვდა, რომლებიც გორის დემოკრატიის სკოლაში ჩაირიცხნენ. დემოკრატიის სკოლის შესახებ მან მეგობრებისგან გაიგო. ამბობს, რომ სასწავლო პროცესისგან  ბევრი მოლოდინი აქვს

"დემოკრატიის სკოლისგან ველი საკმაოდ ბევრ რამეს. მინდა, რომ საზოგადოებრივ საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩავერთო. გორში ამ მხრივ განვითარებულია სიტუაცია და მინდა, რომ მეც ამ ყველაფრის ნაწილი გავხდე. გარკვეული უნარების განვითარებაშიც დამეხმარება - მომდევნო ეტაპზე დებატების სკოლა უნდა იყოს, რომლითაც ძალიან ვარ დაინტერესებული", - ამბობს ლაშა. 

51161279 309490899925217 7128263732618067968 n

"პიროვნული განვითარება" - ასეთია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ლექსო მერებაშვილის მოლოდინი. 

"პირველი, რასაც ამ სკოლიდან ველი, ესაა პიროვნული ზრდა, რაშიც, რა თქმა უნდა, დამეხმარება ის ცოდნა, რასაც მივიღებ ამ სკოლიდან. პირველივე შთაბეჭდილება იყო ძალიან კარგი და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი ლექციები და შეხვედრები კიდევ უფრო საინტერესო და აქტიური იქნება", - გვითხრა ლექსო მერებაშვილმა.

პირველი ლექცია დემოკრატიის სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ ჩაატარა. ის ამბობს, რომ საოკუპაციო ზოლთან მდებარე ქალაქში, სადაც ჯერ კიდევ არის საბჭოთა დიქტატორის სახელობის ქუჩა და სკვერი, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია.

"ერთ - ერთი მიზანი, თუ რატომ გავხსენით დემოკრატიის სკოლა ამ ქალაქში, იყო ის, რომ ეს არის ქვეყნის პოლიტიკური არტერია და ქვეყანაში მიმდინარე ამბები აქ ძალიან მნიშვნელოვნად აისახება ხოლმე. გარდა ამისა, ძალიან ახლოს არის საოკუპაციო ხაზთან და ესეც არის ფაქტორი, რომ აქ უნდა იყოს ძლიერი, დინამიური,  დემოკრატიული საზოგადოება. გარდა ამისა, გორში ჯერ კიდევ არის სტალინის გამზირი, და რაღაცა პერსპექტივაში, გორში ვერ იქნება ერთად სტალინის გამზირი, დემოკრატიის სკოლა და თვითმმართველობა", - ამბობს ლევან ცუცქირიძე. 

51377821 2249564055286114 7150011982421164032 n

აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სწავლების პროგრამა მუდმივად ვითარდება, რადგან ყოველთვის ითვალისწინებენ წინა მსმენელების სწავლებისას მიღებულ გამოცდილებებს.

"ჩვენ, ბუნებრივია, გამოცდილებას ვაგროვებთ და ყველა ჯგუფიდან მეტს ვსწავლობთ. ყოველთვის ვეკითხებით აზრს როგორც არაფორმალურად, ისე ფოკუს  - ჯგუფების, გამოკითხვების საშუალებით. ამიტომ პროგრამა მუდმივად ვითარდება. ეს პროგრამა ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც დასაწყისში იყო.

ამ ჯგუფთან დაკავშირებით კი გამოჩნდა, რომ მათ აინტერესებდათ ის საკითხები, რაზეც საუბრობდით. აქ დავინახე ინტერესი და ბევრი განსხვავებული მოსაზრება სხვადასხვა საკითხებზე", - თქვა ლევან ცუცქირიძემ.

EECMD განაგრძობს ძალისხმევას რათა განავითაროს პოლიტიკური აქტორების შესაძლებლობები, გააუმჯობესოს პოლიტიკური და საარჩევნო გარემო და გააძლიეროს დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა. 7 წლის განმავლობაში, დემოკრატიის სკოლა 600 მსმენელმა დაამთავრა.

51495999 487822418288827 3754611666579357696 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი