400 ლარი ამომრჩეველთან შესახვედრად - საკრებულოს წევრების განმარტებები

აპრილი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საკრებულოს თანამდებობის არმქონე წევრებს, ყოველ თვე, კანონი ამომრჩეველთან მინიმუმ 3 შეხვედრას ავალდებულებს. დეპუტატებმა საკრებულოში, შეხვედრების შესახებ მოხსენებითი ბარათი და არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა წარადგინონ. გორის საკრებულოს წევრებს მოსახლეობასთან შეხვედრების ხარჯებისთვის 400 ლარი აქვთ ბიუჯეტიდან გამოყოფილი.

კახაბერ ედიშერაშვილს 400 ლარიანი ხარჯის თანხა ბოლო სამ თვეში სრულად აქვს აღებული. ამბობს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს სისტემატურად მართავს. 

“ეს თანხა არ არის საკმარისი, ხან მანქანით დავდივარ, ხან ავტობუსით, ხან ვიღაცას გავყვები. ზოგჯერ დღის განმავლობაში 50 კმ - ს გავდივარ. ჭამაც ხომ მინდა, გორში რომ ჩამოვალ, ხალხი დამყავს , გაჭირვებული ვინც არის, წამოვიყვან, მივიყვან. ზოგს მერიაში უნდა მისვლა. ძირითადად კვებაში და საწვავში მიდის ეს თანხა“ , - აღნიშნა კახაბერ ედიშერაშვილმა.

400 ლარიანი ხარჯის მიზნობრიობაზე საუბრობს საკრებულოს წევრი მურაზ ღოლიჯაშვილი. მისი განმარტებით, შეხვედრების დამადასტურებელი დოკუმენტი ამომრჩეველთა ხელმოწერით საკრებულოში პერიოდულად მიაქვს. ბოლო სამ თვეში მას კომისიისა და საკრებულოს სხდომები არ გაუცდენია, ამიტომ უფლებამოსილების განხორციელებისთვის გათვალისწინებული თანხა აღნიშნულ პერიოდში სრულად აქვს მიღებული.

“მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მოხსენებითი ბარათის სახით წარვუდგენ საკრებულოს თავმჯდომარეს პრობლემის შესახებ. ასევე მერიის შესაბამის სამსახურებთან მიმაქვს პრობლემატური საკითხი. მოსახლეობას ძირითადად  გზების, ორმოულების, განათების, ნაგვის ურნების და სასმელი წყალი პრობლემა აქვს“, - თქვა მურაზ ღოლიჯაშვილმა.

კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც თანხის სიმცირეზე საუბრობს, დავით ადუაშვილია. მარტის თვეში მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის ბიუჯეტიდან 320 ლარი მიიღო. 80 ლარი მას სხდომის გაცდენისთვის ჩამოაკლეს.

“საწვავში არ მყოფნის ეს ფული, თითქმის ყოველდღიურად მაქვს მოსახლეობასთან შეხვედრა, გუშინაც უფლისციხეში ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ კვირა იყო და ადგილობრივების პრობლემებს გავეცანი“, - ამბობს დავით ადუაშვილი.

საკრებულოს აპარატის უფროსის განმარტებით, საკრებულოს თანამდებობის არმქონე პირები, მოსახლეობასთან შეხვედრებს მოხსენებითი ბარათით ადასტურებენ, რის საფუძველზეც გაიცემა ხარჯისთვის განკუთვნილი 400 ლარი.

“საკრებულოს წევრები მოხსენებითი ბარათს ჩაურთავენ მოსახლეობასთან შეხვედრის აქტებს. კანონი ფოტოს გადაღებას ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტაციას არ სთხოვს“, - განმარტა ზაზა ნასყიდაშვილმა.

auhhhh

საკრებულოს თავმჯდომარე კი იმ ეტაპებს განმარტავს, რასაც დეპუტატების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემები საკრებულოში გადის.

“საკრებულოს არათანამდებობის მქონე პირები, მოდიან საკრებულოში უამრავი პრობლემით, რაც სოფლის მოსახლეობას აწუხებს. ეს არის ინფრასტრუქტურული, სოციალური, წყლის პრობლემა. ეს ყველაფერი მოხსენებითი ბარათით მოაქვთ ჩემთან, რომელიც ოქმებით არის გამყარებული. ვუკეთებ აკუმულაციას და ვაგზავნი მერიაში, გარკვეული მითითებებით“, - აღნიშნა დავით რაზმაძემ.

რა უჯდებათ დეპუტატებს თვის განმავლობაში საწვავის შეძენა და მაქსიმუმ რამდენს ხარჯავენ ისინი კვებაში მაშინ, როცა კანონი მათ თვეში სამი შეხვედრის მოწყობას ავალდებულებს , ამის დასადგენად რადიო “მოზაიკამ“ მაქსიმალური მონაცემები გამოიყენა. მაგალითად ყველაზე შორ სოფელში გადაადგილების შემთხვევაში შეძენილი საწვავის ოდენობა 20 ლიტრს არ სცდება, რაც მაქსიმუმ 50 ლარის გადახდას გულისხმობს, ამდენივეს თუ კვების თანხაში გავითვალისწინებთ, გამოდის რომ თვეში საკრებულოს რიგითი წევრის მაქსიმუმი დანახარჯი 300 ლარს არ სცდება. აქვე გასათვალისწინებელია ისიც,  რომ საკრებულოს წევრებს ყოველთვის შორ მანძილზე გადაადგილება არ უწევთ. შეხვედრის დამადასტურებელ მასალად კი მათ არც ფოტო და არც ვიდეო მასალა მოეთხოვებათ, მინიმუმ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით შედგენილი ოქმები კი ხარჯისთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრიობაზე გარკვეულ კითხვებს აჩენს. თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი