14 კილომეტრი ცივილიზაციამდე, ანუ მანძილი ოლოზიდან გორამდე

ივლისი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორიდან 14 კილომეტრში მდებარეობს სოფელი, სადაც საბავშვო ბაღი, სკოლა, მაღაზია, აფთიაქი, ნაგვის ურნები და საბავშვო ატრაქციონები არასოდეს ყოფილა.

ხის მორზე ბავშვები ერთმანეთის პირისპირ სხედან. ხელში პატარა კენჭები უჭირავთ და ნარჩენების გროვიდან ქათმის გამოძრომას ელიან. მერე კენჭს ჯერ ერთი ისვრის, შემდეგ - მეორე. იქამდე, სანამ ქათამი კრიახით თვალს არ მოეფარება.

ეს ამ სოფელში ბავშვების ერთ-ერთი გასართობია. აქ საბავშვო ატრაქციონები არ არსებობს. სკოლამდელ განათლებას კი, პატარები მეზობელ სოფელში იღებენ.

"მარშუტკა მოდის და იმით მიგვყვავს ბავშვები ბაღში. მეზობელ სოფელშია და იქ დადიან. სკოლაც იმავე სოფელშია და მოსწავლეებიც 9 წლამდე იქ სწავლობენ", - გვიყვებიან სოფელში.

ოლოზი სოფელი და ცივილიზაცია 3

ოლოზში ამჟამად 40 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა მათი ნაწილი სოფელს მხოლოდ ზაფხულობით, დასასვენებლად სტუმრობს.

"აქ ცხოვრება აღარავის უნდა. აგერ, ჩემმა მეზობელმაც დატოვა სოფელი. ახალგაზრდა გოგოა და აქ რომ ყოფილიყო, რა უნდა ეკეთებინა?! რამდენიმე ოჯახი დავრჩით "ბეღურებივით" და ვცხოვრობთ ამ პრობლემებში", - გვიყვება გულიკო კარელიძე.

ოლოზი სოფელი და ცივილიზაცია

სოფელი გორიდან 14 კილომეტრში, მდინარე ატრევის ნაპირებზე მდებარეობს. ოლოზამდე მისასვლელად, 20 წუთში გასავლელი გზის დაფარვისთვის თითქმის ერთი საათია საჭირო, რადგან გზა ქვა-ღორღიანი და მოუწესრიგებელია.

"ხომ ნახეთ, როგორი გზაა?! წლებია, მაგის გაკეთებაზე მიდის საუბარი, მაგრამ საშველი არ დაადგა. მივიწყებული და უბედური სოფელია, ყველას უჭირს და დალხინებული აქ არავინ ცხოვრობს", - გვეუბნება სულიკო ბედოშვილი.

სოფელში სასურსათო პროდუქტების შეძენა შეუძლებელია - მაღაზია აქ არასოდეს ყოფილა. არც აფთიაქის გახსნა უფიქრია ვინმეს.

"წამალი რომ გინდოდეს, მაგასაც ვერ იყიდი. ყველაფერი დამარაგებული უნდა გქონდეს. შაქარს, ზეთს, ფქვილს - ყველაფერს გორიდან ვეზიდებით. ამის მერე, რაღა გასაკვირია, რომ აქ დარჩენა არავის უნდა", - ამბობენ სოფლის შუაგულში შეკრებილი თანასოფლებები.

ოლოზი სოფელი და ცივილიზაცია 1

ოლოზს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი აქვს, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს მათ სოციალურ მდგომარეობას დიდად ვერ აუმჯობესებს.

"ერთი ეგაა, რომ დენზე გვაქვს შეღავათი, მეტი არაფერი. ჩვენნაირი გაჭირვებული ხალხისთვის ეგეც კარგია, მაგრამ მაინც უამრავი პრობლემა გვაქვს", - გვიხსნის მზია ბედოშვილი.

სოფელში უხვმოსავლიანი მიწები ბევრი არ არის. შესაბამისად, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოყვანილი მოსავალი მხოლოდ ზამთარში თავის გასატანად თუ ჰყოფნით.

"მინაური პირუტყვის ყოლასაც აზრი არ აქვს. საძოვრები თითქმის არ არის. ოლოზის მიწები სულ გაყიდეს, სხვები თიბავენ, მიაქვთ თივა და ჩვენი პირუტყვი ეგრე რჩება", - ჩივიან სოფელში და ოლოზის გარშემო მთის ფერდობებისკენ იშვერენ ხელს.

ოლოზი სოფელი და ცივილიზაცია 4

ოლოზს გარშემო მთები ერტყმის - შერეული ტყეები და გაშლილი მდელოები ყურადღებას გზაშივე იქცევს, თუმცა სოფელში არავინ მალავს, რომ ეს ბუნებრივი სიმდიდრე მათ ყოფას ვერ ამსუბუქებს.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი