Print this page

რატომ უნდა შეეცვალოს გორში, სტალინის გამზირს სახელი?

მაისი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საზოგადოების ნაწილი გორში, სტალინის გამზირისთვის სახელის გადარქმევას ითხოვს. ამ მოთხოვნით, დღეს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქცია-პერფომანსი მოეწყო.

ღონისძიების მთავარი გზავნილის ადრესატი ადგილობრივი ხელისუფლება იყო.

"მერო, საკრებულოვ, გადაარქვი ამ ქუჩას სახელი", - ეწერა ტრანსფარანტზე, რომელიც პერფომანსის ორგანიზატორებმა საჰაერო ბუშტებით გორის საკრებულოს შენობის წინ აუშვეს.

აქცია-პერფომანსი საინიციატივო ჯგუფმა "მარო" დაგეგმა, თუმცა მას სამოქალაქო აქტივისტებიც შეურთდნენ.

"ჩვენ ამას უკვე 4 წელია მოვითხოვთ, რადგან ქვეყანას, რომელსაც დასავლური კურსი აქვს აღებული, საბჭოთა დიქტატორის სახელობის ქუჩები არ უნდა არსებობდეს", - ამბობს "მაროს" ერთ-ერთი წევრი თეონა ფანქველაშვილი.

დღევანდელი აქცია-პერფომანსის მოთხოვნას კანონიერად აფასებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ლექსო მერებაშვილი. დღევანდელ ღონისძიებას ის, საკუთარ შვილთან ერთად, შეურთდა.

"დღევანდელი აქცია-პერფომანსი იყო კანონის აღსრულების მოთხოვნა. შესაბამისად, ეს არის კანონიერი. ხოლო, ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობა არის უკანონო, რადგან არც მერია და არც საკრებულო არ ზრუნავს იმაზე, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩას შეუცვალოს სახელი, რასაც კანონი "თავისუფლების ქარტია" მოითხოვს", - ამბობს იურისტი.

ინფორმაციისთვის:

2009 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "თვაიუსფლების ქარტია". 

"ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ეფექტიანი ამოქმედება და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა", - ვკითხულობთ კანონის პირველივე მუხლში. 

ამავე თემაზე: კანონი "თავისუფლების ქარტია"

"ქუჩისთვის სახელის შეცვლა არ არის ჩვენი ახირება. ამას მოითხოვს კანონი და ჩვენ ვითხოვთ მის აღსრულებას. ამის შესაძლებლობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას. სწორედ ამიტომ მივმართავთ გორის მერს და საკრებულოს, რომ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ გორის ცენტრალური ქუჩის სახელი. ჩვენ არ მოვითხოვთ ქუჩისთვის კონკრეტული სახელის დარქმევას", - ამბობს "მაროს" წევრი ნინო დალაქიშვილი. 

საზოგადოების ნაწილი გორში, სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას, უკვე წლებია, ითხოვს. ისინი ამ მოთხოვნით, სხვადახვა სახის ღონისძიებებს აწყობენ, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ეს საკითხი დღისწესრიგში არ დამდგარა.