სხვისი შვილების დედა - ქეთევან ხმიადაშვილის ისტორია

მარტი 03 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

53 წლის ქეთევან ხმიადაშვილი გორში, სადგურის დასახლებაში ცხოვრობს. ის სამი შვილის დედაა, თუმცა ბოლო წლებია, მეურვეობა სხვის შვილებზეც აიღო.

ორი შვილი საკუთარ ოჯახებთან ერთად ცალკე ცხოვრობს. 18 წლის გიორგი კი მშობლებთანაა და დაოჯახებული დების გარდა, ოჯახში 3 დობილი ჰყავს. სხვისი შვილები ქეთევანმა თავის ოჯახში თავდაპირველად 2010 წელს მიიყვანა. ახლობლისგან გაიგო, რომ მოქმედებდა სახელმწიფო პროგრამა, რაც მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მეურვეობას გულისხმობდა. პროგრამაში ჩართვის სურვილი მაშინ გადაწყვიტა, როდესაც მეუღლე სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წავიდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოჯახის მთელი ტვირთი მას დააწვა, თუმცა როგორც თავად ამბობს, საქმე არ აშინებს და დღის განმავლობაში მისი მთავარი მიზანი ოჯახის წევრებზე ზრუნვაა.

„ამ პროგრამის შესახებ ჩემი მეგობრისგან გავიგე. ქმარი საქართველოში არ იმყოფებოდა, სახლში მცირეწლოვანი შვილი მყავდა და სამსახურში ვერ გავდიოდი. გადავწყვიტე ბავშვები სახლში მომეყვანა. არ შემიძლია უსაქმოდ ყოფნა და მინდოდა, კარგი საქმე მეკეთებინა. მეუღლეს შევუთანხმდი, დავწერე განცხადება, სოციალურმა სააგენტომ შემამოწმა და ერთ თვეში მოვიყვანეს ბავშვები", - იხსენებს ქეთევანი.

მას კარგად ახსოვს ის წლები, როცა სახლში ორი პატარა გოგონა მიიყვანა. ერთი მათგანი დღეს უკვე სრულწლოვანია და საკუთარი ოჯახი ჰყავს. 

"მეათე წელია, სხვისი შვილების დედაც ვარ. თავდაპირველად, ორი პატარა გოგონა, დები მოვიყვანე. ერთი უკვე სრულწლოვანი გახდა და გათხოვდა, 9 წელი იყო ჩემთან. ახლა ოჯახი აქვს და ბავშვს ელოდება. მეორე და ისევ ჩემთანაა. მასთან ერთად, წინა წელს კიდევ ორი არასრულწლოვანი გოგონა მოვიყვანე. ახლა დროებით მზრუნველობაში სულ სამი ბავშვი მყავს. სხვისი შვილების ოჯახში შემოყვანას თავიდან ემოციურად შევხვდი, შიში მქონდა. არ ვიცოდი რამდენად გავართმევდი თავს უცხო ბავშვებთან დაახლოებას, საერთო ენის გამონახვას და ოჯახის წევრივით აღზრდას".

ქეთევანმა ამ წლების განმავლობაში, არაერთი ტრენინგი და გადამზადების კურსი გაიარა.

"ჩავერთე შესაბამის ტრენინგებში, თვითონ სოციალურმა სააგენტომ გადაგვამზადა ასეთი ქალები და ძალიან მალე მივხვდი, რა მიდგომები და ძალისხმევა იყო საჭირო იმ ყველაფრისთვის, რაც თავდაპირველად მაშინებდა. ამ გადასახედიდან უკვე მგონია, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ვართმევ, ყოველ შემთხვევაში, ბავშვების მხრიდან ასე ვგრძნობ, რომ მათთვის ის ადამიანი ვარ, რომელიც მასზე ზრუნავს, რომლის იმედი აქვთ, რომელსაც ყველა იმ საჭიროებაზე უნდა ესაუბრონ, რაც მათ აკლიათ და მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობ მათი მეგობარი ვიყო. ხშირად რჩევებს ვაძლევ ისე, როგორც თავის დროზე ჩემ შვილებს ვარიგებდი, ვასწავლი ქალის როლს ოჯახში, საზოგადოებაში და ა.შ. თავიდან ვფიქრობ მკაცრად ვექცეოდი, შემდეგ შევიყვარეთ ერთმანეთი და ახლა როგორც საკუთარი შვილები, ისე მყავს“.

დედობა და ბავშვებზე ზრუნვა მისთვის უდიდეს პასუხისმგებლობასთან ასოცირდება. ზოგჯერ ჰგონია, რომ ზედმეტად ემოციური დედაა. ფიქრობს, რომ ხშირად შვილებზე იმაზე მეტად ნერვიულობს, ვიდრე შესაძლოა ამის საჭიროება იყოს, ასევეა შვილობილებზეც. მისი აზრით, გოგონებს მაინც სხვაგვარი აღზრდა სჭირდებათ იმისთვის, რომ მომავალში წარმატებულ, რეალიზებულ ქალებად და ღირსეულ დედად ჩამოყალიბდნენ და თავი დაჩაგრულად არ იგრძნონ.

„ძალიან ემოციური დედა ვარ, გადაფარებული ვარ შვილებზე ისე როგორც კრუხი - თავის წიწილებზე. სულ ვნერვიულობ მათზე, როცა ვერ ვხედავ, შეიძლება უმნიშვნელო რამესაც განვიცდიდე მათზე. ვფიქრობ რომ დედამ ყველაფერი უნდა გააკეთოს შვილებისთვის, მათთვის თავი უნდა გადადოს. ზოგჯერ მკაცრი დედაც ვარ, სულ საქმის კურსში მინდა ვიყო, სად არიან, რამე ხომ არ სჭირდებათ, როდის მოვლენ... ასეთი ვიყავი და ვარ ახლაც ამ ბავშვებთან. მინდა სწორი და კარგი ადამიანები აღიზარდნონ".

ქეთევანს პირველი შვილი 18 წლის ასაკში შეეძინა, მეორე - 23 წლის.. ამბობს, იმ პერიოდში დედობა მისთვის გაუცნობიერებელი მოვალეობა იყო. ეს გრძნობა რეალურად 35 წლის ასაკში აღიქვა, როცა მესამე შვილი, ვაჟი შეეძინა. ფიქრობს, რომ ადრეულ ასაკში დაოჯახება და დედობის ტვირთის აღება იმ პასუხისმგებლობებს მოკლებულია, რაც რეალურად ნამდვილ დედას ახასიათებს. ეს განცდა კი მისი აზრით ქალს 25-წლის შემდეგ ეუფლება.

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი