Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 18 ივნისი 2019 15:05

"ნებიერა" - ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილი რძის საწარმო გორში

Rate this item
(0 votes)

"ნებიერა" ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა. რძის საწარმო, რომელსაც 10-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული, ყოველ დღე ერთ ტონაზე მეტ რძეს ამუშავებს. "ნებიერას" პრუდუქციით გორის საბავშვო ბაღები მარაგდება.

საწარმო გორის უნივერსიტეტის ბაზაზეა, თუმცა 2016 წელს, 6 წლიანი მმართველობის პირობით, კერძო პირზე ტენდერის საშუალებით გაიცა. რძის საწარმო ყოველდღიურად ერთ ტონამდე რძეს ამუშავებს. პროდუქციით კი გორის საბავშვო ბაღებს ამარაგებს. რძე, ყველი, მაწონი და არაჟანი - "ნებიერას" მიერ წარმოებული რძის ნაწარმი გორის მაღაზიებშიც გამოჩნდა.

"ვაწარმოებთ რძის პროდუქციას ადგილობრივი ნედლეულით. დღიურად ჩვენ დაახლოებით 900 ლიტრამდე ნედლ რძეს ვამუშავებთ. ჩვენ ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქცია შეგვაქვს გორის 60 - მდე ბაღში. გორში გვაქვს 3 - 4 წერტილი, სადაც იყიდება ჩვენი პროდუქცია გორის მაღაზიებში. ჩვენ ვაწვდით მყიდველს ნატურალურ რძეს, რომელსაც შენახვის ვადა აქვს 5 დღე. ვაწარმოებთ ხაჭოს, ყველს, პასტერიზებულ რძეს, არაჟანს და სამნაირ ყველს. ეს ყველაფერი არის ადგილობრივი ფერმერებისაგან ჩაბარებული ნედლი რძით დამზადებული", - ამბობს ირმა კიტრიაშვილი.

 ზაზა ონიანი რძის საწარმოს ტექნოლოგია. ამბობს, რომ ფერმერებისგან ჩაბარებულ რძეს გადამუშავებამდე საფუძვლიანად ამოწმებენ. მისივე თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ლაბორატორიულად შემოწმების შემდეგ ნედლეულმა ვერ დააკმაყოფილა შესაბამისი ნორმები და შემდეგ გაუნადგურებიათ.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროდუქტი იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი. ჩვენი პროდუქტით მარაგდება გორის საბავშვო ბაღები და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მიღებული ნედლი რძე იყოს ხარისხიანი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც რძეს ვერ დაუკმაყოფილებია ის მოთხოვნები, არის სტანდარტით განსაზღვრული და იძულებულები გავხდით უკან დაგვებრუნებინა ფერმერებისთვის, რათა შემდგომ განადგურებულიყო. საწარმოს აქვს შიდა სტანდარტი, რომელიც ემთხვევა სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სტანდარტებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი სტანდარტები მაქსიმალურად შევუსაბამოთ სახელმწიფო სტანდარტებს", - ამბობს ზაზა ონიანი

შპს "ნებიერაში" ამჟამად 10 ადამიანი მუშაობს. დანადგარები, რომლითაც რძეს ამუშავებენ, თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ამის მიუხედავად, "ნებიერას" მენეჯმენტი საწარმოს გადაიარაღებას გეგმავს. "ნებიერას" დირექტორი ამბობს, რომ ახალი დანადგარების დამონტაჟების შემდეგ გაიზრდება წარმადობა და დასაქმებულთა რიცხვიც გაორმაგდება.

"ნებიერა" რძის ნაწარმის ყველა გამოფენაში იღებს მონაწილეობას. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მათი პროდუქციის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება.