გორი - ათასი ფიქრის ქალაქი

მარტი 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დაიწერა SOLO-ს ჟურნალ Voyager-სთვის

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

აქ მუდამ ქარი ქრის და არავის არსად ეჩქარება. ამ ქალაქში ერთმანეთთან თანაარსებობს წარსული და მომავალი, ომი და მშვიდობა და ათასი ფიქრი ამ ყველაფერზე. მიუხედავად იმისა, რომ გორში დრო მდორედ მიედინება, ქალაქის იერ-სახე თანდათან იცვლება. თუმცა მოკირწყლულ ქუჩებზე ჩამწკრივებული სილამაზის სალონების, ფართოვიტრინიანი სუპერმარკეტებისა და აივნიანი რესტორნების მიღმა, ძველ ეზოებში შევლისას დარწმუნდებით, რომ ქალაქი სწორედ აქედან იწყებაახალგაფენილი სარეცხის, მანქანის ზეთის და ცხელ-ცხელი კერძების სუნი ერთმანეთს ერევა და უბნის მაღაზიასთან შეკრებილი მეზობლების სჯა-ბაასს ერწყმის. ამ მაღაზიებს თავისი ერთგული მომხმარებელი არ აკლდება, რადგან მეზობლებს სწამთ, რომ მისი დახურვის შემთხვევაში, უბანში ყველაფერი თავდაყირა დადგება - ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ქვითრები დაიფანტება, სახლის გასაღებს ვეღარავის დაუტოვებენ, იქ მცხოვრებნი უბნის სიახლეებს ჩამორჩებიან დარაც მთავარია, ხელფასიდან ხელფასამდე პროდუქტის შეძენა გაძნელდება. აქაურებს კი სიმშვიდე უყვართ, რომელიც უკვე არსებულ წესრიგში აქვთ ნაპოვნი.

goris ferebi atasi 2000 4

ფოტო: ნიკა სომხიშვილი

შეიძლება იფიქროთ, რომ ეს წესრიგი მწყობრ და თანმიმდევრულ იდეებს ეფუძნება, მაგრამ გარემო ფეხის ყოველ ნაბიჯზე საპირისპიროს დაგიმტკიცებთ. აქ მთავარ გზაჯვარედინზე იოსებ სტალინის და ილია ჭავჭავაძის ქუჩები კვეთს ერთმანეთს და ეს კონტრასტულობა ყველაზე უკეთ ავლენს ამ ქალაქის ხასიათს. ოდნავ შემაღლებული ადგილიდანაც კი შესამჩნევია ის იმპულსურობა და ქაოსი, რომელშიც ეს ქალაქი არსებობს. უბნები მრავალკუთხა ფიგურებივით ცდილობენ ერთმანეთთან მიერთებას, შეხების წერტილების პოვნას, მაგრამ დარღვეული ერთიანობის დაფარვა უკვე შეუძლებელია და ეს ბუნებრივიცაა. ერთიან სივრცეს მხოლოდ გორის ციხე და მიმდებარე ქუჩები ქმნის. სხვა დანარჩენი, დროთა განმავლობაში, მოსახლეობის მატების კვალდაკვალ გაჩენილი დასახლებებია, რომლებმაც თითქოს მშნებლობის დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს ქალაქის დანარჩენ ნაწილთან შერწყმა.

xeli goris cixidaaaaan

ქალაქი ყველაზე უკეთ გორის ციხიდან ჩანს - აქაურობის ხშირი სტუმრები ტურისტები და შეყვარებული წყვილები არიან. არადა, მე თუ მკითხავთ, განმარტოებისთვისაც დიდებული ადგილია. დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია აუყვე კიბეს, კედელზე მოკალათდე, მუსიკას მოუსმინო და ქალაქი ხელის გულზე დაისვა.  თავიდან შესაძლოა მხოლოდ დაჟანგული თუნუქითა და დამტვრეული შიფერით გადახურული საბჭოთა არქიტექტურა შენიშნოთ, მაგრამ თუ ძიებას არ შეწყვეტთ, აუცილებლად დაინახავთ იმას, რაც ამ ქალაქს თავისებურ სილამაზეს სძენს - მთები და მდინარეები, ცაში მონავარდე ჩიტებ, ალაგ-ალაგ მდელოები და რაც მთავარია, ვერხვისა და ტირიფის ხეივნები. ამ ქალაქში ყოველთვის საკმარისი სივრცე და ჰაერია.

bavshvebi gartoba gris quchebi nika 11ფოტო: ნიკა სომხიშვილი

გორის ციხიდან რამდენიმე ძველი ქუჩაც მოჩანს, რომლებიც ქალაქის წარსულს ყველაზე უკეთ ინახავენ. დამშრალ შადრევანს, დახავსებულ სახლებს, მორყეულ კარებს და ჟანგმოკიდებულ აბრებს სწორედ აქ შეხვდებით. თუ ვინმე ჰორორის დაწერას გეგმავს, შესაძლოა ძველ ქუჩებზე ხეტიალი საქმის ნახევრად ექცეს. ძველ უბანში სეირნობისას იმასაც აღმოაჩენთ, რომ ამ ქალაქს ყოველთვის ჰყოფნიდა ენერგია წინსვლისა და განვითარებისთვის. მემორიალური დაფები გვამცნობენ, რომ აქ 1817 წელს სასულიერო სასწავლებელი დაარსებულა, 1857 წელს ქალთა საგანმანათლებლო ცენტრი გახსნილა და მალევე, მათ სიახლოვეს რაიონის კულტურის ცენტრიც დაფუძნებულა.

გვერდს ვერც 1939 წელს აშენებულ გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრის შენობას აუვლით. სრულიად სამართლიანად, გორელებს სიამაყით შეუძლიათ ისაუბრონ ქართული თეატრის განვითარებაზეც, რადგან 1845 წელს სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი აქ დაარსდა და XIX საუკუნის 40-იან წლებშისცენის მოყვარულთა პირველი წარმოდგენებიც ამ თეატრში იდგმებოდა.

eristavi teatri goria atasi fiqris qalaqiii

აქაურებს საკუთარი წარსულით თავმოსაწონი მართლაც ბევრი აქვთ - გორში დაიბადნენ ქართველი მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე სოფრომ მგალობლიშვილი, ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი, მეცნიერი ალექსანდრე ნადირაძე, კომპოზიტორი სულხან ცინცაძე, საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის დამფუძნებელი ილიკო სუხიშვილი... როცა საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებულ მემორიალურ დაფებს შეჰყურებ, გული გწყდება, რომ მათ ცხოვრებას და მოღვაწეობას მარმარილოზე ამოტვიფრული რამდენიმე წინანადადება ვერ იტევს. ქალაქს კი, რომელსაც საკუთარ წარსულით სხვების მოხიბვლა სურს, ისტორიის უკეთ წარმოჩენა სჭირდება.  

ძველი ამბების გაზიარების სურვილს გორელებს ხანმოკლე საუბარშიც კი დაატყობთ. ამისთვის საკმარისია საღამოს ხალხმრავალ ადგილას გაისეირნოთ. ასეთი კი ამ ქალაქში რამდენიმეა. ერთ-ერთი ასეთი პარკის შესასვლელი, რომელიც წლების წინ ბრანდენბურგის კარიბჭის მსგავსი ყოფილა. მოჩუქურთმებული თაღი 90-იან წლებში გაჩენილ ხანძარს შეეწირა და მისგან მხოლოდ ნანგრევებიღა დარჩა. ამ ამბავს "ახალბაღში" შეკრებილი მოხუცები სევდანარევი სიამაყით დღესაც ხშირად იხსენებენ ხოლმე.

თუ ქალაქში სეირნობისას ფიქრობ, რომ გორი საკუთარ სამყაროში შეყუჟული, ჩუმად მოფუსფუსე ადამიანების ქალაქია, პარკში ყველა ერთმანეთს ელაპარაკებაერთი გაღიმებით შესაძლოა ველოსიპედიც იშოვო და ბადმინტონის თამაშის მსურველთა მეწყველეობასაც გამოკრა ხელი. ახალ ბაღში ან თუნდაც სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში სასეირნოდ და საბაასოდ გამოსული ადამიანების ცქერისას გგონია, რომ ამ ქალაქის გული სწორედ ამგვარ საზიარო სივრცეებში ძგერს. ამ ადგილების მუდმივი სტუმრები ახლებს გულთბილად მასპინძლობენ, რჩევებს აძლევენ, ქალაქის ისტორიას უყვებიან. ზოგიერთ მათგანთან საუბარი ახალ საფიქრალსც კი გაგიჩენთ. აქ შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ერთნაირად იწონებენ თავს იოსებ სტალინითა და იაკობ გოგებაშვილით.

specifiuri gori nikas fotoebi  15

 

ფოტო: ნიკა სომხიშვილი

რთული არც იმის შემჩნევაა, რომ ქალაქის მკვიდრებმა გასაოცარი სიზუსტით იციან იმ ადამიანთა ბიოგრაფია, ვისი სახელებითაც თავს იწონებენ. სიამაყით გეტყვიან, რომ თბილისის ბოტანიკური ინსტიტუტი 1897 წელს გორის რაიონის სოფელ ტყვიავში დაბადებული ბოტანიკოსის, მწერლის და საზოგადო მოღვაწის, ნიკოლოზ კეცხოველის სახელს ატარებს. იმასაც ახსენებენ, რომ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალი 1875 წელს გორში დაბადებული ანთროპოლოგის, ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობისაა. სიტყვას შერთულელ ლუკა დადიანზეც ჩამოაგდებენ და გეტყვიან, რომ ის იყო პირველი მწვრთნელი, ვინც ქართველი მოჭიდავეები საქართველოდან ევროპაში, კერძოდ კი საფრანგეთში საასპარეზოდ წაიყვანა. თავისუფლებისთვის ბრძოლას გორელებს ვერავინ ასწავლისო, ამასაც დაიკვეხნიან და იქვე დიმიტრი ყიფიანს გაიხსენებენ, რომელიც 1814 წელს მერეთში დაიბადა და ერთ-ერთი იყო, ვინც საქართველოში ბატონყმობის გაუქმებისთვის იბრძოდა.

გორს არც წარმატებული, მებრძოლი და ნიჭიერი ქალები აკლდა. მასპინძლები იმასც გკითხავენ, თუ იცი “მაგდანას ლურჯას” ავტორი ვინ არისო და თუ პასუხი დააყოვნეთ, ეკატერინე გაბაშვილიო, კითხვას თავადვე უპასუხებენ. ანასტასია ხოშტარიას და მის მიერ დაარსებულ ქალთა ორგანიზაცია “მანდილოსანსაც” ახსენებენ. არც დიდებულ არსტისტს, ნატო გაბუნიას დაივიწყებენ და რამდენიმე სიტყვას კოშკებში დაბადებულ ელისაბედ ჩერქეზიშვილზეც იტყვიან, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო და 400-მდე როლი შეასრულა. ქვეყნის დამოუკიდებლობაზე თუ ჩამოუგდებთ სიტყვას, მეჯვრისხევში დაბადებულ ანა (ოლა) სოლოღაშვილზე გიამბობენ. ის ერთ-ერთი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერაო, იტყვიან. თხრობას სევდიანი ამბით დაასრულებენ და გაიხსენებენ, რომ ანა სოლოღაშვილი ანტისაბჭოთა საქამიანობის ბრალდებით 1937 წელს დახვრიტეს.

ერთი სიტყვით, აქ ადვილად იპოვით იმ ხალხს, ვისაც გორში დაბადებულ ცნობილ, სამაგალითო და საამაყო ადამიანებზე საუბარი დაუსრულებლად შეუძლია. თუმცა გაითვალისწინეთ, საუბრის გაბმამდე უპირობოდ მოგიწევთ იმაზე დათანხმება, რომ სტალინის გარეშე გორით არავინ დაინტერესდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი მათი ძალისხმევა თქვენთვის ამის მტკიცებაში დაიხარჯება. 1937 წელს აგებული სტალინის სახლმუზეუმი კი ტურისტებისთვის ერთ-ერთი მთავარი სანახაობაა, ბელადის პირადი ვაგონით, რომლითაც თეირანში, იალტასა და პოტსდამში იმოგზაურა.

vagoniii stalini gorii

 

აქაურები ხშირად წუხან იმაზეც, რომ ქალაქი საკუთარ სიძველეებს ვერ მოუფრთხილდა. ოგორც კი ამაზე დაიწყებენ ლაპარაკს, უნდა მიხვდეთ, რომ საქმე ამილახვრების სასახლეს ეხება - ქალაქის შუაგულში მდგომი ერთსართულიანი სახლის ისტორია ბევრს მიავიწყდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ფეხით შემოვლისთვის რამდენიმე საათიც საკმარისია, აქაური ატმოსფეროს შესაგრძნობად 2-3 დღით დარჩენა ნამდვილად ღირს. შესაძლოა, მუზეუმების დათვალიერებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე დატანილი ინფორმაციის ამოკითხვით ზუსტად გაიგოთ, რა იყო წლების წინ, მაგრამ თუ ამ ქალაქის აწმყოს და მომავლის დანახვა გსურთ, აუცილებლად უნდა გაესაუბროთ ბაზარში დახლების მიღმა მდგარ მემწვანილეებს, ერთიციდა ნაქირავებ ფართებში მომუშავე დალაქებს და მეწაღეებს, რომლებიც ჯიუტად, კვირიდან კვირამდე ელოდებიან კლიენტის გამოჩენას. მხოლოდ მათ აქვთ პასუხი კითხვაზე, როგორი განცდაა გიყვარდეს ქალაქი, სადაც შენი ადგილი აღარ არის.

goriiii  xidebiiii 

ფოტო: თინათინ ციცვიძე

ეს ქალაქი უბნებს შორის გადებულ ხიდებზე სეირნობის გარეშე არ უნდა დატოვოთ. აქ უამრავი ადგილია, საიდანაც დაისი შთამბეჭდავ სანახაობად იშლება. თუ გაგიმართლათ, შესაძლოა, მეთევზეც შეგხვდეთ, საუბარიც გაგიბათ და მდინარის პირას შემწვარი თევზით გაგიმასპინძლდეთ. არ ვიცი, ვინ რას ეძებს სხვა ქალაქში, მაგრამ თუ მოინდომებთ, გორში ყველაფერს იპოვით - წესრიგში - ქაოსს, სიწყნარეში - ჩოჩქოლს, აწმყოში - წარსულს და უცნობში - ნაცნობს. მთავარია, იცოდეთ, რას ეძებთ.

 

მთავარი ფოტო: გიორგი ისაკაძე

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი