დაგნის სტრაუსბერგი - 5-ჯერ არჩეული მერის გამოცდილება და რეკომენდაცია გორისთვის

მაისი 29 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დაგნის სტრაუსბერგი სალაცგრივას მუნიციპალიტეტის მერია. ლატვიის ერთ - ერთი პატარა ქალაქია სალაცგრივა და გორი 2017 წლიდან, დაძმობილებულ ქალაქებად ითვლებიან.

"გორში ვიზიტის შემდეგ, ჩემს მშობლებს, ბებიებს და პაპებს მოვუყვები ერთ პატარა, ლამაზ ქალაქზე" - ასე იწყებს ლატვიის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის - სალაცგრივას მერი დაგნის სტრაუსბერგი, გორის დემოკრატიის სკოლის მსმენელებთან საუბარს. ზედიზედ ხუთჯერ არჩეული ქალაქის მერმა საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლო არ ვცხოვრობთ, ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები. მაგალითად, ის, რომ ლატვიაც და საქართველოც ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისთვის. ორივეს საბჭოთა წარსული გვაქვს".

დაგნის სტრაუსბერგმა შესვენებისთვის გამოყოფილი ერთი საათი დემოკრატიის სკოლის მსმენელებს დაუთმო. სპეციალურად მომზადებული პრეზენტაცია სალაცგრივას მუნიციპალიტეტის მცირე აღწერით დაიწყო.

სალაცგრივას მუნიციპალიტეტი ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია,რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ვიძემეს რეგიონში. მხარე მოიცავს 3 თემს და ორ ქალაქს — აინაჟსა და სალაცგრივას. ესაზღვრება ლიმბაჟისა და ალოიის მხარეები ლატვიაში და პიარნუმიის მაზრა ესტონეთში.

სტრაუსბერგი ამავდროულად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელია. პროფესიით არქიტექტორია და თავდაპირველად სწორედ ქალაქის არქიტექტურული დაგეგმარების მიმართულებით მუშაობდა. როგორც თავად ამბობს, როგორც პოლიტიკოსისთვის, მისთვის პრიორიტეტული არის ადამიანი.

"ადამიანებზე ზრუნვა არის უპირველესი. სანამ გზებზე და ინფრასტრუქტურაზე ვიფიქრებთ, მანამდე უნდა ვიფიქროთ ადამიანის პირველად საჭიროებებზე. ადამიანებზე, რომლებიც საერთო ჯამში ქმნიან ძლიერ საზოგადოებას"

დემოკრატიის საწყისებზე საუბრისას, იგი იხსენებს მუნიციპალიტეტისთვის კრიზისულ პერიოდს, როდესაც რუსეთმა მათთან სავაჭრო ურთიერთობები გაწყვიტა. იგი თავის თავს და კოლეგებს ხუმრობით "სულელებად" მოიხსენიებს, რადგან იმ მომენტისთვის წარმოდგენა არ ჰქონდათ, როგორ ემოქმედათ ქალაქის გადასარჩენად.

"საბჭოთა კავშირის შემდეგ ახალ რელსებზე გადასვლა ძალიან რთული იყო. მთავარი იყო დემოკრატიის დამყარება, რომელიც გარედან არ შემოდის. ეს საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა შექმნას", - ამბობს სტრაუსბერგი.

როგორც თავად ამბობს, დიდხანს აღარ დააყოვნა და მოიფიქრა მექანიზმი, რომელიც ერთდროულად დემოკრატიის საწყისიც აღმოჩნდა და ასევე, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი გამოსავალი. "თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ რისი გაკეთება გსურთ" - უთხრა ქალაქის მერმა მოსახლეობას. ასე დაიწყო სალაცგრივაში "ხალხის მმართველობა".

"ეს იყო ის მომენტი, როცა დემოკრატია დაიწყო. ჩვენ შევქმენით საკონსულტაციო საბჭოები თითოეული დარგის მიმართულებით, რათა მათგან მიგვეღო კალიფიციური რჩევები სამომავლოდ. მრჩეველთა საბჭოები - ეს არ არის პოლიტიკური საბჭოები, ეს არის ჩვეულებრივი ორგანიზაციები, რომელშიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობაა გაწევრიანებული".

სტრაუსბერგისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა დაიწყონ ფიქრი მუნიციპალიტეტის შესახებ. მისი აზრით, ახალგაზრდების ჩართულობა უნდა იყოს მაღალი.

"ასაკობრივი სხვაობის გამო,ინტერესებიც განსხვავებულია, ამიტომ ახალგაზრდების ხმა ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის, რადგან ასაკით უფროსებმა არ იციან რა აინტერესებთ ახალგაზრდებს".

სტრაუსბერგი ამბობს, რომ მწვანე პოლიტიკა და ალტერნატიული ენერგიის წყაროები მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ელექტრომობილების შესყიდვა სალაცგრივაში განსაკუთრებით დაბალ ფასადაა შესაძლებელი.

"ელექტრომობილების შესყიდვაზე მოქალაქეები განსაკუთრებული შეღავათით სარგებლობენ, მანქანის ყიდვისას მოქალაქე მიზერულ თანხას იხდის, რადგან დიდ ნაწილს ადგილობრივი ბიუჯეტი და ევროკავშირისგან მიღებული დახმარება ფარავს".

იგი ამბობს, რომ უშუალოდ მერიის მუშაობას დეტალურად არ იცნობს, თუმცა მერიას რჩევას აძლევს. მისი აზრით, გორის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ევროკავშირის გრანტებს.

"თავის დროზე, გერმანიის ერთ-ერთი ქალაქის მერი ჩვენ დაგვეხმარა სხვადასხვა გრანტების მოპოვებაში. ეს ჩვენს ქალაქს ძალიან დაეხმარა. დღეს მზად ვარ, მე თქვენ მოგეხმაროთ".

ინფორმაციისთვის, სალაცგრივა და გორი 2017 წლიდან, თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, დაძმობილებულ ქალაქებად ითვლებიან.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი