მუნიციპალური ტრანსპორტის საჭიროება - რა სურთ მოქალაქეებს და გორის მერის პასუხი

გორში მუნიციპალური ტრანსპორტის საჭიროებაზე მოქალაქეები დიდი ხანია საუბრობენ. ეს საკითხი განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობას აწუხებს.

ქალაქში სამსახურში თუ სასაწავლებლად ჩამოსულ ადამიანებს საღამოს სახლში დაბრუნებისთვის ხშირად დამატებითი ხარჯის გაწევა უწევთ.

ლაშა ხომასურიძე სამსახურიდან სახლში დასაბრუნებლად საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს. ის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს. მისი სამუშაო დღე საღამოს 6 საათზე მთავრდება და ხშირად სახლში დასაბრუნებლად ტაქსის დაქირავება უწევს.

“ჩემი სამსახურის გრაფიკიდან გამომდინარე, ხშირად ხდება ისე, რომ სოფლისკენ მიმავალ ავტობუსს, რომელიც ბოლოს 6 საათზე გადის, ვეღარ ვასწრებ და იძულებული ვარ, ტაქსი დავიქირაო. ჩემს სოფლამდე ტაქსით მგზავრობა მინიმუმ 10-12 ლარი ჯდება და თვის განმავლობაში ეს საკმაოდ დიდი ხარჯია“, - გვითხრა ლაშამ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართაობა და მოქალაქეების საჭიროებებისთვის შეუსაბამო გრაფიკი პრობლემებს გორში მცხოვრებლებსაც უქმნის. მაია ბოლაშვილის თქმით, საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა  არაკომფორტულია.

“ საშინლად მოუწესრიგებელია ის მიკროავტობუსები, რომელიც ქალაქში დადის. შეიძლება ითქვა, რომ უმეტესი მათგანი არის მწყობრიდან გამოსული. სკამები არის ძველი, გაფუჭებული, ზოგ მათგანში იატაკია დაზიანებული და ასე შემდეგ... გარდა ამისა, საღამოს საათებში თითქმის აღარ დადის და გვიწევს დიდ ხანს ლოდინი, ან ტაქსით გადაადგილება“,  - ამბობს მაია ბოლაშვილი.

მუნიციპალური ტრანსპორტის საჭიროებაზე დიდი ხანია საუბრობენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც. საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან“ ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ გორის მერიას ამ პრობლემის გადაჭრა მიზნობრიფი ტრანსფერის საშუალებით შეუაძლია.

“გორის მერიას მარტივად შეუძლია მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა ბიუჯეტიდან მორჩენილი და აუთვისებელი თანხებით მოაგვაროს, ასევე შესაძლებელია, რომ მოითხოვოს მინზნობრივი ტრანსფერი და შემოიყვანოს მუნიციპალური ტრანსპორტი“, - აბმობს ბექა ქორჩილავა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემაზე  მუშაობს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოც. საბჭოს წევრის, ნინო გიორგაძის თქმით, ამ საკითხზე შესაბამისი რეკომენდაციებს მერთან წარსადგენად უკვე ამზადებენ.  

“ჩვენ შევხვდით მერიის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლებს და ასევე კერძო სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს. ორივე მხარის პოზიცია მოვისმინეთ და ამის მიხედვით ვმუშაობთ შესაბამის რეკომენდაციებზე, რომელსაც შემდეგ მერს წარვუდგენთ. შემდეგში ვგეგმავთ, რომ გაერთიანებული შეხვედრა მოვაწყოთ მერიის წარმომადგენლებთან და კერძო კომპანიებთან და იმედი გვაქვს, რომ გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება“, - ამბობს ნინო გიორგაძე.

გორის მერიაში ამბობენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანას ხელს კანონმდებლობა უშლის, რომლის მიხედვით, აღნიშნული ფორმით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებშია. გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ქალაქისა და სოფლების მოსახლეობას კერძო სატრანსპორტო კომაპანიები ემსახურებათ, რის გამოც, მერიას მათ მუშაობაში ჩარევის უფლება არ აქვს.

“ამ შემთხვევაში კანონშია ცვლილებია შესატანი, რადგან ამ კანონის მიხედვით, მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებს აქვთ უფლება, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ყავდეს. თუკი გასწორდება ეს კანონი და შეიტანენ ცვლილებას, მაშინ შეგვეძლება ამ საკითხზე ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, მოსახლეობას ექმნება პრობლემა, მაგრამ ეს კომპანიები არის კერძო და ამიტომ მათთვის რაიმე სახის რეგულაციის დაწესება არ შეგვიძლია“,  - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა .

კანონმდებლობის მიხედვით, მუნიციპალიტეტს ტრანსპორტის რეგულირების კუთხით, მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების დგომის/გაჩერების წესების დადგენა შეუძლია.  არსებული კანონმდებლობით, გორს მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნა, მხოლოდ თვითმმართველის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში შეეძლება. 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.


Read 640 times Last modified on მარტი 25 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი