გორელი ჟურნალისტის კარიერა ფიზიკური შეურაცხყოფების კვალდაკვალ

ივნისი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი, საბა წიწიკაშვილი პოლიციელებს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ათამდე პოლიციელი დაესხა თავს და ცდილობდა მისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას.


საბა წიწიკაშვილის ჟურნალისტურ საქმიანობაში მსგავსი შემთხვევები წარსულშიც გვხვდება. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ წიწიკაშვილზე ძალადობის ფაქტების ქრონოლოგიას:


2008 წლის 1-ლი სექტემბერი


„კარალეთის საგუშაგოსთან წინა რიგში ჟურნალისტების გვერდით ვიდექი. ჩემს გვერდით "მრავალეროვანი საქართველოს" შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი არინა თავაქარაშვილი იდგა. ტელეფონით სურათებს ბავშვებს ვუღებდი, რომლებიც მტრედებს გასაფრენად ამზადებდნენ. მოულოდნელად გვერდიდან ხელი მკრეს, მოვიხედე და ლადო ვარძელაშვილი შემრჩა. მე არაფერი მითქვია, ჩემი საქმე გავაგრძელე. ახლა მეორე გვერდიდან ვიგრძენი ხელის კვრა, მოვიხედე და ისევ ვარძელაშვილი შემრჩა, ბიჭო შენ არ გესმის, რომ აქედან უნდა წახვიდეო. გუბერნატორს ვუპასუხე, რომ მე არსადაც არ წავიდოდი. ამაზე დამიღრიალა, ბიჭო ეხლა ბევრს ნუ ლაპარაკობ, თორემ გაგიგდებ წიხლის ქვეშო."


წიწიკაშვილი ყვება, რომ გუბერნატორის მუქარას მათთან მისული ზურაბ ჩინჩილაკაშვილიც შეუერთდა "შე ახვარო, იცოდე ყოველდღე გინება და ცემა გაქვს გამოწერილი", უთქვამს გუბერნატორის მოადგილეს ჟურნალისტისთვის.საბა წიწიკაშვილის თქმით, ჩინჩილაკაშვილმა მას ზედა მაისურზე მოქაჩა, იგინებოდა და აქეთ-იქით ახეთქებდა. გუბერნატორის მოადგილეს "თბილისელი აქტივისტიც" წამოეხმარა. (media.ge)


2010 წლის 22 იანვარი

საჯარო ინფორმაციის გამოსათხოვად სამხარეო ადმინისტრაციაში მისული წიწიკაშვილი შენობის დაცვამ კიბიდან დააგორა და სცემა:

”ხელი დამარტყა დაცვის ბიჭმა, რომელთანაც მანამდეც მქონდა კონფქლიტი. შემაგინა, კიბეზე დამაგორა და ჯერ ბოძს, შემდეგ კარს მიმაჯახა, შემდეგ ზურგში ხელების რტყმა დამიწყო..”. (www.radiotavisupleba.ge)


2012 წლის 12 ივლისი

გორის რაიონის სოფელ კარალეთში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი ცემეს. ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა კარალეთის რწმუნებულმა მიაყენა. საბა წიწიკაშვილი გორის საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

წიწიკაშვილის ჟურნალისტურ კარიერაში მკვლელობის მუქარაც გვხვდება. ამის შესახებ, პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას. წიწიკაშვილის თქმით, 2006 წლის 13 თებერვალს, დიდი ლიახვის ხეობის სამხედრო პოლიციის იმდროინდელმა უფროსმა ბონდო ხუცინაშვილმა მისი მისამართით მობილური ტელეფონის საშუალებით მუქარა განახორციელა. ბონდო ხუცინაშვილის მიერ განხორციელებული მუქარა გაზეთ ,,ახალ ვერსიაში” მის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას - ,,კონფლიქტის ზონაში სამხედრო პოლიცია ძლიერდება” – მოჰყვა.

,,რა, დაწერე ბიჭო ,,ვერსიაში”?! ჩამოგათრევ ხეობაში და თავს მოგაჭრი...” – და ა.შ. ჟურნალისტმა საჩივარში მიუთითა, რომ ბონდო ხუცინაშვილის ზარი ხუთჯერ განმეორდა და ფაქტი შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის პრესსამსახურში მოხდა. იმ დროისათვის პოლიციის პრესსამსახურის ოთახში თვით პრესსამსახურის უფროსი და სხვა პირებიც იმყოფებოდნენ.

საბოლოოდ, ბონდო ხუცინაშვილმა დაკითხვაზე მხოლოდ ის აღიარა, რომ ჟურნალისტს უსაყვედურა.

 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი