"უკვდავი პოლკის" მსვლელობა გორში და საზოგადოების ნაწილის პროტესტი

მაისი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

9 მაისს გორში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში "უკვდავი პოლკის" მსვლელობა იგეგმება. "უკვდავი პოლკი" რუსული პროექტია, მაგრამ ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაშიც ტარდება. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ - გვერდზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებადაა მოხსენიებული.

"უკვდავი პოლკი" გორში პირველად 2018 წელს გამოჩნდა. წელს ორგანიზატორები, 9 მაისს, მსვლელობას საბჭოთა სიმღერების ფონზე აპირებენ. 

მსვლელობამ, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს, საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია. "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი, ნინო დალაქიშვილი თვლის, რომ "უკვდავი პოლკის" მსვლელობის გამართვა საქართველოსთვის მძიმე შედეგებს მოიტანს

„ეს არ არის ის, რომ ვიღაცას რუსეთში და მოსკოვში გული შესტკივა ჩვენს ვეტერანებზე, ისინი ამ სენტიმენტებს იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს რუსეთისთვის დამახასიათებელია და პირველი შემთხვევა არ არის. რუსული საბჭოური ნარატივების გასაღვიძებლად გამოიყენოს ის ადამიანები, ვისაც გარკვეული სენტიმენტები აკავშირებს მეორე მსოფლიო ომთან“ , - ამბობს ნინო დალაქიშვილი.

საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ზაზა ცოტნიაშვილი წარმოშობით ცხინვალიდან არის. მისი აზრით, „უკვდავი პოლკი“ არის რუსული პროექტი, რომლის მიზანია პროპაგანდა.

„ისინი 9 მაისს აქტიურად იყენებენ პროპაგანდის მიზნით, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელსაც აქვს წარსულზე და განსაკუთრებით საბჭოთა კავშირზე ნოსტალგიური ემოციები და ამ ემოციებზე თამაშობენ. რუსეთის იდეოლოგია არის რუსული იმპერიული პოლიტიკის განვითარება სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ საქართველოში და მათი [უკვდავი პოლკის] დანიშნულება არის, რომ რუსულ ორბიტაზე მაქსიმალურად მეტი ადამიანის დაბრუნება შეძლონ, რაც არის კრემლის პოლიტიკის ნაწილი“, - აცხადებს ზაზა ცოტნიაშვილი.

"რუსეთის რბილი ძალა" - ასე აფასებს გორის მკვიდრი თამარ თედლიაშვილი ორგანიზაცია "უკვდავ პოლკს". თედლიაშვილს მიაჩნია, რომ ნაომარ ქალაქში მსგავსი ორგანიზაციის გამოჩენა მორალურადაც გაუმართლებელია.

„ჩემი პატივისცემა ეკუთვნის ვეტერანებს. ეს იყო მათი ბრძოლა, მათი წვლილი შეუფასებელია და 9 მაისი უნდა აღინიშნოს ღირსეულად. რუსეთის დესანტი „უკვდავი პოლკის“ სახით არის "რბილი ძალა", რომლის მიმართ არსებობს საზოგადოების უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება და ეს ბუნებრივია, რადგან პოლკი არის კრემლის პროპაგანდის ნაწილი. ამიტომ ნაომარ ქალაქში მათი გამოჩენაც კი დაუშვებელია. ოკუპანტი ქვეყნის „უკვდავი პოლკის“ ადგილი საქართველოში არ არის, მით უფრო გორში. მათი გადაადგილება სამართლიან პროტესტს გამოიწვევს", - ამბობს თამარ თედლიაშვილი.

ორგანიზაციის გამოჩენა საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად მიაჩნია რესპუბლიკური პარტიის წევრს, ლექსო ვალიაურს. მისი აზრით, სახელმწიფო ვერ ახერხებს კანონის აღსრულებას, რომელიც უკავშირდება საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვას.

„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ამასთან ერთად მნიშვნელოვანი არის, რომ სიმბოლიკა, რომლის გამოყენებაც მსგავს აქციებზე ხდება, არის აკრძალული. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების პრობლემა არის ის, რომ ვერ ახდენს მსგავსი ქმედებების აკრძალვას, სახელმწიფო ვერ ახერხებს კანონის დაცვას“, - ამბობს ლექსო ვალიაური.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი ამბობს, რომ უხეშად ირღვევა თავისუფლების შესახებ ქარტია კანონი.

„თავისუფლების შესახებ ქარტია არის საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას და სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოახერხეს ძალოვანმა უწყებებმა, რომ ეს კანონი შესრულდეს და აეკრძალოთ ადამიანებს ამ სიმბოლიკის გამოყენება“, - აცხადეს მერებაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ "უკვდავთა პოლკს" და სხვა ორგანიზაციებს კანონით აკრძალული საბჭოთა კომუნისტური და ტოტალიტარული სიმბოლოების გამოყენების თაობაზე ოფიციალური გაფრთხილება გაეგზავნათ. 

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი