დახმარება წამების მსხვერპლთათვის - დისკუსია გორში

ივნისი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

არასამთავრობოები გორის მერიას ურჩევენ წამების მსხვერპლთა დასახმარებლად ბიუჯეტში თანხა გაითვალისწინონ.

26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში "წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი"-ს ინიციატივით შეხვედრა გაიმართა. ცენტრის კოორდინატორის, ნინო ბალოიანის თქმით, შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა.

"ხშირად ამ ადამიანებს წამლის შეძენის საშუალებაც არ აქვთ, კარგი იქნება თუ ადგილობრივ ხელისუფლება ბიუჯეტში გაითვალისწინებს ამას", - განაცხადა ნინო ბალოიანმა.

ამ აზრს იზიარებს საია-ს გორის ოფისის ხელმძღვანელი, ქეთი ბებიაშვილი. მისი თქმით, აუცილებელია სახელმწიფომ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ შექმნას სპეციალური სერვისი წამების მსხვერპლთა დახმარებისთვის.

"მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე და დონორებზე არ უნდა იყვნენ ეს ადამიანები დამოკიდებული, აუცილებელია სახელმწიფომ იზრუნოს მათზე და შეიქმნას სპეციალური სერვისი", - აცხადებს ქეთი ბებიაშვილი.

შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი კარინ ეკლუნდი, რომელმაც ყურადღება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ზრუნვაზე გაამახვილა.

"ჩვენ ხშირად გვიწევს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სტუმრობა, ვხედავთ, რომ მათ მუდმივ შიშში უწევთ ცხოვრება, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების ფსიქო-სოციალური დახმარება, რომლებიც გატაცებულები იყვნენ", - განაცხადა კარინ ეკლუნდმა.

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნინო კანდელაკმა განაცხადა, რომ ისინი აუცილებლად გაუწევენ ამ საკითხს კოორდინაციას.

"მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოფიციალური მოთხოვნით მიმართონ ადგილობრივ ხელისუფლებას, ჩვენ აუცილებლად გავუწევთ კოორდინაციას ამ საკითხს", - აცხადებს ნინო კანდელაკი.

შეხვედრაზე იმყოფებოდა გორის მერის მოადგილე, ეკატერინე სუხიშვილიც. მისი თქმით, მერია ამ საკითხს ორგანიზაციასთან ერთად განიხილავს.

"გორის მერია იზრუნებს იმაზე, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად აისახოს წამების მსხვერპლთა დახმარების საკითხი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა და პრიორიტეტიც სწორედ ეს არის, თითოეული ადამიანი უნდა გრძნობდეს სახელმწიფოს გვერდში დგომას", - განაცხადა ეკატერინე სუხიშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, სამარიტელთა კავშირი, საქველმოქმედო ფონდი "კარიტასი" და სხვა ორგანიზაციები

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი