რატომ შეჩერდა გორის მერის "ლაივსტრიმი" და რას ფიქრობენ მოქალაქეები

გორის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, კონსტანტინე თავზარაშვილი მოქალაქეების შეკითხვებს თვეში ერთხელ ფეისბუქ-ლაივის საშუალებით პასუხობს. თუმცა კონტსტანტინე თავზარაშვილმა მერობის პერიოდში სულ ასეთი 6 ეთერი ჩართო.

რადიო “მოზაიკა“ დაინტერესდა, არიან თუ არა მოქალაქეები ინფორმირებულნი მერის ლიავისტრიმის შესახებ და ადევნებენ თუ არა თვალს პირდაპირ ეთერს. თორნიკე პეტრემღვდლიშვილი ამბობს, რომ მერის ლაივსტრიმს ბოლოს რამდენიმე თვის წინ უყურა.

“რამდენჯერმე ვუყურე, თუმცა ბოლო დროს არ შემხვედრია სოციალურ ქსელში. კიდევ თუ ექნება მსგავს ფორმატში ვიდეო, კითხვას აუცილებლად დავუსვამ, სოფლებში ნარჩენების პრობლემასთან დაკავშირებით. ჩემს სოფელში, ურნები დგას, მაგრამ არასაკმარისია და თუ აპირებენ, რომ დაამატონ, ეს მაინტერესებს“, - გვითხრა თორნიკემ.

ჟანა ოდიაშვილს მერის ლაივსტრიმი არ უნახავს, თუმცა ამბობს, რომ ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში მას გორის განვითარების გეგმის შესახებ ჰკითხავს.

“არ მიყურებია არასდროს, თუმცა მსმენია, რომ მსგავსი პრაქტიკა არსებობს. ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული კითხვით მივმართავდი, რას გეგმავს გორის მომავალი განვითარებისთვის, როგორ შეუწყობს ხელს ახალგაზრდების ცხოვრებას, რომ დედაქალაქიდან გორში დაბრუნდნენ“, - ამბობს ჟანა ოდიაშვილი.

გამოკითხულთა ნაწილს გორის მერის ბოლო ლაივსტრიმის გახსენება გაუჭირდა.

თამარ უთნელიშვილი ამბობს, რომ მოქალაქეებისთვის პირდაპირ ეთერში კითხვის დასმის საშუალება გამჭვირვალე თვითმმართველობის ერთ-ერთი წინაპირობაა.

“ნამდვილად ვერ ვიხსენებ, ბოლოს როდის ვუყურე მერის პირდაპირ ეთერს ფეისბუქში, მაგრამ ადრე თვალს ვადევნებდი ხოლმე. ამ ბოლო დროს არ მახსენდება, მსგავსი შემთხვევა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა მოქალაქეებისთვის. ძალიან კონფორტული საშუალებაა მოსახლეობისთვის მერთან ურთიერთობისთვის“, - ამბობს თამარ უთნელიშვილი.

უკვე 5 თვეა, გორის მერს მოქალაქეების შეკითხვებისთვის სოციალური ქსელის საშუალებით არ უპასუხია, თუმცა კონსტანტინე თავზარაშვილმა რადიო “მოზაიკას“ უთხრა, რომ პირდაპირი ეთერი გასულ თვეს ჰქონდა. მერიის ოფიციალურ გვერდზე მერის ბოლო ლაივ-ვიდეო გასული წლის სექტემბრის შემდეგ აღარ დევს.

"ბოლო ლაივსტრიმი ერთი თვის წინ ჩავწერე. ახლა არ ვარ გორში და რომ ჩამოვალ, კიდევ ჩავწერ", - აღნიშნა კონტანტინე თავზარაშვილმა.

როგორც მერიაში განმარტავენ, ლაივ სტრიმის ჩასართავად ხარჯის გაწევა არ უწევთ - პირდაპირი ეთერს ტექნიკურად მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი უზრუნველყოფს.

“ერთი ადამიანი უზრუნველყოფს ლაივის ტექნიკურად გამართვას, არანაირი ხარჯის გაწევა არ გვიწევს“, - ამბობენ მერიაში.

ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარე წელს რა დროიდან განაახლებს გორის მერი პირდაპირ ეთერში მოსახლოების კითხვებზე პასუხის გაცემას.

კონსტანტინე თავზარაშვილმა, მერობის პერიოდში, ლაივ-ვიდეოების ჩართვა 2017 წლის ნოემბრიდან დაიწყო.

გორის მერიაში პირდაპირი ეთერის პრაქტიკა 2016 წელს, მისი წინამორბედის ზურაბ ჯირკველიშვილის მერობის პერიოდში დაინერგა.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 610 times Last modified on მარტი 25 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი