"დინასტია" - კოოპერატივი, რომელიც საზოგადოებას რუსულ ოკუპაციას ახსენებს

ივნისი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ჩირი, ჩურჩხელა, ტყლაპი, თათარა, მურაბა და ჩიფსი, - ამ ყველაფერს გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ დვანში, პატარა კოოპერატივი, "დინასტია" აწარმოებს. ნაწარმის შეფუთვაზე დატანილი წარწერა "20% of Georgia is occupied by Russia" საზოგადოებას ახსენებს, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 

სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივი 2015 წლიდან მუშაობს. საწარმოში 9 ადამიანია დასაქმებული და სრული დატვირთვის შემთხვევაში, წელიწადში 360 ტონა ნედლეულის გადამუშავება შეუძლია.

dinastia 12

"ჩვენი წარმოება 2009 წელს დაარსდა. ეს იყო ხილის გადამამუშავებელი ექსპერიმენტალური წარმოება. აქ ქარხნული წესით მზადდება ჩურჩხელები, ტყლაპები, ჩირები და მშრალი მურაბები. 2015 წლიდან გახდა სასოფლო -სამეურნო კოოპერატივი, სადაც დასაქმებულნი არიან კოოპერატივი წევრები", - ამბობს იური კოპაძე. ის კოოპერატივის ხელმძღვანელია. 

 იურის თქმით, საწარმო, წინა წლებთან შედარებით, ბევრად ნაკლები დატვირთვით მუშაობს. მიზეზი მარტივია - სავაჭრო ქსელებმა კოოპერატივს იმ თანხის გადახდა დაუგვიანეს, რომელიც ჩაბარებული პროდუქციის რეალიზების შემდეგ უნდა მიეღო.

"2012-2013 წლებში, 250-270 ათას ლარზე იყო წლიური ბრუნვა. ახლა შემცირებულია წარმოება, რადგან სხვადასხვა სავაჭრო ქსლებიდან, რომლებსაც ჩავაბარეთ პროდუქცია, თანხებს ვერ ვიღებთ უკან. საკმარისზე ბევრია დავალიანება ჩვენ მიმართ და ამის გამო შემცირებულია წარმოება".

ფინანსური სირთულეების მიუხედავად, "დინასტიას" მენეჯმენტი რებრენდინგს მაინც გეგმავს. მალე ცენტრალურ მაგისტრალზე მათი საფირმო მაღაზია აშენდება, სადაც კოოპერატივში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება. გარდა ამისა, მთლიანად შეიცვლება პროდუქციის შეფუთვაც, რომელიც ხაზ გაუსვამს, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 

"ჩვენ ახლა ვაპირებთ ავიღოთ სესხი და დავიწყოთ საწარმოს რებრენდინგი, მთლიანად უნდა შევცვალოთ შეფუთვა და განახლდება პროდუქცია. სულ მოკლე ხანში გვექნება ჩვენი საფირმო მაღაზია, სადაც მოხდება ჩვენი პროდუქციის გაყიდვა. ეს იქნება ავტობანზე, მოლაპარაკება მიმდინარეობს და წარმატებითაც დასრულდება".

din din dinastia

კოოპერატივის დირექტორი ამბობს, რომ მსხვილი შეკვეთებისთვის მზად არიან. შესაბამისი გამოცდილება მათ გასულ წლებში მიიღეს.

"მაგალითად, იყო პერიოდი, როდესაც ერთი დღე-ღამის განმავლობაში ვაწარმოეთ 4 000 ჩურჩხელა. იყო ასეთი ტენდერი, რომელშიც გავიმარჯვეთ და სრულიად თავისუფლად გავართვით თავი. საწარმოს დანადგარები შეიძლება ცოტა მოძველებულია, მაგრამ თვითონ მასალები აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რაც საჭიროა ამ პროდუქციის წარმოებისათვის".

"დინასტიაში" ირწმუნებიან, რომ მათი პროდუქცია ჯერჯერობით არავის დაუწუნებია და წარმოებისას ყოველთვის იცავენ სანიტარულ ნორმებს. გარდა ამისა, შეძლებისდაგვარად ამოწმებენ გადასამუშავებელ ნედლეულს.

"ნედლეულის შეძენა ძირითადად ხდება ჩვენი სოფლის მოსახლეობისგან. პროდუქციის წარმოების ჰიგიენური ნორმები არის მაქსიმალურად დაცული. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენი პროდუქცია უკან დაებრუნებინოთ. სურსათის ეროვნული სამსახურიც იყო შემოწმებაზე და დარღვევა ვერ აღმოაჩინა".

კოოპერატივის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ რებრენდინგის შემდეგ საწარმო ფინანსურ სტაბილურობას მიაღწევს. "დინასტიას" მიზანი ადგილობრივ ბაზარზე მათი ნაწარმის ცნობადობის გაზრდა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ პროდუქციის თუნდაც სიმბოლური რაოდენობით გატანაა.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი