Print this page

გორის მერიის თანამშრომლებს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ - ოპოზიციის ბრალდებები

მაისი 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

ნაციონალური მოძრაობა გორის მერს და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს პარტიის კოორდინატორების დასაქმებაში ადანაშაულებს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვასილისა ჯაბახიძე გორის მერის მოადგილეს, ეკატერინე სუხიშვილს და მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს, რამაზ შიოშვილს ქართული ოცნების კოორდინატორების დასაქმებაში ადანაშაულებს.

„თუნდაც ავიღოთ კულტურისა და ტურიზმის ა(ა)იპი, აქ მუშაობს თენგიზ ხუბულურის შვილი, ასევე საკრებულოს წევრებიც მუშაობენ, ასევე თამარ მურალოვას ძმისშვილი მუშაობს ამ ა(ა)იპ - ში. ეს კლანი მართავს ა(ა)იპ - ებს და კულტურაში, სადაც 430 ადამიანი ხელშეკრულებით ჰყავთ აყვანილი პასუხს ვერ სცემენ იმაზე, თუ რა საჭიროა ამდენი ადამიანი?! ამაზე პასუხი აქვთ ეკატერინე სუხიშვილს და რამაზ შიოშვილს და ეს პასუხი არის ის, რომ ისინი ქართული ოცნების კოორდინატორებს ასაქმებენ“, - ამბობს ვასილისა ჯაბახიძე.

სასაცილოს უწოდებს ვასილისა ჯაბახიძის განცხადებას ეკატერინე სუხიშვილი. მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯაბახიძე ასახელებს, არც კი იცნობს.

„უკვე სასაცილოა ეს ყველაფერი. ნებისმიერი დაასახელოს, ვინ დავნიშნე მე ა(ა)იპ - ში. არც კი ვიცნობ ამ ადამიანებს, რა შეხება მაქვს მე ა(ა)იპ - ებში ხალხის დასაქმებასთან? მას სურვილი აქვს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ჩირქი მოსცხოს ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ, საქმეს აკეთებენ და რაღაცას ქმნიან, უკვე მარაზმში გადადის ეს ყველაფერი“, - ამბობს გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი.

ვასილისა ჯაბახიძის განცხადებას სიცრუეს უწოდებს მერიის კულტურის სამსახურის ხელმღვანელი, რამაზ შიოშვილიც

„ასე შეიძლება ათასი სისულელე დაწერონ. მე არავინ დამინიშნავს და თუ რამე კონკრეტული არგუმენტი აქვს, გარდა მოსაზრებისა, რომ რამაზ შიოშვილმა დანიშნა ოცნების კოორდინატორები, კი ბატონო, მაგრამ მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა რამაზ შიოშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს დაფინანსება წელს 98 ათას 900 ლარითაა გაზრდილი. ა(ა)იპ - ში სულ 461 ადამიანია დასაქმებული, აქედან მხოლოდ 48 არის შტატიანი თანამშრომელი.