გორელი ქალები, რომლებიც საარსებო მინიმუმისთვის სიბერეს ქუჩაში ატარებენ

თებერვალი 27 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის ძველ ბაზართან გავლისას, აუცილებლად შეხვდებით ადამიანებს, რომელთა შრომა საზოგადოებისთვის ხშირ შემთხვევაში უხილავია. ისინი საკუთარი ოჯახების სარჩენად, ნებისმიერი ამინდში ღია ცის ქვეშ დგანან. რადიო “მოზაიკა“ დაინტერესდა, როგორია ამ ადამიანებისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე.

 

დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი 77 წლის მარუსია პროფესიით ექთანია. იუსტიციის სახლის მიმდებარედ სოფლიდან ჩამოტანილ პროდუქტს ყიდის. ამბობს, რომ ქუჩაში ვაჭრობა დევნილობაში დაიწყო და ოჯახს ამ საქმით არჩენს. ჩირი, ლობიო, ნიორი, ვარდის ნარგავები და სხვა წვრილმანი ერთ პატარა მაგიდაზე აქვს გაშლილი.

სახლიდან მაქვს ყველაფერი გამოტანილი. დევნილი ვარ თამარაშენიდან, დიდი სახლები დავტოვე და საკუთარ ქვეყანაში დევნილი გავხდი. მხოლოდ პურის ფულს ვიღებ აქ დგომით, მეტი არაფრისთვის მყოფნის. ათი წელია, ასე გარევაჭრობით ვირჩენ თავს. წინა წლებში, უკეთესი მდგომარეობა იყო, ახლა აღარც ხალხს აქვს და ჩემთან ვიღა მოვა. პროფესიით ექთანი ვარ და ვმუშაობდი ცხინვალის საავადმყოფოში. ვოცნებობ დავბრუნდეთ ჩვენს ტერიტორიაზე“, -  გვითხრა მარო ბებომ.

atasi ragaca bazari anas masala

61 წლის ზაირა გორში ცხოვრობს. მისი დღე დილით ადრე იწყება. დღის განმავლობაში, რამდენიმე კილომეტრს გადის, ხელით დააქვს წინდები, შარვლები, მაისურები და გამვლელებს სთავაზობს. ზაირას გადაადგილება უჭირს, რადგან ფეხები აწუხებს.

“მთელ დღეს ქუჩაში ვატარებ. ვყიდი წინდებს, მაისურებს, შარვლებს. დიაბეტი მაქვს, ფეხები მაწუხებს და გადაადგილება მიჭირს. დღის განმავლობაში, ორი ლარი თუ დამრჩება, რაც აბა რაში უნდა მეყოს?!“, - ამბობს ზაირა.

74 წლის თინა ყოველდღე სოფლიდან გორის ბაზარში ყველის გასაყიდად ჩამოდის.  ამბობს, რომ რძის პროდუქტის გაყიდვით მოგროვებულ თანხას ბანკში იხდის. პენსია კი ხშირად საჭირო მედიკამენტების შესაძენადაც არ ყოფნის.

“ყოველ დილით სოფლიდან ჩამოვდივარ, რძე და მაწონი ჩამომაქვს. სადაც ვდგავარ, ადგილისას არ ვიხდი, მაგრამ რასაც აქ ვიღებ, ბანკებში ვიხდი, რა ვქნა, ვალები აქვს ოჯახს და ვეხმარები.  რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ“ , - გვითხრა თინამ.

yveli da rdzis produqtebi anas masala

მარუსიას, ზაირას და თინას ისტორიები გვიჩვენებს, რომ სავაჭროდ გამოსული ადამიანების მომღიმარი და თბილი გამოხედვის მიღმა, ხშირად ბევრი ყოფით პრობლემა და სევდიანი ისტორიები იმალება. 

 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი